გიორგი უკვე გადაასვენეს მშობლიურ სოფელში. მას შაბათს დაკრძალავენ " />

16 წლის მოზარდი მეცამეტე მუშაა, რომელიც წელს სამშენებლო ობიექტზე დაიღუპა

გიორგი უკვე გადაასვენეს მშობლიურ სოფელში. მას შაბათს დაკრძალავენ

მორიგი უბედური შემთხვევა მშენებლობაზე თბილისში – მუშა, რომელიც სამშენებლო სამუშაოებზე იყო დასაქმებული, ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

16 ივლისს მომხდარ ამ ტრაგედიას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ გარდაცვლილი მოზარდია – 16 წლის გიორგი ბეშკენაძე.

_______________________

მშენებლობა, სადაც მოზარდი იყო დასაქმებული, ისანში, დოლაბაურის ქუჩაზეა. მოზარდს ბაგირი გაუწყდა, ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილის ნახვის შემდეგ შრომის ინსპექტორმა მაია მიქაძემ უთხრა ჟურნალისტებს, რომ უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო.

• “ბრაზი მომდის, ბოღმისგან ვიგუდები”. სამუშაო ადგილზე დაშავებული მუშების ისტორიები

• ტყიბული – სიკვდილს შეგუებული ქალაქი

ქალები საშიშ სამუშაოზე: ტყიბულელი მეშახტეების ისტორია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება  სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, 16 წლის გიორგი თბილისში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან ჩამოვიდა.

მის ოჯახს ტრაგიკული ისტორია აქვს. რამდენიმე წლის გიორგის ძმა და მამა გარდაიცვალა.

როგორც “რადიო თავისუფლებამ” გაარკვია, 2014 წელს, როდესაც გიორგი 11 წლის იყო, გარკვეული პრობლემების გამო, სოციალური მომსახურების სააგენტომ იგი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში გადაიყვანა. თუმცა, მალევე, ბავშვის თხოვნით და ოჯახში გარკვეული პირობების გამოსწორების შემდეგ, იგი სახლში დააბრუნეს.

REUTERS/ დავით მძინარიშვილი

“ძალიან განიცდიდა … დედასთან უნდოდა დაბრუნება,” – იხსენებს გიორგის ისტორიას სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი ეთერ ცხაკაია.

გიორგის და დედამისს ფინანსურად ძალიან უჭირდა. ისინი სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებიან. დედა მწველელად მუშაობდა ერთ-ერთ ფერმაში. როგორც ლაგოდეხის მერის წარმომადგენელი „ნეტგაზეთს“ უყვება, გიორგის და დედამისს ფინანსურად მუნიციპალიტეტი და “წითელი ჯვარიც“ ეხმარებოდა.

იმისთვის, რომ დედა ერჩინა, მოზარდი ხშირად დაქირავებულ მუშად მუშაობდა სოფელში. თბილისში მშენებლობაზე სამუშაოდ გიორგი ივნისში წამოვიდა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგიმ პირველი ხელფასის აღებაც ვერ მოასწრო.

14 სართულიან კორპუსს, რომლის შახტშიც გიორგი ჩავარდა, შპს „ჯევიკე ჰოსფითალითი“ აშენებს.

როგორ მოხდა ისე, რომ კომპანიამ არასრულწლოვანი სახიფათო სამუშაოს შესასრულებლად დაიქირავა, ამას უკვე სამართალდამცავები გაარკვევენ.

მომხდარს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა სახალხო დამცველი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში “შემაშფოთებელი ვითარებაა” შექმნილი შრომის უსაფრთხოების კუთხით.

ომბუდსმენი ამბობს, რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს არასაკმარისი ადამიანური და მატერიალური რესურსი აქვს, რომ შემოწმება სათანადოდ ჩაატაროს. ასევე, არსებობს შეზღუდვები, რომლებიც შრომის ინსპექტორებს ობიექტზე შესვლას და მის დათვალიერებას უკრძალავს (ეს შეზღუდვები 2019 წლის სექტემბრიდან მოიხსნება).

ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში  სისტემური ხასიათის პრობლემად რჩება ბავშვთა მძიმე და სახიფათო შრომა.

16 წლის გიორგის ტრაგიკულ ისტორიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფეისბუკზე.

უკვე დაიგეგმა საპროტესტო აქცია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. აქცია პარასკევს 14:00 საათზე გაიმართება. ორგანიზატორები ახლადდანიშნული მინისტრისგან ეკატერინე ტიკარაძისგან ელიან პასუხს, რა გეგმა არსებობს შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების თვალსაზრისით.

გიორგი უკვე გადაასვენეს მშობლიურ სოფელში. მას შაბათს დაკრძალავენ.

• გიორგი რიგით მეცამეტე მუშაა, რომელიც 2019 წელს სამშენებლო ობიექტზე დაიღუპა. 

• 2018 წელს სამუშაო ადგილებზე საწარმოო შემთხვევების შედეგად 199 ადამიანი დაშავდა და 59 დაიღუპა. 2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ანუ 8 წლის განმავლობაში, საწარმოო შემთხვევების შედეგად 1081 ადამიანი დაშავდა და 376 დაიღუპა.

• ასევე, წელს ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მძიმე სამუშაოს შესრულებისას მოზარდი იღუპება. იანვარში ჯართის შეგროვებისას თხრილში გადავარდა და დაიღუპა 12 წლის მოზარდი.

• 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, საქართველოში 5-17 წლის ასაკის 571.1 ათასი ბავშვი ცხოვრობს. ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში 5-17 წლის ასაკის ბავშვების 4.2 პროცენტი ჩართულია ბავშთა შრომაში. მათგან 63.9 პროცენტი კი “სახიფათო სამუშაოს” ასრულებს. საქართველოში ბავშვების 3.5 პროცენტი საერთოდ არ დადის სასწავლებელში. 

• . საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით (შრომის კოდექსისა და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით), დასაქმებისთვის დასაშვები ასაკი 16 წელია. თუმცა, მძიმე, მავნე და საშიშ სამუშაოებზე 18 წლამდე ასაკის პირის მუშაობა აკრძალულია. ამავე დროს, კანონმდებლობაში არ არის განსაზღვრული, რა ითვლება სახიფათო შრომად.


ასევე წაიკითხეთ