შსს-ს განცხადებით, ეს ადამიანები ინახავდნენ და ასევე სოციალური ქსელებითა და მობილური აპლიკაციებით ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს " />

16 ადამიანი დააკავეს საქართველოში ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე

შსს-ს განცხადებით, ეს ადამიანები ინახავდნენ და ასევე სოციალური ქსელებითა და მობილური აპლიკაციებით ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს

16 ადამიანია დაკავებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით.

შსს- განცხადებით, ეს ადამიანები ინახავდნენ და ასევე სოციალური ქსელებითა და მობილური აპლიკაციებით ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

საუბარია, ბოლო დღეებში ქსელში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” დეპუტატის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრებას ასახავს.

ვიდეოს გავრცელება დროში დაემთხვა ეკა ბესელიას დაპირისპირებას საკუთარ თანაგუნდელებთან უზენაეს სასამართლოში დასანიშნ მოსამართლეთა კანდიდატურების გამო. 

• 10 მოსამართლის საქმე. რა სიაზეა ლაპარაკი?

შსს მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია და სისხლის სამართლის წესით, 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კანონის თანახმად, ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის ნებისმიერი საშუალებით გავრცელება, მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა და მისი შენახვაც.

შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება.

“წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები,” – აცხადებს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვლადიმერ ბორცვაძე.  

16 დაკავებულს შორის არიან ოპოზიციური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები. ასევე მომღერალი გიორგი გასვიანი.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეში დანაშაული არ იკვეთება:

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნონა ჟორჟაძე გუშინ ბათუმში საკუთარ სახლში დააკავეს. მას თავისმა თანამშრომელმა გადაუგზავნა ეს ინფორმაცია და ამის შემდეგ რამდენიმე საათში დააკავეს”,  – ამბობს ადვოკატი.

ეკა ბესელია, მისი თანამოაზრეები და ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შს სამინისტრომ ყურადღება გადაიტანა მთავარი საკითხიდან და დააკავა რიგითი გამავრცელებლები, ნაცვლად იმისა, რომ მიეკვლია იმ პირებისთვის, რომლებმაც თავდაპირველად განათავსეს აღნიშნული ვიდეო ქსელში.


ასევე წაიკითხეთ