ოპოზიცია ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს" />

ერევნის მერია ახალი წლის ზეიმისთვის 700 ათას დოლარს დახარჯავს

ოპოზიცია ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

ახალი წელი, მერია, აიკ მარუტიანი, ნიკოლ ფაშინიანი

ერევნის მერია დედაქალაქის საახალწლო ღონისძიებებზე 325 მილიონი დრამის (დაახლოებით 677 ათასი დოლარის) დახარჯვას აპირებს. ამ თანხის ლომის წილი – 270 მილიონი დრამი (დაახლოებით 564 ათასი დოლარი) – სომხეთის მთავრობის მიერ არის გამოყოფილი, თანხის დანარჩენი ნაწილი – 54 მილიონი დრამი (დაახლოებით 113 ათასი დოლარი) ქალაქის ბიუჯეტიდან შეივსება.

ეს, წინა წლებთან შედარებით, რეკორდული ხარჯი ბევრს არ მოეწონა – კერძოდ, სომხეთის ოპოზიცის, რომელიც ქალაქის ხელისუფლებას უკვე ხანგრძლივი დროის განმავლობაში აკრიტიკებს.

საქმე პრემიერ-მინისტრამდე მივიდა. ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ Facebook-გვერდზე პირდაპირი ჩართვისას ახალი წლის ზეიმისთვის გამოყოფილი დიდი დანახარჯი გაამართლა. მას მიაჩნია, რომ ღირსეულად მორთული ქალაქი ტურისტებს მიიზიდავს და ერევნელებს სტიმულს მისცემს, რომ საახალწლო არდადეგებზე ქვეყნიდან არ გაემგზავრონ.

რას ფიქრობენ ამის შესახებ დედაქალაქის მცხოვრებლები? წაიკითხეთ ამ ისტორიის ყველა დეტალი

რით დაიწყო ყველაფერი

ახალი წლის ზეიმისთვის გამოყოფილი თანხის ირგვლივ ატეხილი ხმაური ჯერ კიდევ ორი კვირის წინათ დაიწყო. მაშინ სომხეთის მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის 548 მილიონი დრამი (დაახლოებით 1,5 მილიონი დოლარი) გამოყო.

ერევნის მერიამ ეს ინფორმაცია უარყო. მაგრამ ერევნის  უხუცესთა საბჭოს (ქალაქის პარლამენტის) ოპოზიციური ფრაქცია „ლუისის“ წევრი ტემინე ვარდანიანისთვის ეს უარყოფა არადამაჯერებელი აღმოჩნდა. ის აგრძელებდა მტკიცებას  რომ არავითარი დეზინფორმაცია არ არსებობს, და ბიუჯეტი მთლიანად 525 მილიონ დრამს შეადგენს:

325 მილიონი დრამი –  ეს მხოლოდ რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხაა, მათ შორის გორან ბრეგოვიჩის კონცერტისთვის. არის ასევე ადმინისტრაციული ოლქების ბიუჯეტი, და ყველა ხარჯი ჯამურად დაახლოებით  525 მილიონ დრამს შეადგენს“.

ქალაქის ხელისუფლების კრიტიკით თავის Facebook-გვერდზე გამოვიდა ასევე საპარლამენტო ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“ დეპუტატი ნაირა ზოგრაბიანი:

 „სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან საახალწლო ზეიმისთვის ამდენი სახსარი ჯერ არასდროს გამოყოფილა. არ ვარ წინააღმდეგი, რომ დღესასწაული ღირსეულად აღინიშნოს, მაგრამ 700 ათასი დოლარი – ეს უკვე მეტისმეტია“.

მაგრამ ეს კიდევ არ არის ყველაფერი

ერევანში 12 ადმინისტრაციული ოლქია. დედაქალაქის თითოეულ ოლქს განათებისა და საზეიმო კონცერტებისთვის ერევნის ბიუჯეტიდან  დამატებითი დაფინანსება – კიდევ 7-7 მილიონი დრამი გამოეყოფა, და ეს ზემოთ ხსენებულ 325 მილიონ დრამში არ შედის.

მაგრამ, ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად იმან აღაშფოთა, რომ ერევნის 12 ოლქიდან 11-ში წელს  რესტორნებში საახალწლო დღესასწაულს ქალაქის ბიუჯეტის ხარჯზე იზეიმებენ.

ერევნის უხუცესთა საბჭოს ოპოზიციური ფრაქცია „ლუისის“ წევრი ანი ხაჩატრიანი თავის Facebook-გვერდზე იუწყება, რომ საახალწლო კორპორატიულ საღამოებზე მთლიანობაში 14.5 მილიონი დრამი (დაახლოებით 30 ათასი დოლარი) დაიხარჯება.

გასული წლის პრემიები ახალი წლის წინ

უნდა ითქვას, რომ სკანდალების გარეშე არც წინა ახალ წელს ჩაუვლია.

2019 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფმა სახელმწიფო ჩინოვნიკებმა საკუთარ თავსა და თავიანთ ხელქვეითებს უზარმაზარი თანხის ოდენობის პრემიები გამოუწერეს.

კერძოდ, ერევნის მერიამ თავს თითქმის მილიონი დოლარის ოდენობის პრემიების უფლება მისცა.

ერევნის მერმა აიკ მარუტიანმა თავის 1628 თანამშრომელს, საერთო ჯამში, 974 ათასი დოლარის ოდენობის პრემიები გამოუწერა.

ამავდროულად მან განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებები საზოგადოებას ატყუებდნენ და თავისთვის პრემიებს, წელიწადში ერთხელ კი არა, რამდენჯერმე იწერდნენ. მაგრამ მისმა გუნდმა ამ პრაქტიკაზე უარი თქვა.

განმარტებები პრემიერ-მინისტრისგან

2019 წლის საახალწლო ღონისძიებების ხარჯებთან დაკავშირებულ თემაზე ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი საკუთარ  Facebook-გვერდზე პირდაპირ ეთერში გააკეთა:

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან სოციალური- ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და ესთეტიკურ ამოცანას ვწყვეტთ. საიდუმლო არ არის, რომ სომხეთის ბევრი მოქალაქე ახალ წელს საზღვარგარეთ ზეიმობს, და ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რადგან ფულის გადინება ხდება. ჩვენ ამოცანად დავისახეთ, რომ ახალი წელი სულ უფრო მეტმა მოქალაქემ  სომხეთში აღნიშნოს. ასევე გვიდგას ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის ამოცანაც“, – განმარტა პრემიერმა.

 რამდენი ფული დაიხარჯა ადრე

აი, წინა წლებში დახარჯული თანხების ჩამონათვალი:

2014 წელი. – 113.120.000 დრამი (237 148 დოლარი);

2015 წელი  – 136.141.900 დრამი  (285 410 დოლარი);

2016წელი  – 157.180.200 დრამი (329 518 დოლარი);

2017 წელი  – 192.478.000 დრამი (403 517 დოლარი);

2018 წელი – 222.351.800 დრამი (466 146 დოლარი);

2019 წელი  – 271․797․000 დრამი,  რასაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან  54 მილიონი დრამი (677 ათასი დოლარი) დაემატა.

რას წერენ სოციალური ქსელებში

Facebook-ის სომეხ მომხმარებლებს შორის სადღესასწაულო ბიუჯეტი ნომერ პირველ თემად იქცა.

აი, ზოგიერთი კომენტართაგანი:

 „ჩვენი ბიუჯეტიდან იპარავენ! ეს დაუშვებელია!“;

 „რევოლუციური ხელისუფლების შემთხვევაში, ეს უბრალოდ მიუღებელია, რადგან სწორედ ჩვენს დედაქალაქში ბევრი ადამიანი ახალ წელს უკიდურეს სიღარიბეში შეხვდება …“;

 „ადმინისტრაციული ოლქების მუშაკები მაღალ ხელფასებს იღებენ! საკუთარი კორპორატიული საღამოებისთვის თავადვე რატომ არ იხდიან?“;

 „რაკი ქალაქი მერი მსახიობი გახდა, გასაგებიცაა, რომ სიტუაცია ასეთი სატირალი იქნებოდა…“;

 „ახალი წლის ღამეს ქალაქში ნორმალურად  გასეირნებას ერთხელ მაინც შევძლებთ“.


ასევე წაიკითხეთ