რა იციან და რას ფიქრობენ დღეს რუსეთში იმ მოვლენების შესახებ?" />

როდესაც პრაღაში საბჭოთა ტანკები შევიდნენ — 50 წელიწადი ჩეხეთში დემოკრატიული მოძრაობის ჩახშობიდან

რა იციან და რას ფიქრობენ დღეს რუსეთში იმ მოვლენების შესახებ?

პრაღის მაცხოვრებლებმა „ჩეხოსლოვაკიის რადიოს“ შენობის წინ საბჭოთა ტანკებს წრე შემოარტყეს. 21 აგვისტო 1968 წელი REUTERS/Libor Hajsky

„ნოვაია გაზეტას“ პუბლიკაციის მიხედვით

1968 წლის 26 აგვისტოს – ანუ ზუსტად 50 წლის წინათ – პრაღაში საბჭოთა ტანკები შევიდა. ამით იმდროინდელ ჩეხოსლოვაკიაში დასრულდა ლიბერალიზაციისა და საზოგადოებრივი აღმავლობის პერიოდი, რომელიც იმ წლის იანვარში, ადგილობრივი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად ალექსანდრ დუბჩეკის არჩევის შემდეგ დაიწყო.

არჩევისთანავე დუბჩეკმა აამოქმედა რეფორმების სერია, რომლებიც მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების გაფართოებისკენ, ქვეყანაში ხელისუფლების დეცენტრალიზაციისა და მედიაზე კონტროლის შესუსტებისკენ იყო მიმართული.

ეს შვიდი თვე ისტორიაში შევიდა პოეტური სახელწოდებით – „პრაღის გაზაფხული“. გარდაქმნების საბოლოო მიზანი დუბჩეკმა 1968 წლის 18 ივლისს ტელევიზიით გამოსვლის დროს ჩამოაყალიბა: „სოციალიზმი ადამიანური სახით“.

ამით ყველაფერი დასრულდა. ერთ თვეში – 21 აგვისტოს – ჩეხოსლოვაკიაში ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების ჯარი შევიდა – 55 ათასამდე ჯარისკაცი და ოფიცერი, და დაახლოებით 5 ათასი ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი.

პრაღის ცენტრი, ავტობუსის მძღოლი ცდილობს საბჭოთა ჯარისკაცებთან შეტაკებების დროს დაზარალებულებს დაეხმაროს. 1968 წლის 21 აგვისტო. REUTERS/Libor Hajsky

პრაღის ქუჩებში დაპირისპირებების დროს ჩეხოსლოვაკიის 108 მოქალაქე და 11 საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა. შემდეგ ამას ჩეხოსლოვაკიიდან ემიგრაციის უზარმაზარი ტალღა მოჰყვა.

პროტესტის მონაწილეები პრაღის ქუჩებში მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან საბჭოთა სამხედრო ტექნიკას. 1968 წლის 21 აგვისტო. REUTERS/Libor Hajsky

რა იციან და რას ფიქრობენ რუსეთში „პრაღის გაზაფხულის“ შესახებ?

აგრესიის შემდეგ ოთხ დღეში მოსკოვში წითელ მოედანზე შვიდი ადამიანი შეიკრიბა, ხელში პლაკატებით: „საუკეთესო მეგობრებს ვკარგავთ“, „გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ ჩეხოსლოვაკიას!“, „სირცხვილი ოკუპანტებს!“, „ხელები შორს ჩეხოსლოვაკიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისგან“, „ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის“, „თავისუფლება დუბჩეკს!“.

მათ სხვა აღარავინ შეერთებიათ, შვიდივე მათგანი დააპატიმრეს და რამდენიმე წლით ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, ბანაკებში, გადასახლებებში გამოამწყვდიეს. ეს აქცია კი ისტორიაში ამ სახელითვე შევიდა „შვიდის დემონსტრაცია“ .

ფოტოზე მარჯვნიდან ლარისა ბოგორაზი და პაველ ლიტვინოვი . სწორედ მათ მიერ იყო ორგანიზებული 1968 წლის 25 აგვისტოს აქცია წითელ მოედანზე. ფოტო საზოგადოება „მემორიალის“ არქივიდან

მეორე დღეს დემონსტრაციის მონაწილეების დაპატიმრების შესახებ პრაღის გაზეთი „ლიტერარნი ლისტი“ იუწყებოდა. საბჭოთა ტანკები ისევ პრაღის ცენტრში იდგნენ, მაგრამ გაზეთმა დაწერა:

„ეს შვიდი ადამიანი მოსკოვში წითელ მოედანზე – ყოველ შემთხვევაში, შვიდი მიზეზი მაინც არის საიმისოდ, რომ ჩვენ რუსებისადმი სიძულვილი ვერასდროს გვექნება“ .

2008 და 2013 წლებში რუსეთში ჩატარდა სოციალური გამოკითხვები შეკითხვით: „რა იცით პრაღის გაზაფხულის შესახებ“.

  • 2008-ში რესპონდენტების 18 პროცენტს მიაჩნდა, რომ „ეს ჩეხოსლოვაკიაში ნატოს სამხედრო ინტერვენციის საფრთხე იყო“.
  • 2013 წელს ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის თაობაზე „კარგად იცოდა“ რესპონდენტების 7%-მა, „გაგონილი ჰქონდა“- 20 პროცენტს, „რაღაც გაგონილი ჰქონდა , მაგრამ ზუსტად თქმა არ შეეძლო -23 %-ს. არაფერი არ იცოდა — 50-მა პროცენტმა.

ტრანსპარანტი, რომელიც პრაღაში პროტესტის მონაწილეებმა დაწერეს. 21 აგვისტო 1968 წელი, Pavel Macháček, provided by Post Bellu. “საბჭოთა მეომრებო, მთელი მსოფლიოს ახალგაზრდობა აღშფოთებულია ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე თქვენი ქმედებების გამო. რატომ ხოცავთ სოციალისტური ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობას? მშვიდობიანად მუშაობაში ხელს რატომ გვიშლით? რატომ არ გინდათ, რომ თქვენი ძმები ვიყოთ? რატომ? რატომ?

Facebook Comments

პოპულარული

ასევე წაიკითხეთ