სისხლიანი გარჩევა თბილისში, რესტორან "აღაში" მოხდა" />

მომღერალს, რომელმაც რესტორანში ოთხი ადამიანი დაჭრა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

სისხლიანი გარჩევა თბილისში, რესტორან "აღაში" მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საბა სამუშიას, რომელიც თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ოთხი ადამიანის დაჭრაშია ბრალდებული, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ  განცხადებაში.

გმირთა მოედანზე მდებარე რესტორან “აღაში” მომხდარი სისხლიანი გარჩევის მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, სიტყვიერი შელაპარაკება გახდა. სამუშია მაშინ დააკავეს, როდესაც ის რესტორნიდან გაქცევას ცდილობდა. ინციდენტი დაბადების დღის აღნიშვნის დროს მოხდა, რომელზეც სამუშია მიწვეული მომღერლის სტატუსით იმყოფებოდა.

გამოძიება ამტკიცებს, რომ 2018 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 23 საათსა და 50 წუთზე,  რესტორან „აღაში“, საბა სამუშიამ იქ მყოფ საზოგადოებას  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი დანის გამოყენებით ოთხ პირს ფეხის მიდამოში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები.

საბა სამუშია სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 118-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ორი ან მეტი პირის მიმართ) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღის ან იარაღად  სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.

მომღერალი წარსულში ნარკოტიკული საშუალების  უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით არის გასამართლებული.

სამუშია მომღერალ დავით კენჭიაშვილის ჯგუფის წევრია.


ასევე წაიკითხეთ