სად შეიძლება აფხაზეთში დაუსჯელად ქურდობა?" />

მტვერსასრუტის ამბავი

სად შეიძლება აფხაზეთში დაუსჯელად ქურდობა?

აფხაზეთის კონტროლის პალატამ თავის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. იმის მიუხედავად, რომ გამოკვლეულ პერიოდად საბუთში 2015 წელია მითითებული, რეალური აუდიტი თვალში საცემად აცდენილია დროის მოცემულ მონაკვეთს. ფაქტობრივად, ლაპარაკია ბოლო ხუთწლეულზე.

ხსენებული დოკუმენტის დაწვრილებით ანალიზს არ შევუდგები, რადგან ის საკმაოდ სქელტანიანი და მრავალმხრივია. უბრალოდ, მის ერთ ასპექტზე შევჩერდები.

კერძოდ კი იმ ნაწილზე, რომელშიც საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად განკარგვის მაკონტროლებელ მთავარ სტრუქტურას კიდევ ერთხელ გამოაქვს არცთუ დამაიმედებელი დასკვნა: სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოები არაეფექტურ სამეურნეო საქმიანობას ეწევიან.   

მთელი ამ რესპუბლიკური და მუნიციპალური უნიტარული – ანუ სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოების მილიონობით საბიუჯეტო თანხით ავსება, წააგავს ჩვეულებრივი მტვერსასრუტის  მუშაობის პრონციპს, რომელიც ერთი მიმართულებით უბერავს. და არავითარი უკუგება.

 ბუღალტრულ ანგარიშებში მითითებულ წვრილმან მოგებას მართლა დიდ წარმატებად ხომ ვერ მივიჩნევთ, როდესაც ამ საწარმოებში ჩადებული სოლიდური თანხის შესახებაც ვიცით, და მოცემული ბიზნესის რელური მოცულობაც  კრგად მოგვეხსენება. 

კონტროლის პალატის ანგარიში კონკრეტული სფეროს შესახებ ასეთ დასკვნამდე მიდის – აშკარაა, რომ ექსკურსიებისა და მოგზაურობის ყველა ბიურო, რომლებიც ტურიზმისა და კურორტების სამინისტროს დაქვემდებარებაშია, არაეფექტურად საქმიანობს. მაგრამ ეს დასკვნა სრულიად უნივერსალურია თითქმის ყველა სახელმწიფო საწარმოსთვის.

სამწუხაროდ, აფხზურ რეალობაში სახელმწიფო საწარმოების როლი უბრალოდ “გემრიელი ლუკმის” ფუნქციამდეა დაყვანილი. მაღალი ხელისუფლების მფარველობის ქვეშ მყოფი დირექტორი – როგორც წესი, ან ვინმეს ძმაა, ან მძახალი, ანდა ნათლიმამა;  და შეუძლია, რომ საწარმოს საქმიანობა დაუსჯელად მიიყვანოს ალოგიკურ, ყოველგვარ ეკონომიკურ კანონებს დაუქვემდებარებელ, უკიდურეს ზღვრამდე. შეუძლია სიჩლუნგით გააკოტროს, უტიფრად ან აშკარად მოიპაროს, ოღონდ არასდროს აზრადაც არ მოუვა, რომ ხაზინას კუთვნილი დივიდენდები გადაუხადოს.

კერძო საწარმოს დაქირავებულ მენეჯერს იმ ფოკუსების მეათედი რომ ჩეტარებინა, რასაც სახელმწიფო საწარმოებში მისი  საშუალოსტატისტიკური კოლეგები სჩადიან – ადრე  თუ გვიან ფირმის მეპატრონე მას აუცილებლად წარუდგენდადა სოლიდური ანგარიშს, რომლის გადასხდელადაც ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევდა: სახლის და ცოლის ძვირფასეულობის გაყიდვა, პროცენტიანი ვალის აღება. ან სულაც აფხაზეთიდან გაქცევა, მაგრამ იქაც მიაგნებდნენ და გადაახდევინებდნენ – ამას ბევრი მკითხაობა არ სჭირდება.  

სხვა საქმეა – რესპუბლიკური და მუნიციპალური უნიტარული საწარმოები. შენს საწარმოში, რასაც გინდა, იმას იზამ, და არავინ ხმას არ გაგცემს; რადგან ჩვენს აფხაზურ ცნობიერებაში დიდი ხნის წინათ დამკვიდრდა ისეთი მიდგომა, რომ სახელმწიფო საკუთრება – ეს არის მტვერში უპატრონოდ დაგდებული რამ, რომელსაც ვინც უცებ ხელს დაავლებს, პატრონიც ის ხდება. პატრონი კი, როგორც იტყვიან, საკუთარი თავის ბატონია.

სხვათა შორის თავადაც ასეთი პატრონობით დაზარალებული სახელმწიფო ამ საკითხში სრულ სოლიდარობას უცხადებს საკუთარ მოქალაქეებს. დიდად მის კუთვნილად არც თვითონ მიიჩნევს ამ საწარმოებს – თორემ გაუგებარია, რატომ არავინ დასჯილა აქამდე სახელმწიფო ქონების ასე არაეფექტურად განკარგვისთვის, და არც საბიუჯეტო თანხების ფლანგვისთვის არის ჩვენს სისხლის სამართლის კოდექსში რაიმე სასჯელი გათვალისწინებული. არათუ დაკავება, ქონების ანაზღაურებაც კი გადაუჭრელი ამოცანაა. 

აქ ლაპარაკია არა მხოლოდ საწარმოებზე, არამედ იმ მიწაზეც, რომელიც აფხზეთში ოფიციალურად არ ექვემდებარება ყიდვა-გაყიდვას – თუმცა ფარულად უკვე მთლიანად განაწილებულია – ნაწილი გაყიდულია, დანარჩენი კი მყიდველს ელოდება.

და სანამ სახელმწიფო და საერთო სახალხო ქონებისადმი დამოკიდებულება კარდინალურად არ შიცვლება, მომავალში კარგს არაფერს უნდა ველოდეთ. მხოლოდ დაინტერესებული ადამიანების ცალკეული ჯგუფები გამართვენ ხოლმე მიტინგებს პატრიოტული ლოზუნგებით, პერიოდულად ამ უპატრონო ქონებასაც დაეპატრონებიან, და შესაბამისად, ზოგიერთი კლანისთვის კომუნისტური კეთილდღეობის შენებასაც შეეცდებიან.

და ეს მანამდე გაგრძელდება, ვიდრე საბოლოოდ ამ “ეფექტურ” მეთოდებს  თავად ქვეყანას არ გადავაყოლებთ.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.

გამოქვეყნებულია: 27.12.2016


ასევე წაიკითხეთ