როდესაც ფეხბურთზე ჩამოვარდება ლაპარაკი, კავკასიაში სიამაყის არცთუ  ცოტა მიზეზი არსებობს, თუმცა სამწუხაროდ, ამ გრძნობას დღეს ნოსტალგია ახლავს" />

15 საამაყო ფეხბურთელი კავკასიაში

როდესაც ფეხბურთზე ჩამოვარდება ლაპარაკი, კავკასიაში სიამაყის არცთუ  ცოტა მიზეზი არსებობს, თუმცა სამწუხაროდ, ამ გრძნობას დღეს ნოსტალგია ახლავს

 ნიკიტა სიმონიანი



სოხუმის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ნიკიტა სიმონიანი 40-იან და 50-იან წლებში მოთამაშე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ის მოგვიანებით წარმატებული მწვრთნელიც გახდა. 160 გატანილი ბურთით იგი მოსკოვის “სპარტაკის” ყველა დროის ბომბარდირთა სიის პირველი ნომერია. ფეხბურთელის რანგში მან ოთხჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული, როგორც მწვრთნელმა კი იგივე ტურნირი სამჯერ მოიგო. როგორც მოთამაშემ ორჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი, მწვრთნელის რანგში კი – ოთხჯერ. მელბურნის ოლიმპიურ თამაშებზე (1956 წ) სიმონიანმა ოქროს მედალი მიიღო.

nikita simonyan

 დავით ყიფიანი

მიუხედავად იმისა, რომ დავით ყიფიანს არც ისე ხშირად იწვევდნენ საბჭოთა კავშირის ნაკრებში (სულ 19 თამაში ითამაშა და 7 ბურთის გატანა მოასწრო), მისმა თამაშმა თბილისის “დინამოში” (1971-დან 1982 წლამდე) იგი ქართული და საბჭოთა ფეხბურთის ლეგენდად აქცია. “დინამოს” იმ ვარსკვლავური შემადგენლობიდან, რომელმაც 1981 წლის მაისში უეფას თასების მფლობელთა თასი მოიპოვა, დავით ყიფიანი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო. კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. იგი 49 წლის ასაკში, ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა 2001 წლის 17 სექტემბერს.




კახა კალაძე



კახა კალაძე ყველა დროის ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია კავკასიაში. “დინამოს” შემადგენლობაში ყოფნისას ის ბევრჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ასევე, კიევის “დინამოს” რიგებში რამდენჯერმე მოიპოვა უკრაინის ჩემპიონის ტიტული. “მილანში” თამაშისას კი იგი იტალიის ჩემპიონიც გახდა. იტალიური კლუბის ძირითადი მცველის რანგში მან ორჯერ მოიგო ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი – “ჩემპიონთა ლიგა”. ამას გარდა, მოპოვებული აქვს ევროპის სუპერთასი და მოგებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატი კლუბებს შორის. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაება და ამჟამად ქვეყნის ვიცეპრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის პოსტებს იკავებს.



ვიტალი დარასელია

აფხაზური საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა 17 წლის ასაკში შეძლო თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში ეთამაშა, 20 წლისა კი უკვე საბჭოთა კავშირის ნაკრების ძირითადი ფეხბურთელი იყო. საოცარი სისწრაფე, თვითმყოფადი ტექნიკა, მინდვრის მშვენიერი ხედვა და შრომისმოყვარეობა – ის თვისებებია, რომლებმაც ვიტალი თავისი თაობის საუკეთესო ნახევარმცველად აქცია. “კარლ ცაისის” კარში გატანილი მისი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა თასების მფლობელთა თასის 1980-81 წლების გათამაშების ფინალში და, შედეგად, თბილისურმა კლუბმა თავისი ყველაზე ძვირფასი ჯილდო მიიღო. იგი 1982 წლის დეკემბერში, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა ავტოკატასტროფის შედეგად. ვიტალი დარასელია მეოცე საუკუნის აფხაზეთის საუკეთესო ფეხბურთელადაა აღიარებული.


ვალერი გაზაევი

ვალერი გაზაევი, რომელიც ოსური საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, 70-იანი და 80-იანი წლების საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ითვლებოდა. ქვეყნის ჩემპიონატში სხვადასხვა დროს ნათამაშები აქვს მოსკოვის “დინამოს”, თბილისის “დინამოსა” და მოსკოვის “ლოკომოტივის” რიგებში. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ნაკლებად წარმატებული მწვრთნელი გახდა. თუმცა, მისი ხელმძღვანელობით, 2005 წელს მოსკოვის არმიელთა კლუბმა უეფას თასი მოიპოვა, თავად გაზაევი კი უეფამ “წლის მწვრთნელად” აღიარა. 



მურთაზ ხურცილავა

ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ქართული და საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში. ქართველ ფეხბურთელებს შორის მხოლოდ მასა და ალექსანდრე ჩივაძეს უთამაშიათ საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანის რანგში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში გამოდიოდა. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა მწვრთნელად.


ხორენ ოგანესიანი

“არარატისა” და, ზოგადად, სომხური ფეხბურთის ლეგენდა. “არარატის” მაისურით მან საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში 295 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 93 ბურთი გაიტანა. საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში გატანილი ბურთების რაოდენობით ხორენ ოგანესიანი რეკორდსმენია სომეხ ფეხბურთელთა შორის. ბრწყინვალე ტექნიკისა და ამტანობის წყალობით, ის საბჭოთა ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველი იყო. 2005 წლის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ის მეოცე საუკუნის სომხეთის საუკეთესო ფეხბურთელია.

ალექსანდრე ჩივაძე

ჩივაძე ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი იყო საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში. სწორედ ჩივაძე გახლდათ კაპიტანი თბილისის “დინამოს” იმ შემადგენლობისა, რომელმაც პრესტიჟული ჯილდო, თასების მფლობელთა თასი მოიგო 1981 წელს. საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში შესულია, როგორც ერთ-ერთი იმ სამი მცველიდან, რომლებიც სეზონის შედეგების მიხედვით გახდნენ წლის ფეხბურთელები. ჩივაძემ ეს ტიტული 1980 წელს მიიღო. იგი უეფას ლალის ორდენის ლაურეატია “ფეხბურთში შეტანილი წვლილისათვის.”

ლევონ იშტოიანი

ლევონ იშტოიანი 70-იანი წლების ერევნის “არარატისა” და საბჭოთა კავშირის თავდამსხმელი იყო. მის მიერ 1973 წელს, საბჭოთა კავშირის თასის ფინალში კიევის “დინამოს” კარში გატანილმა ბურთმა აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული გამოავლინა. იშტოიანის მშობლიურ ქალაქ გიუმრიში (რომელსაც მაშინ ლენინაკანი ერქვა) გულშემატკივართა ჯგუფმა ქალაქის მესვეურებს მოსთხოვა, მისთვის ცენტრალურ უბანში დაედგათ ძეგლი (შეგახსენებთ, რომ ეს ამბავი 1973 წელს მოხდა!) ქალაქის ხელმძღვანელებმა გულშემატკივრები გიჟებად ჩათვალეს და მთხოვნელები სახლებში გაუშვეს. მომდევნო დღეს ქალაქის მთავარ მოედანზე ლენინის ქანდაკებას ზურგზე დააწერეს ნომერი “8”, რომლითაც იშტოიანი ასპარეზობდა. სამოცდაათიან წლებში იშტოიანი უსაზღვროდ პოპულარული იყო. იგი ნახსენებია გიორგი დანელიას ფილმში “მიმინო”. ფილმის ერთ-ერთი გმირი, რუბენ ხაჩიკიანი ცნობილ ადამიანებზე საუბრისას ასეთ ფრაზას ამბობს: “თუ ქალი ყოველ დღე არტისტს ხედავს, აკადემიკოსს ხედავს… იშტოიანს ხედავს!…” 

ანატოლი ბანიშევსკი

ბანიშევსკი დაიბადა და გაიზარდა ბაქოში. 16 წლის ასაკში ის თავისი მშობლიური ქალაქის კლუბ “ნეფთჩიში” მოხვდა და ძალიან მალე ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი. ახალგაზრდა ბანიშევსკის თამაში ყველას აღაფრთოვანებდა. მის განსაკუთრებულ ნიჭს ყველა აღიარებდა. ქვეყნის სახელოვანი კლუბები მას მოსკოვსა და კიევში ეპატიჟებოდნენ, მაგრამ ის სამშობლოში განაგრძობდა თამაშს. 19 წლის იყო ანატოლი, როდესაც ნიკოლაი მოროზოვმა პირველად მიიწვია ნაკრებში. მისი ერთ-ერთი გოლი, რომელიც მან დიად ბრაზილიელებს გაუტანა “მარაკანაზე”, მსოფლიო ფეხბურთის შედევრად აღიარეს.



ახრიკ ცვეიბა


ახრიკ ცვეიბა აფხაზური საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. კარიერის დასაწყისში მას ალბათ არც კი უფიქრია, რომ ოდესმე გინესის რეკორდების წიგნში მოხვდებოდა. პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე გეოპოლიტიკური კატაკლიზმების წყალობით, ამ დიდებულმა მცველმა, თავისდა უნებურად, სამარადისო რეკორდი დაამყარა იმით, რომ სხვადასხვა დროს საბჭოთა კავშირის, დსთ-ს, უკრაინის, რუსეთისა და აფხაზეთის ნაკრებ გუნდებში ითამაშა. ამას გარდა, მას მსოფლიო ნაკრების რიგებშიც აქვს ნათამაშები. თანაგუნდელებს შორის იგი ცნობილი იყო არამხოლოდ როგორც ჩინებული ფეხბურთელი, არამედ როგორც კარგი თვისებების მქონე პიროვნებაც, რომელიც გუნდში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიდა. კიევის “დინამოში” თამაშისას მას მეტსახელად “Душка Ахрик” შეარქვეს.



რამაზ შენგელია

რამაზ შენგელიასნაირ გოლის ალღოთი საბჭოთა კავშირში მხოლოდ დიდებული ოლეგ ბლოხინი თუ დაიკვეხნიდა. ყოველთვის იცოდა, როდის და სად გამოჩენილიყო. როგორც წესი, როდესაც თბილისის “დინამო”, ან საბჭოთა კავშირის ნაკრები თამაშობდა, მოწინააღმდეგე გუნდის ყველა არასწორი გადაცემის შემდეგ ბურთს შენგელია ეუფლებოდა, რასაც შედეგად მოწინააღმდეგის კარში გატანილი გოლი მოჰყვებოდა ხოლმე. თავისი ნიჭის წყალობით, ის ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბომბარდირი.

ვლადიმერ გუცაევი

1971 წლის შემოდგომაზე, როდესაც ჯერ კიდევ 19 წლის იყო, ის უკვე თბილისის “დინამოს” ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა და კარიერაც ამ კლუბში დაასრულა 1986 წელს. ამ პერიოდში მან 303 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 47 ბურთი გაიტანა. გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ორჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი და 1981 წელს კი უეფას თასების მფლობელთა თასის გამარჯვების მონაწილე. იმავე წელს იგი მადრიდის “რეალმა” მიიწვია, მაგრამ გუცაევმა ამ შეთავაზებას თავაზიანი უარით უპასუხა. “თბილისიდან და “დინამოდან” წასვლა არ შემიძლია და არ მინდა, იმიტომ, რომ მიყვარს ეს კლუბი, მისი გულშემატკივარი და ეს ქალაქი. ეს მიზეზები და ჩემი თავაზიანი უარი მადრიდის “რეალის” წარმომადგენლებმა პატივისცემით მიიღეს; თუმცა, ვერ მიხვდნენ, რას ვგულისხმობდი, როდესაც აღვნიშნე, რომ თბილისში მყავდა ავტომობილი “ვოლგა”, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შემეძლო. ამის შემდეგ ესპანელები დიდხანს არკვევდნენ, რა მანქანა იყო ასეთი ეს “ვოლგა”, რომლის გარეშეც ვერ გავძლებდი.”

მიხეილ მესხი

გამოჩენილი საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. ევროპის ჩემპიონი (1960) საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964) თბილისის “დინამოს” რიგებში. მესხი შეუდარებელი ტექნიკით გამოირჩეოდა. თუკი ბრაზილიურ ფეხბურთში “გარინჩას ფინტი” არსებობდა, მის საპირწონედ საბჭოთა კავშირში “მესხის ფინტი” იყო. 50-იან და 60-იან წლებში მისი წარმოუდგენელი დრიბლინგი მაყურებლის აღფრთოვანებას იწვევდა. არც ისე მაღალი, ჩაფსკვნილი, შეიძლება ითქვას, მსხვილი თავდამსხმელი ერთ, ან ორ მცველს უპრობლემოდ იტოვებდა უკან. ამბობენ, რომ 60-იანების დასაწყისში თბილისის “დინამოს” თამაშებზე გულშემატკივრები არა ტრიბუნების ცენტრში, არამედ კუთხურის იმ ალამთან ცდილობდნენ ადგილის დაკავებას, სადაც მესხი თამაშობდა – რათა მისი ტექნიკური ტრიუკებისთვის უკეთ ედევნებინათ თვალი. ქართველი გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მესხი მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელადაა აღიარებული. 


სლავა მეტრეველი


ევროპის ჩემპიონი (1960) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1960 წელს მოსკოვის “ტორპედოს” შემადგენლობაში და 1964 წელს თბილისის “დინამოს” რიგებში) საბჭოთა ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც თვით პელემ მიიწვია თავის გამოსამშვიდობებელ მატჩში. მისი სახელი ფოლკლორში მოხვდა, რაც მის განსაკუთრებულ პოპულარობაზე მეტყველებს. ვინ არ იცის ანეკდოტი სლავა მეტრეველის შესახებ! “ერთი გლეხი მიყრუებული ქართული სოფლიდან მოსკოვში ჩადის და ყველგან ლოზუნგებს ხედავს “Слава КПСС”. გაოცებული გამვლელს ეკითხება: “მითხარი, პატივცემულო, ვინაა ეს КПСС? სლავა მეტრეველი ვიცი ვინცაა, მაგრამ ამ КПСС-ის შესახებ არაფერი მსმენია. რომელი გუნდიდანაა?”


 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ