რეგიონებში განხილვის პროცესი 15 მაისამდე გაგრძელდება " />

5 მაისს საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა დაიწყო

რეგიონებში განხილვის პროცესი 15 მაისამდე გაგრძელდება

დღეს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა ქალაქ ქუთაისიდან დაიწყო. სულ პროცესი 11 დღის განმავლობაში გაგრძელდება და განხილვები ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, თელავში, მცხეთაში, რუსთავსა და თბილისში გაიმართება.

სახალხო განხილვებს ცხრა წევრისგან შემდგარი საორგანიზაციო კომისია ჩაატარებს, რომლის შემადგენლობაშიც არიან: 2 დეპუტატი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან, 2 დეპუტატი მოძრაობა – თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო; 1 დეპუტატი – პატრიოტთა ალიანსიდან, 2 ექსპერტი კონსტიტუციის საკითხებში, 1 სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი (საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო) და პარლამენტის აპარატის 1 წარმომადგენელი.

რა იცვლება არსებული საკონსტიტუციო პროექტით?

+
  • პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უქმდება და მას საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაშიც შედის 300 ხმოსანი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლები.
  • ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელსაც, მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, აღარ იარსებებს. სანაცვლოდ, უნდა შეიქმნას ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს კონსტიტუციური ორგანოების საერთო კოორდინაციას განახორციელებს. მისი მუდმივი წევრები იქნებიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს სამხედრო ძალების მეთაური.
  • საქართველო მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა.
  • საკონსტიტუციო ცვლილებები კრძალავს ბლოკების ჩამოყალიბებას.
  • ასევე უცვლელი რჩება 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. იმ პარტიების ხმებს, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ, მთლიანად გამარჯვებული პარტია მიიღებს.
  • დეპტატობის კანდიდატის ასაკი 21-დან 25 წლამდე იზრდება.
  • კონსტიტუციის პროექტი აღარ შეიცავს პუნქტს ქუთაისში პარლამენტის მდებარეობის თაობაზე.
  • პროკურატურა აღარ დაექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს, ის დამოუკიდებელი ორგანო გახდება და პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. ამ ორგანოს პარლამენტის მიერ ექვსი წლის ვადით არჩეული მთავარი პროკურორი უხელმძღვანელებს.
  • ომბუდსმენად ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.
  • სახელმწიფო უფლებამოსილი იქნება კანონით დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა.

რეგიონებში გასვლა, საორგანიზაციო კომისიის მუშაობის პირველ ეტაპს წარმოადგენს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა დაგეგმილია სხვადასხვა ჯგუფებთანაც. რის შემდეგაც პროექტს პარლამენტი უყრიან კენჭს.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობს. ოთხთვიანი გაურკვევლობის შემდეგ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ჩართვაზე თანხმობა განაცხადა.


ასევე წაიკითხეთ