8 მარტს სომხეთში არაოფიციალური, მაგრამ სრულიად რეალური საზეიმო თვე იწყება ქალებისთვის და ეს 8 აპრილამდე გრძელდება" />

ფოტოები: რა ტიპის ტანსაცმელს ურჩევენ ქალებს დიზაინერები და როგორი საჩუქრების შეძენას სთავაზობენ მამაკაცებს 2018 წელს

8 მარტს სომხეთში არაოფიციალური, მაგრამ სრულიად რეალური საზეიმო თვე იწყება ქალებისთვის და ეს 8 აპრილამდე გრძელდება

საზეიმო „ქალთა თვე“ 8 მარტით –  საყოველთაოდ ცნობილი საერთაშორისო დღესასწაულით იწყება. 7 აპრილს სომხეთში დედისა და სილამაზის დღე აღინიშნება. სწორედ ამ დღესასწაულით მთავრდება ქალთა თვე. რა თქმა უნდა, ეს საზეიმო პერიოდი ცალსახად არაოფიციალური და ზედმიწევნით ნებაყოფლობითია, უბრალოდ, ქვეყანაში დამკვიდრებულია ტრადიცია, რომლის თანახმადაც მამაკაცებმა ქალებს მთელი თვის მანძილზე უნდა მიულოცონ საზეიმო თვის დადგომა.

იმ გალანტურ მამაკაცებს, რომლებსაც სურთ, რომ საკუთარ რჩეულებს საუკეთესო საჩუქარი შეურჩიონ და, ამასთან, მათი სურვილი კალენდარულ დღესასწაულებზე არ არის დამოკიდებული, JAMnews-ი დიზაინერების რჩევებს სთავაზობს.

«5concept»-ის არტდირექტორი, ირინა ვანიანი 2018 წლის მოდის ტენდენციებზე გვესაუბრება

მოდის სახლებმა 2018 წლის  მთავარ შეფერილობად იასამნისფერი გამოაცხადეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, თქვენს რჩეულს იასამნისფრის ტონალობის ტანსაცმელი, აქსესუარები, თეთრეული, კოსმეტიკა (პომადა, „თვალის ჩრდილები“), ან თუნდაც თავის მოვლის საშუალებები აჩუქოთ.

ქორფა იასამნის ფერი (ultra violet) თქვენი ქალბატონის „ლუქს“ დამასრულებელ სტრიხებს შეჰმატებს და სიახლეს მიანიჭებს. თუმცა, ამ თავნება ფერთან ურთიერთობისას ქალებს სიფრთხილის გამოჩენა მართებთ – იასამნისფერი სამოსის ჩაცმა მხოლოდ იმ შემთხვევაშია რეკომენდებული, თუკი ის მოდელის თმისა და კანის ტონალობას უხდება.

იასამნისფრის აქტუალურობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვა დანარჩენი ფერები უნდა დავივიწყოთ და, მოდური სიგიჟის ტალღაზე, მთლიანად  იასამნისფერი ტონებით „გადავიღებოთ“ თავები. მომავალ წელს ყავისფერიც მოდური იქნება. ამას გარდა, წლის ტრენდად იქცევა ე.წ. „პასტელის ფერები“, რძისფერის და ვარდისფრის, ცისფრისა და გარგრისფრის გათეთრებული ტონები.

შეგიძლიათ, დაუფიქრებლად შეიძინოთ ნებისმიერი არაიასამნისფერი საჩუქარი იმ შემთხვევაში, თუკი მიგაჩნიათ, რომ თქვენს მიჯნურს ეს ფერი არ მოუხდება.

მთლიანად ერთი ფერის (total look) სამოსი 2018 წელსაც მოდურ „ტრენდად“ დარჩება.

ტანსაცმლის არჩევისას თავს ნუ შეიზღუდავთ – დიზაინერები თარგების ძალიან მრავალფეროვან ასორტიმენტს გვთავაზობენ: ვიწრო, ან განიერი ამონაჭერის მქონე სამოსსა და გეომეტრიული ფიგურების მსგავსი ფორმების მქონე ტანსაცმელს, რომელიც მოდელის ფიგურას უსვამს ხაზს, ან პირიქით – მისი აღნაგობის თავისებურებებს მალავს. თუკი თქვენი გულისსწორი ექსპერიმენტების წინააღმდეგი არ არის, შეგიძლიათ, ისეთი სტილი აარჩიოთ და ისეთი ნივთები აჩუქოთ, რომლებიც, ერთი შეხედვით, სრულიად არ უხდება ერთმანეთს. ასეთი ატრიბუტები მის გარდერობში თავისებურ არეულობას შეიტანს.

2018 წელს „ოვერსაიზის“ სტილის ტანსაცმელი აქტუალურობას არ დაკარგავს. ეს უბრალოდ დიდი ზომის ტანსაცმელი არ არის. ამ ტიპის სამოსი განსაკუთრებული წესით მზადდება. მოდის სახლები ოვერსაიზის“ სტილის სვიტერებს, ბლუზებს, შარვლებსა და პიჯაკებს გვთავაზობენ. თუკი თქვენი რჩეული კლასიკურ სტილს ანიჭებს უპირატესობას, ეს რჩევა უბრალოდ უგულებელყავით.

თუკი გსურთ, რომ მიჯნურს სადღესასწაულო სამოსი აჩუქოთ, გირჩევთ, კრისტალებისმაგვარი სტრაზებით გაწყობილი, ან ხავერდისა თუ ველიურის ქსოვილით შეკერილი კაბა შეიძინოთ. გაისად წელზე, სახელოებზე, ან კისერზე დატანებული  გამჭვირვალე “ჩანართებით“ გაწყობილი კაბები იქნება მოდაში. აქტუალურობას არ კარგავს მეტალის აქსესუარებითა და ოქროსფერი სტრაზებით დამშვენებული კაბები. ამ ტიპის ტანსაცმელი შიფონისგან, ან გიპიურისგან უნდა იყოს შეკერილი და შეიძლება, მაქმანებითაც იყოს მორთული. კაბის სიგრძეს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა.

თბილი ტანსაცმლის მოყვარულებს  ქუდები, შარფები, შალის გრძელი ჟაკეტები და მსხვილად ნაქსოვი სვიტერებიც შეგიძლიათ, აჩუქოთ. ამასთან, სვიტერი  შეიძლება იყოს როგორც კლასიკური, ისე „ოვერსაიზ სტილის“. ამას გარდა,  ბეწვისა და ტყავის სარჩულების მქონე ჟაკეტებიც შემოვა მოდაში.

თუკი შიშობთ, რომ  ზუსტად ვერ გამოიცნობთ თქვენი რჩეულის ტანსაცმლის ზომას, შეგიძლიათ, საჩუქრად სამკაულები შეარჩიოთ.  ოქროსა და ვერცხლის პარალელურად, მომავალ წელს არაძვირფასი მეტალებით დამზადებული სამკაულებიც მოდური იქნება. შეგიძლიათ, თითის ბოლოებზე გასაკეთებელი პატარა ბეჭდები, მრავალშრიანი ბრასლეტები, ან  ყელსაბამები შეარჩიოთ. აქტუალუია ასევე ძეწკვები, კულონები, მძივები და ამ ყველაფრის კომბინაცია.

დიზაინერები მაქსიმალურად დიდ, ტომრების მსგავს ჩანთებს გვთავაზობენ. მსგავსი საჩუქარი, შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს ბიზნესლედისათვის და ყოველდღიურად ხმარებისათვის ვარგის ნივთად იქცეს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თუკი თქვენი მიჯნური ტანდაბალია, ან სიმსუქნისკენაა მიდრეკილი, მსგავსი ჩანთა არ მოუხდება, იმიტომ რომ ასეთი აქსესუარი მის თავისებურებებს გაუსვამს ხაზს. ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება, მეტალის ძეწკვებით დამშვენებილი პატარა ჩანთა აჩუქოთ. შეგიძლიათ, ერთნაირი ფერის, ან პრინტის მქონე ჩანთა და სვიტერი (ან ჩანთა და პიჯაკი) შეარჩიოთ,  ფერადი ტყავისგან დამზადებული, ან სტრაზებით გაწყობილი ნიმუშებიდან აარჩიოთ ოპტიმალური საჩუქარი, ან კვადრატული, მრგვალი, სამკუთხედისებური თუ მართკუთხედის მსგავსი ჩანთების ვარიანტები განიხილოთ.

პრინტები და ისევ პრინტები…  ისევე, როგორც წელს, 2018-შიც  მოდური იქნება პრინტებიანი პერანგები, „სვიტშოტები“, შარვლები, ჩანთები და სხვა სამოსი თუ აქსესუარი. ამ ტიპის ტანსაცმელი ნებისმიერ გარდერობს დაამშვენებს. შეგიძლიათ, უჯრედებიანი, ან გეომეტრიული ფიგურებით, ყვავილებით, ან ვერტიკალური ზოლებით დამშვენებული პრინტები აარჩიოთ. დიზაინერები დაბეჭდილი გამოსახულებების ფართო არჩევანს გვთავაზობენ. თუკი გამოსახულებებით დამშვენებულ ტანსაცმელს სწორად შევარჩევთ, ის საჩუქრის ადრესატის ფიგურას გნსაკუთრებულ დახვეწილობას შესძენს. განსაკუთრებით პოპულარულია პოპარტის სტილის პრინტები – ეს გამოსახულებები, რომლებიც ტანსაცმელზეა დატანილი, ზოგჯერ ხელოვნების ნაწარმოებების მცირე ნიმუშების მოდელებს ჰგავს.


ასევე წაიკითხეთ