ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზით, 2018 წელს ტურიზმიდან შემოსავლები სავარაუდოდ 3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს" />

8 თვეში საქართველოში თითქმის 6 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზით, 2018 წელს ტურიზმიდან შემოსავლები სავარაუდოდ 3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს

REUTERS/დავით მძინარიშვილი

5 მილიონ 895 ათას 914 – ამდენი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა საქართველოს 2018 წლის იანვარ-აგვისტოში, რაც 12,2 პროცენტით მეტია შარშანდელ მონაცემებზე.

აქედან ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3 მილიონ 235 ათას 800 შეადგინა, რაც 523. 674-ით ანუ 19, 3 პროცენტით მეტია 2017 წლის იანვარი-აგვისტოს მაჩვენებელზე.

აღნიშნულ სტატისტიკას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.

[საერთაშორისო კლასიფიკაციის თანახმად, ტურისტებად ითვლებიან მხოლოდ ის საერთაშორისო ვიზიტორები, რომლებიც ქვეყანაში 24 საათზე მეტ ხანს რჩებიან და ადგილობრივი სერვისებით – რესტორნებით, სასტუმროებით და ა.შ. სარგებლობენ _JAMnews]

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა და ტურისტთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.  2013 წელს საქართველოში შემოსულ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 5.4 მლნ იყო. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ვიზიტორთა ჯამური რაოდენობა შესაბამისად 2%, 7% და 8%-ით გაიზარდა და 2016 წლის ბოლოსთვის 6.4 მლნ კაცი შეადგინა. წელს ყველაზე მაღალი – 12 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. 

აგვისტო – ყველაზე ტურისტული თვე

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ აგვისტოში საქართველოში 1,294,926 საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც შარშანდელ აგვისტოსთან შედარებით 9.8 პროცენტით მეტია. აქედან ტურისტული ვიზიტი იყო –  737. 049, რაც 90 ათასით მეტია 2017 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე.

2018 წლის აგვისტოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან შედგა. გაიზარდა ტურისტების რიცხვი ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, საიდანაც ყველაზე მეტი სტუმარი რუმინეთიდან, ესტონეთიდან, ნიდერლანდებიდან და გერმანიიდან ჩამოვიდა.

შემოსავალი ტურიზმიდან

წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-ივნისში უცხოური ტურიზმიდან საქართველომ 1,361 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო, რაც 28, 9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში  6.8 პროცენტს შეადგენს. ზრდა წინა წელთან შედარებით 16.6 პროცენტია.

2017 წელს უცხოური ტურიზმიდან საქართველომ 2.7 მილიარდი დოლარი მიიღო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზით, წლის ბოლომდე საქართველოს სავარაუდოდ 8,5 მილიონ საერთაშორისო მოგზაური ეწვევა, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები კი სავარაუდოდ 3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.


ასევე წაიკითხეთ