მორიგი აქცია თბილისში მკაცრი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ " />

“არ იქნება დეკრიმინალიზაცია, არ იქნება მშვიდობა”

მორიგი აქცია თბილისში მკაცრი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

25 იანვარს საქართველოს პარლამენტის წინ მორიგი აქცია გაიმართა, სადაც მკაცრი ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს.

სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 იანვარს მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკული საშუალებების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისათვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ერთ-ერთი აქტივისტი, ბექა წიქარიშვილი კი, სასამართლოს შენობასთან ჩადენილი ხულიგნობისთვის 14 დღით დააპატიმრა.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გიორგანაშვილის საქმეში ბევრი კითხვაა, მისი გასამართლება დაუსაბუთებელი ბრალდებით მოხდა (მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან, არ არსებობს დაკავების დროს გადაღებული ვიდეოკადრები და ა.შ.), რაც იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ მსახიობს ნარკოტიკი არ ჰქონია და ის მას პოლიციელებმა ჩაუდეს. იგივეს ამბობს თავად გიორგანაშვილი. მისი თქმით, ნარკოტიკი მას პოლიციამ ჩაუდო.

ფოტო: ბექა ბუხნიკაშვილი

ასევე, საზოგადოების აღშფოთებას იწვევს 8 წლიანი სასჯელი, რაც ბევრის აზრით, მეტისმეტად მკაცრია.

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს გიორგანაშვილის და წიქარიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, საქმეში მონაწილე პოლიციელების დასჯა და „რეპრესიული და არაჰუმანური“ ნარკოპოლიტიკის უმოკლეს ვადებში შეცვლა. მათ პრეზიდენტს გიორგანაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდეს. აქტივისტებს ეკავათ ტრანსპარანტები, წარწერებით – „არ იქნება დეკრიმინალიზაცია, არ იქნება მშვიდობა“, „დაისაჯონ ჩამდები პოლიციელები“,  „დასრულდეს“.

ბექა ბუხნიკაშვილის ფოტოები

ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას 25 იანვარს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ გიორგანაშვილის საქმეგანსაკუთრებით პრობლემურად წარმოაჩენს მოქმედ მკაცრ და რეპრესიულ რეგულირებებს სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოტიკებთან დაკავშირებით“. სახალხო დამცველმა ასევე მოუწოდა პარლამენტს, ნარკოპოლიტიკის რეფორმირება პრიორიტეტად გამოაცხადოს და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში“ მიიღოს ახალი კანონმდებლობა. 

ნარკოპოლიტიკა ის თემაა, რომელიც საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია აქტუალობას არ კარგავს. გასულ წელს ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე აქცია გაიმართა. მათ შორის ყველაზე ხალხმრავალი იყო  10 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული მრავალათასიანი პროტესტი, რომელიც ორი რეპერის, “ბირჟა-მაფიის” წევრების დაკავებას მოჰყვა.

21 წლის გიორგი ქებურია და 28 წლის მიშკა მგალობლიშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. თუმცა, დაკავებულები ამბობდნენ, რომ მათ ნარკოტიკები სამართალდამცავებმა ჩაუდეს და სინამდვილეში მათი დაკავების მიზეზი ჯგუფის მუსიკალური კლიპი გახდა, სადაც პოლიციელები იყვნენ გაშარჟებული. ისტორია იმით დასრულდა, რომ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა ბერამ, თავის ფეისბუკზე რეპერების მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ისინი გაათავისუფლეს.

გიორგი გიორგანაშვილის და “ბირჟა-მაფიის” საქმეები გამონაკლისი არ არის, რომელზეც კითხვის ნიშნები არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებს, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გარეშე დამკვირვებლებს უჩნდებათ. სამართალდამცავთა მხრიდან ნარკოტიკების “ჩადების” პრაქტიკაზე საქართველოში პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრებიც საუბრობენ. საქართველოს პრეზიდენტის შვილმა ანა მარგველაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ განსხვავებული მოსაზრებების გამო მოქალაქეები ხშირად ხდებიან ნარკოტიკების ჩადების მსხვერპლნი.

საქართველოს პარლამენტში უკვე შესულია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, რომლის განხილვაც დაწყებულია, თუმცა პროცესი ძალიან რთულად მიდის, ვინაიდან მმართველ გუნდში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა 27 დეკემბერს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, ასევე სარეაბილიტაციო პროგრამებისა და ზიანის შემცირების ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს.

თუმცა, მიუხედავად ჯანდაცვის კომიტეტის ამ პოზიციისა, “ქართული ოცნების”  მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია უკუეფექტს გამოიწვევს და ხელს შეუწყობს ნარკოტიკების მოხმარების ზრდას.

ნარკოპოლიტიკის თემაზე განცხადება რამდენიმე დღის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემაც გააკეთა. თავის საშობაო ეპისტოლეში პატრიარქმა ხელისუფლებას დასჯაზე ორიენტირებული მკაცრი ნარკოპოლიტიკის გადახედვისა და სარეაბილიტაციო ცენტრების გახსნისკენ მოუწოდებს. თუმცა, მიუხედავად ამ განცხადებისა, საპატრიარქო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ და პარლამენტისთვის გადაგზავნილ კანონპროექტს მხარს არ უჭერს და მისი განხილვის შეჩერების აუცილებლობაზე საუბრობს.  საქართველოში, სადაც ეკლესია უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობს, სასულიერო პირების პოზიცია ხშირად განსაზღვრავს ხელისუფლების ქცევასაც.

გიორგანაშვილის საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ერთი დღით ადრე, 22 იანვარს, ნარკოპოლიტიკის საკითხზე განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა. მისი თქმით, „ჰუმანური და კომპლექსური ნარკოპოლიტიკა არის ერთადერთი გამოსავალი“, თუმცა ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების მიმართულებით „მკაცრი მიდგომები არა თუ შესანარჩუნებელია, ხშირ შემთხვევაში, გასამკაცრებელია“.

სოციალურ ქსელებში გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერ პოსტებთან ერთად, ხშირია ნარკოპოლიტიკის გამკაცრების მოწოდებებიც. აქცია, რომელიც პარლამენტის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა “თეთრი ხმაურის” მიერ იყო ორგანიზებული, არც ისე ხალხმრავალი გამოდგა – ეს ყველაფერი კი,  იმის დასტურია, რომ ამ თემაზე საზოგადოებრივი კონსესუსის მიღწევა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა – მიიჩნევენ დამკვირვებლები.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ