JAMnews-ის დაწვრილებითი ანალიზი იმ კითხვის ირგვლივ, რომელსაც ამჟამად სომხეთის მთავრობაც სვამს" />

სომხეთი: რა მოხდებოდა, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რომ არ შევსულიყავით

JAMnews-ის დაწვრილებითი ანალიზი იმ კითხვის ირგვლივ, რომელსაც ამჟამად სომხეთის მთავრობაც სვამს

ფოტო გევორქ ყაზარიანის არქივიდან. გადაღებულია 2012 წელს, სომხეთში, დსთ-ს წვრთნების დროს

ერვანში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელმაც სომხეთის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ორწლიანი წევრობის შედეგები შეაფასა.

მსჯელობის დროს სომხეთის ვიცე-პრემიერმა, რეფორმებისა და საერთაშორისო ეკონომიური ინტეგრაციის მინისტრმა ვაჩე გაბრიელიანმა თქვა, რომ სიტუაციის შესაფასებლად აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული რიგი ფაქტორებისა, თანაც არამხოლოდ კონკრეტული ციფრები, არამედ თანამშრომლობის მთელი კონტექსტი.

ყველა ფაქტორის განზოგადებით, ვაჩე გაბრიელიანმა აღნიშნა: ორი წლის განმავლობაში სომხეთის რესურსები გაფართოვდა, ხოლო იმპორტირებული საქონლის ფასებმა დაიკლო. ამ ფრაზას სახვადასხვა მედია ციტირებდა, თუმცა ქვეყნის რიგითი მაცხოვრებლებისთვის ის თითქმის არაფრის მთქმელი იყო.

JAMnews შეეცადა, ციფრებითა და სხვადსხვა ფაქტორის გათვალისწინებით, გაერკვია, თუ კონკრეტულად რა მიიღო სომხეთმა ამ კავშირის წევრობით. გთავაზობთ ეკონომიკური მიმომხილველის ბაბკენ ტუნიანის ანალიზს, რომელიც მან რამდენიმე ხნის წინათ საგანგებოდ ჩვენთვის გააკეთა.

სტატია პირველად გამოქვეყნდა 20.12.2016

ეს სტატია უკვე მზად იყო გამოქვეყნებისათვის, როდესაც სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 16 დეკემბერს სერჟ სარგსიანმა ევრაზიის ეკონომიკური კომიტეტის კოლეგიის ხელმძღვანელი, ტიგრან სარგსიანი მიიღო. გვერდზე გადავდოთ ოფიციალური ცნობებისათვის დამახასიათებელი სტანდარტული ფორმულირებები და მხოლოდ პრეზიდენტის სიტყვები მოვიყვანოთ. სხვათა შორის, სერჟ სარგსიანის  გამოსვლა საკმაოდ გულწრფელი აღმოჩნდა.

“ჩვენ ერთად ვიდექით სომხეთის ევრაზიულ კავშირში შესვლის პროცესის სათავეებთან და იმედი გვქონდა, რომ ორგანიზაციაში გაწევრიანებით სომხეთის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა. სამწუხაროდ, ორგანიზაციაში შესვლა ისეთ საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებს დაემთხვა, რომლებიც უარყოფითად აისახა ქვეყნის ეკონომიკაზე და ჩვენი მოქალაქეები ჯერ კიდევ მოლოდინში იმყოფებიან. თუმცა, წევრობაზე უარის თქმის შემთხვევაში, ალბთ გაცილებით მეტი უარყოფითი მიდგომა იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა და სულ რაღაც 10 დღეში გარკვეული შედეგების გაანალიზების საშუალება გვექნება”, – განაცხადა სარგსიანმა ევრაზიის ეკონომიკური კომიტეტის კოლეგიის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე.

სავარაუდოდ, “10 დღის შემდეგ” წლიური ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი დაიწყება. რა თქმა უნდა, ეს მონაცემები მხოლოდ იანვარში გამოქვეყნდება, მაგრამ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობა ამ დოკუმენტს უშუალოდ შემქმნელებისგან მიიღებს.

ამავდროულად, 10 დღის შემდეგ ორი წელი შესრულდება იმ დღიდან, როდესაც სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შემადგენლობაში შევიდა. 2015 წლის პირველ იანვარს სომხეთი ევრაზიის კავშირის სრულფასოვანი წევრი გახდა. ამ ორგანიზაციაში შესვლის შესახებ პირველი განცხადება სერჟ სარგსიანმა 2013 წლის სექტემბერს გააკეთა.

მანამდე კი სომხეთში (და არამხოლოდ სომხეთში) ყველა ფიქრობდა, რომ ქვეყანა საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა და ევროკავშირისკენ მიისწრაფვოდა. მეტიც, იმ პერიოდისთვის მოლაპარაკებები დასრულდა და ასოცირების შესახებ შეთანხმების დოკუმენტიც მომზადებული იყო ხელმოსაწერად. ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება (DCFTA), რომელსაც სომხეთში წარმოებული პროდუქციის ევროპის ბაზარზე შეტანა უნდა გაემარტივებინა, რის შედეგადაც სომხეთი კიდევ ერთი ნაბიჯით  დაუახლოვდებოდა ევროკავშირს. თუმცა, 2013 წლის სექტემბერში ჩვენ დავივიწყეთ DCFTA, და სომხეთის კანონმდებლობის ევრაზიული კავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა დავიწყეთ.

რა მისცა სომხეთს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებამ?

ეს შეკითხვა ძალიან ხშირად ისმის, მაგრამ სათანადო პასუხი ჯერ არ გაცემულა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შეფასება (როგორი გავლენა იქონია და რამდენად ძლიერი იყო ეს ზემოქმედება) სერიოზულ ანალიტიკურ სამუშაოს მოითხოვს. ამგვარი სამუშაო სომხეთის ხელისუფლების დაკვეთით ჩატარდა და შეფასდა ინტეგრაციის ეკონომიკური ეფექტი 2015 წლის პირველ ნახევარში. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს კვლევა, რომელიც ორწლიან პერიოდს მიმოიხილავს.

ეს გარემოება ევროპულ და ევრაზიული კურსის მომხრეებს საშუალებას აძლევს, ევრაზიული კავშირის ზემოქმედების შედეგები თავიანთი სურვილისამებრ განსაზღვრონ. მაგალითად, პროდასავლურად განწყობილი ადამიანები ამბობენ, რომ ევრაზიულ კავშირთან (კერძოდ კი რუსეთთან) ურთიერთობის გაღრმავებით კიდევ უფრო ვაძლიერებთ სომხეთის ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციაზე და ამ ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიური პროცესების შედეგები (რომლებიც დასავლეთის მიერ  დაწესებული სანქციებითა და ნავთობის ფასების შემცირებითაა განპირობებული) სომხეთზე უარყოფითად აისახება.

სხვები კი აღნიშნავენ, რომ სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებამ ჩვენს ქვეყანას სერიოზული შესაძლებლობები მოუტანა – პირდაპირი გასასვლელი 200-მილიონიან ბაზარზე და მედიატორის როლი ევროპის ბაზარსა და ევრაზიულ კავშირს შორის. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თუკი ამ შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოყენებას ვერ შევძლებთ,  ე.ი. პრობლემა ჩვენშივეა. სომხეთში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით კი ამბობენ, რომ ევრაზიულ კავშირში რომ არ შევსულიყავით, ყველაფერი უარესად იქნებოდა.

როგორც სტატიის დასაწყისშივე ჩანს, პრეზიდენტის პოზიცია შედარებით გაწონასწორებულია. ერთი მხრივ, სერჟ სარგსიანი მიანიშნებს, რომ მოლოდინები ბოლომდე არ გამართლდა, და აღნიშნავს, რომ საზოგადოება ჯერ ისევ მოლოდინშია; მეორე მხრივ კი იმას, რომ მოლოდინები არ გამართლდა, საერაშორისო ეკონომიკური მდგომარეობით ხსნის; და თან დარწმუნებულია, რომ ორგანიზაციის წევრობაზე უარის თქმის შემთხვევაში, უფრო ბევრი ნეგატიური მიდგომა იქნებოდა.

და მართლაც, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი სომხეთი ევრაზიულ კავშირში არ გაწევრიანდებოდა? სომხეთის ახალმა პრემიერმინისტრმა, კარენ კარაპეტიანმა რამდენჯერმე და სხვადასხვა მიზეზით განაცხადა, რომ არ არსებობს ზუსტი პასუხი იმაზე, თუ როგორი ეკონომიკური მაჩვენებლები გვექნებოდა არგაწევრიანების შემთხვევაში. ანუ ეს შედარებით უფრო ფრთხილი პოზიციაა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კი რამდენიმე თვის წინ სომხეთის პრეზიდენტთან, სერჟ სარგსიანთან საუბრისას განაცხადა, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შემდეგ სომხეთის მშპ 10%-ით გაიზარდა. ეკონომისტები და სტატისტიკის ექსპერტები ჟურნალისტებთან ერთად დღემდე ცდილობენ დაადგინონ, თუ საიდან არის მიღებული ეს რიცხვი.

ათი დღით ადრე

სერჟ სარგსიანის მიერ მითითებული 10 დღე ჯერ არ გასულა. 2016 წელი ჯერ არ გაანალიზებულა, თუმცა, გარკვეული დასკვნების გაკეთება მოცემული 10 თვის საფუძველზეც შეიძლება.

მაგრამ მანამდე წარმოგიდგენთ მთავარ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომლებიც ზუსტად ასახავს, თუ რა გვქონდა ევრაზიის კავშირში შესვლამდე, რა მდგომარეობა იყო სომხეთში ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მომენტში, რა გვაქვს ახლა, და როგორია პროგნოზები მიმდინარე წლის ბოლოსთვის.

30956754143_8b5140e9df_b

2014 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 3,5% შეადგინა. 2015 წელს (სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის წელს) კი  ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3%-ს შეადგენდა.

მიმდინარე წლის დასაწყისში ეკონომიკური ზრდის სავარაუდო მაჩვენებელი 2,1%-ით განისაზღვრა, მაგრამ ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ასეთი მაჩვენებელს ვერ მივიღებთ. 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში ეკონომიკური აქტივობის დონემ (რაც მშპ-ს არ გულისხმობს), 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 0,4% შეადგინა. ანუ პირველი ათი თვის განმავლობაში ეკონომიკური აქტივობა 0,4%-ით გაიზარდა. მეტიც, მიმდინარე წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, შემცირდა. ქვეყნის მშპ კი 2016 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2,6%-ით შემცირდა.

მკითხველს ეკონომიკური ტერმინებით აღარ გადავტვირთავთ და უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ ასეთი ცუდი მონაცემები სომხეთში 2009 წლის კრიზისის შემდეგ არ ყოფილა. მოცემული მონაცემების დინამიკის გათვალისწინებით, სავსებით შესაძლებელია, რომ წლის ბოლოს ქვეყანაში ნულპროცენტიანი ზრდა აღინიშნოს. ეკონომიკური დაცემაც არ არის გამორიცხული.

მართალია, სომხეთის მშპ გაიზარდა, მაგრამ 2015 და 2016 წლებში ეს თანხა დოლარის ეკვივალენტში გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე 2014 წელს.

სომხეთში ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული გადარიცხვების (ანუ იგივე ტრანსფერტების) მოცულობის შემცირების პროცესი, რომელიც 2014 წელს დაიწყო, დღემდე გრძელდება.

2015 წელს ტრანსფერტები, 2014 წელთან შედარებით, 23,1%-ით, ანუ 492 მილიონი დოლარით შემცირდა. რუსეთიდან მიღებული თანხების მოცულობამ 35%-ით იკლო, რაც 546 მილიონი დოლარს უდრის.  2016 წელს კლების ტემპები შემცირდა, თუმცა  დაცემა მაინც აღინიშნება. 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საბანკო სისტემის საშუალებით სომხეთის რეზიდენტ  ფიზიკურ პირებს 1 მლრდ. 336,1 მილიონი ამერიკული დოლარი გამოუგზავნეს. გასული წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით ტრანსფერტების მოცულობა 138,4 მილიონით, ანუ 10,4%-ით შემცირდა.

და თუკი  ნოემბერ-დეკემბერშიც ასეთი ტემპით გარძელდება ვარდნა, 2016 წლის ტრანსფერტების საერთო რაოდენობა 1,5მილიარდ დოლარს არ გადააჭარბებს, რაც კრიზისული 2009 წლის მონაცემებზე მცირე მაჩვენებელია.

შედარებისთვის აღვნიშნოთ, რომ 2013 წელს სომხეთში 2,3 მილიარდი დოლარი გაიგზავნა. ეს იმას ნიშნავს, რომ წელს გადარიცხვების მოცულობა 800 მილიონი დოლარით შემცირდება. ხოლო იმის უკეთ განსაზღვრისთვის, თუ რას ნიშნავს სომხეთისათვის 800 მილიონი დოლარი, უბრალოდ აღვნიშნოთ, რომ ქვეყნის ბიუჯეტი 2,5 მილიარდი დოლარით განისაზღვრება.

chart 2

საინტერესოა, რომ წელს ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნებიდან (ყაზახეთიდან და რუსეთიდან) სომხეთში გამოგზავნილი თანხების პროცენტული წილი შემცირებულია. და პირიქით, სხვებზე მეტად გაიზარდა უკუმიმართულებით (სომხეთიდან ყაზახეთში და სომხეთიდან რუსეთში) განხორციელებული გადარიცხვები.

ამავე 2016 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში სომხეთის ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების შემცირების მაჩვენებელმა 70%-ს გადააჭარბა. და  ლომის წილი ამ ვარდნაშიც რუსეთზე მოდის.

ამ ყველაფრის შემდეგ სულაც აღარ არის გასაკვირი, რომ სომხეთში განუხრელად მხოლოდ სახელმწიფო ვალი იზრდება, რომელიც 2014 წელს 4,4 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2015 წელს კი – 5,08 მილიარდ დოლარს. 2016 წლის ბოლოს კი სახელმწიფო ვალი, სავარაუდოდ, 5,8 მილიარდი დოლარით განისაზღვრება. 2017 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და 6,3 მილიარდ დოლარს მიუახლოვდება, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 54%-ს წარმოადგენს.

რაც უფრო მეტია სახელმწიფოს ვალი, მით უფრო მეტი თანხა იხარჯება მის “მომსახურებაზე” (ანუ იგულისხმება “პროცენტები”). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ 2017 წელს ბიუჯეტიდან უფრო მეტი თანხა გამოიყოფა სახელმწიფო ვალის მომსახურებისათვის, მაგრამ სხვა ტიპის ხარჯები – მაგალითად, პენსიები და შემწეობები – არ გაიზრდება.

სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ თუკი სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას ეკონომიკური  მაჩვენებლებით შევაფასებთ, შეგვიძლია თამამად აღვნიშნოთ, რომ ფრაზა “მოლოდინი არ გამართლდა” რბილად ნათქვამია.

ვაჭრობა სომხეთსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის

სომხეთის შესვლა ევრაზიულ კავშირში პირველ რიგში სავაჭრო ბრუნვაზე უნდა ასახულიყო დადებითად. თუმცა, ამ შემთხვევაში, შეფასებების გაკეთება რთულია, რადგან ვაჭრობაზე ბევრმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა. მაგალითად, 2014 წლის ბოლოს გაუფასურდა რუსული რუბლი, რამაც სომეხ ექსპორტიორებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა – სომხური პროდუქცია ძვირი და არაკონკურენტუნარიანი გახდა.

სომხეთსა და ევრაზიულ კავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე საუბარი არ იქნება კორექტული, რადგან რუსეთს თუ არ ჩავთვლით, ამ ორგანიზაციის  წევრ ქვეყნებთან ვაჭრობის მასშტაბების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

2016 წლის იანვარ-ოქტომბერში სომხეთისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა წევრებს შორის სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 1,1 მლრდ დოლარი შეადგინა. აქედან 1,08 მილიარდი რუსეთზე მოდის.

სავაჭრო ბრუნვა ბელარუსთან 29,8 მილიონ დოლარს შეადგენს, ყაზახეთთან – 5,8 მილიონს. ყირგიზეთთან არსებული სავაჭრო ბრუნვა კი იმდენად უმნიშვნელოა, რომ სომხეთის საგარეო ვაჭრობის ოფიციალურ სტატისტიკის სიაში ცალკე პუნქტადაც კი არაა ნახსენები, სადაც 4 ათეული ქვეყნის მონაცემებია შესული (წელს ყირგიზეთიდან სომხეთში 10 დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა).

2016 წლის პირველ ათ თვეში ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებზე სომხეთის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 27,3% მოდის  (შედარებისთვის – ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხვედრითი წილი 24,1%-ს შეადგენს).

chart 3

მთლიანი  27,3%-დან 26,55 რუსეთზე მოდის, 0,7% – ბელარუსზე, ყაზახეთზე კი – 0,1%.

გრაფიკზე ჩანს, რომ რუსეთის წილმა 1,7 პროცენტით მოიმატა, და, ამასთან, სომხეთიდან რუსეთში განხორციელებული ექსპორტის ხარჯზე, რომლიც მოცულობაც 2016 წელს  52,8%-ით, ანუ 100 მილიონ დოლარზე მეტით გაიზარდა და ეს მაჩვენებელი 295 მილიონ დოლარს გაუტოლდა. იმპორტი კი 3,3%-ით გაიზარდა.

სომხეთისათვის ეს დინამიკა დადებითი ხასიათისაა, თუმცა, მთლიანობაში, ევრაზიული კავშირი სომხეთის პარტნიორებს შორის  ცალსახა ლიდერის პოზიციას ვერ იკავებს და არ არის გამორიცხული, რომ რაღაც მომენტში ევროკავშირმა ამ ორგანიზაციას კიდევ ერთხელ გადაასწროს. ევრაზიული კავშირის სხვა წევრი ქვეყნების, ყაზახეთის, ბელარუსისა და ყირგიზეთის შესახებ კი მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ ეს სახელმწიფოები სომხეთის  სავაჭრო პარტნიორების პირველ ოცეულშიც კი არ შედიან.

რა მოხდებოდა, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რომ არ შევსულიყავით

ეს შეკითხვა არაერთხელ გაისმა 2013 წლის 3 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ოფიციალურად გამოცხადდა, რომ სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში აპირებდა შესვლას. რა თქმა უნდა, ამ კითხვას მრავალი განსხვავებული პასუხიც გასცეს, მაგრამ ეს პასუხები პოლიტიკურ, ან გეოპოლიტიკურ კონტექტს მოიაზრებდა და ძირითადად სომხეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა.

მაგალითად იმ ადამიანებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ევრაზიულ კავშირში არშესვლა წამგებიანი იქნებოდა, ძირითად არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ თუკი სომხეთი ევრაზიული კავშირის გარეთ დარჩებოდა, გაზი ბევრად უფრო ძვირი ეღირებოდა.

მაგრამ ამ კავშირის შეფასებისთვის სერიოზული კვლევის ჩატარებაა საჭირო. და ასეთი კვლევა ჩატარდა. სომხეთის ხელისუფლებამ (საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციისა და რეფორმების სამინისტროს სახით) გადაწყვიტა, გაერკვია, რა შედეგები იქონია სომხეთზე ევრაზიული კავშირის წევრობამ 2015 წლის პირველ ნახევარში. კვლევა ანალიტიკურ ცენტს “ავაგ სოლიუშენსს” დაევალა.

ორმოცდაექვსგვერდიანი დოკუმენტი ქეყნის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას რამდენიმე მიმართულებით აფასებდა, კერძოდ კი – ექსპორტით, იმპორტით, ინვესტიციებითა და ტრანსფერტებით. მაგალითად, ექსპორტთან დაკავშირებით, სპეციალისტებს უნდა განესაზღვრათ, თუ რა მდგომარეობაში იქნებოდა სომხეთის ეკონომიკა იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა ევრაზიული კავშირის წევრი არ გახდებოდა. მოკლედ რომ ითქვას, დასკვნა ასეთი იყო: ევრაზიული კავშირის წევრობა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს, რომელიც კიდევ უფრო ნეგატიური პროცესების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. ანუ ევრაზიულ კავშირში შესვლით ექსპორტმა ვერ მოიგო, მაგრამ არშესვლის შემთხვევაში, კიდევ უფრო უარეს სურათს მივიღებდით.

იმპორტის მხრივ განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ბუნებრივ აირს. “იმ შემთხვევაში, თუკი სომხეთი არ იქნებოდა ევრაზიული კავშირის წევრი, ქვეყანაში ამჟამად ექსპორტირებული გაზის ფასი 2013 წლის დონეზე დარჩებოდა. მაშინ 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი 280 დოლარი იყო”.

დოკუმეტში აღნიშნულია, რომ ევრაზიულ კავშირში ინტეგრაციას   დადებითი გავლენა არ მოუხდენია პირდაპირ ინვესტიციებზე.  2015 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა საერთაშორისო (მ.შ. რუსული) პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა. ავტორებმა განაცხადეს, რომ როგორც წესი, ინტეგრაციული პროცესები ქვეყნის მიმართ ინტერესს ზრდის და ეს ინტერესი ინვესტიციებზეც დადებითად აისახება. თუმცა, სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, მსგავსი ტენდენციები არ შეინიშნებოდა.

ფულადი გზავნილებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების, სომხეთისა და ბელარუსის მიმართულებით განხორციელებული ტრანსფერტების მოცულობა აზერბაიჯანსა და ყირგიზეთში გადარიცხულ თანხებზე მეტადაა შემცირებული. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობა ჯერჯერობით ვერ ქმნის ხელაყრელ გარემოს ტრანსფერტებთან დაკავშირებით.

ერთადერთი მიმართულება, რომელშიც სომხეთმა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებით მოიგო, იმპორტზე დაწესებული საბაჟო მოსაკრებლები (არგაწევრიანების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 20%-იტ მეტი იქნებოდა). თუმცა, წინასწარვე შეიძლება აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს არც ამ მიმართულებას მოუცია სიხარულის საბაბი.

ამის მიუხედავად, ავტორები შეეცადნენ ძალიან არ გაელანძღათ ევრაზიული კავშირი და განყოფილების ბოლოს აღნიშნეს, რომ პირველი ექვსი თვის განმავლობაში,  ეკონომიკური მდგომარეობა პრობლემურია, მაგრამ შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ  განხილული ტენდენციები ინტეგრაციული პროცესებით ვერ იქნება განპირობებული.

მოკლედ რომ ითქვას, ანგარიშში საერთოდ არ ჩანდა რაიმე სახის დადებითი ცვლილებები და, შესაძლოა, ამიტომ აღარ ჩატარდა მომდევნო წელს მსგავსი კვლევა.

რა ელის სომხეთის საზოგადოებას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის შემდეგ

რთული სათქმელია. საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხის მნიშვნელობა გადაჭარბებულია. 2013 წელს, როდესაც გამოცხადდა, რომ სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას აპირებდა,  საზოგადოებისთვის აზრი არავის უკითხავს. გადაწყვეტილება ხალხის ნაცვლად მიიღეს. ხელისუფლება, რომელიც ერთი თვით ადრე მთელი არსებით ამტკიცებდა, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება მიზანშეწონილი არ იყო, 3 სექტემბრის შემდეგ ისეთივე გზნებით აცხადებდა, რომ ეს  ნაბიჯი გაცილებით უფრო მომგებიანი იყო ეკონომიკური თვალზსაზრისით და სომხეთის წინაშე 180-მილიონიანი ბაზარი იხსნებოდა (თუმცა, ერთი შეხედვით, ეს ბაზარი არც მანამდე იყო დახურული)

ამ სტრიქონების წერისას ორი კვირა სრულდება იმ მომენტიდან, როდესაც, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, სატვირთო მანქანებისთვის სომხეთსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დანარჩენი წევრების დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზის ლარსი-სტეფანწმინდის მონაკვეთი დაიკეტა. ასობით სატვირთო ვერ ახერხებს სომხეთიდან რუსეთში და პირიქით – რუსეთიდან სომხეთში გადასვლას. ანუ დღეს არამხოლოდ 180-მილიონიანი ბაზარია დაკეტილი სომხეთისათვის, არამედ თვით სომხეთის პატარა სამმილიონიანი ბაზარიც დაკეტილია ევრაზიის ეკონომიკური კავშირისთვის.

და ამ პირობებში სომხეთის საზოგადოება ყველაზე დიდ იმედს ისევ მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებაზე ამყარებს.


ასევე წაიკითხეთ