ვინ როგორ გამოეხმაურა სკანდალურ ინტერვიუს" />

ანეკდოტი თუ დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისი? რეაქციები ოქუაშვილის ინტერვიუზე

ვინ როგორ გამოეხმაურა სკანდალურ ინტერვიუს

ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუმ, სადაც მან ბიძინა ივანიშვილი ალ კაპონეს შეადარა და იგი 4 მილიონის გამოძალვაში დაადანაშაულა სხვადასხვა რეაქციები გამოიწვია.

ივანიშვილის პასუხი

თავად ივანიშვილი ამბობს, რომ ეს ინტერვიუ მისთვის ღიმილის მომგვრელია. ის ადასტურებს, რომ ბიზნესმენ ოქუაშვილს მართლაც შეხვდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, მხოლოდ იმისთვის, რომ მის ბიზნესს დახმარებოდა.

” ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი. ყველას და ყველაფერს იწერდა. რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს. ყველას იწერდნენ და გამოიტანოს ეს ჩანაწერებიც, გვაჩვენოს ამ საუბრის და შეხვედრის შესახებ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 1 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ შეხვედრაზე, სადაც  ხელისუფლებაში მოსვლიდან 6 წლის თავს აღნიშნავდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია

არასერიოზულად აღიქვამენ ინტერვიუს ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მთავრობის წევრების და დეპუტატების მთავარი მესიჯები ამ საქმესთან დაკავშირებით ასეთია:

1. საქმე გვაქვს გადასახადების დამალვასთან. “ომეგა ჯგუფს” 50 მილიონის დავალიანება აქვს დაგროვილი, რომლის გადახდა არ სურს. ეს კი არის თანხა, რომლითაც უნდა დაფინანსდეს  სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, პენსიონერები, მასწავლებლები და ა.შ.

2. თუკი ოქუაშვილი ყველაფერს იწერდა, რატომ არ ჩაიწერა ივანიშვილთა შეხვედრა?

3. ოქუაშვილის უკან “ნაციონალური მოძრაობა” დგას, რომელიც ცდილობს წინასაარჩევნოდ სიტუაცია არიოს.

პრემიერმა ბახტაძემ განაცხადა, რომ “ზაზა ოქუაშვილის განცხადება ანეკდოტების სიაში შევა, რადგან ღიმილისმომგვრელია, რომ ბიძინა ივანიშვილი ფულს სთხოვს მეწარმეს”.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოქუაშვილი “უკადრებელს კადრულობს”.

ოპოზიციის რეაქცია

ოპოზიციისთვის ოქუაშვილის განცხადება კიდევ ერთხელ აღმოჩნდა იმის დასტური, რომ ქვეყანას მართავენ ადამიანები, რომლებიც რეალურად არ არის მთავრობაში და არ იკავებენ თანამდებობებს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ოქუაშვილის ინტერვიუმ აჩვენა, რომ ხელისუფლება ღრმა კრიზისშია.

“საქართველოში აუპატიურებენ ბიზნესს, ებრძვიან თავისუფალ სიტყვას, დევნიან პოლიტიკურ ოპონენტებს და ქვეყანა მაფიოზური კლანით იმართება,” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ოპოზიციური კოალიციის “ძალა ერთობაშია”-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

ეს კოალიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოდის.

“ევროპული საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ “სახელმწიფო ვალდებულია, სერიოზულად მიუდგეს ამ მასშტაბის საჯარო სკანდალს და სერიოზულად გამოიძიოს ეს ყველაფერი”.

კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი “შენების მოძრაობიდან”, დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება უფსკრულისკენ მიექანება. მისი თქმით, “ქართული ოცნება” უნდა შეიცვალოს, თუმცა ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” არ უნდა დაბრუნდეს”.

ბანკების განცხადებები

ოქუაშვილის ბრალდებებს ორი მსხვილი ქართული ბანკი გამოეხმაურა.

“საქართველოს ბანკის” განცხადებით, ბიზნესმენს წლებია ბანკის დავალიანება არ გადაუხდია და უკვე 84 მილიონი ლარი ვალი დაუგროვდა.

თი ბი სი ბანკის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისტორია, რომელიც ოქუაშვილმა ბანკიდან 4 მილიონის გატანის შესახებ მოჰყვა, სიცრუე.

“ზაზა ოქუაშვილის გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მცდარი ინფორმაციის გავრცელების მცდელობას, –  ნათქვამია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ „თიბისი ბანკმა” „გახარიას ზეწოლით, დარღვევებით გასცა “ომეგას” დირექტორებზე 4 მილიონი და ეს თანხა ბანკთანვე მათ შეიარაღებულმა პირებმა ჩამოართვეს“.

არასამთავრობო სექტორი

„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით 13 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ არაფორმალურმა მმართველობამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისი გამოიწვია:

„ვეხმაურებით ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რაც ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებსა და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს. მიგვაჩნია, რომ გავლენიანი ჯგუფის მიერ საჯარო ინსტიტუტებზე კონტროლის დამყარება და მათი გამოყენება ჯგუფის ვიწრო მიზნების მისაღწევად საჯარო ინსტიტუტების მოშლას იწვევს“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ