ასი ძროხა, ორი მაღაზია და ასობით კლიენტი. და ეს ყველაფერი ერთ მიყრუებულ, ნახევრადცარიელ მთის სოფელში " />

მარტოხელა ფერმერი. როგორ წამოვიწყოთ ბიზნესი სამხრეთ ოსეთში

ასი ძროხა, ორი მაღაზია და ასობით კლიენტი. და ეს ყველაფერი ერთ მიყრუებულ, ნახევრადცარიელ მთის სოფელში

ფოტო: განა იანოვსკაია 

სამხრეთ ოსეთში ამ მარკას ყველა ცნობს. ცხინვალში არის ორი მაღაზია „ფერმერი“, რომლებშიც დახლებზე პროდუქტი დიდხანს არ რჩება. ხორცისა და რძის ეს მცირე იმპერია ფერმერმა რობერტ სიუკაევმა შექმნა. ის ამბობს, რომ მის მეურნეობაში ამჟამად ასზე მეტი ძროხაა.

თუმცა, სულ რაღაც ხუთი წლის წინ ეს ყველაფერი არ არსებობდა. და აი, როგორ დაიწყო:  

რობერტ სიუკაევი  საკუთარ მეურნეობაში. ფოტო: განა იანოვსკაია

34

წლის სიმა – რობერტის ცოლია. რობერტი ცოლზე 10 წლით უფროსია. სიმა ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთში გაიზარდა. ქალაქელი გოგონა ცოლად გაჰყვა რობერტს, რომელიც მშობლებთან ერთად სოფელ ელტურაში ცხოვრობდა.

ოდესღაც ეს თვლაწარმტაცი ადგილი დიდ დასახლებას წარმოადგენდა. მაგრამ როდესაც ცხრა წლის წინ სიმა აქ საცხოვრებლად გადმოვიდა – მისი ახალი ოჯახი ამ სოფელში ერთადერთი აღმოჩნდა. ამ წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა – შუქი მხოლოდ სიმას და რობერტის ეზოში ანთია, მთელ დანარჩენ სოფელში კი მხოლოდ მიტოვებული სახლები და სათავსოებია.

სიუკაევებს მაშინ რვა ძროხა ჰყავდათ, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ თავი ერჩინათ. ბიზნესი კი შემთხვევით და უცნაურად დაიწყო.

„ყველაფერი უბედურებით დაიწყო“, – ამბობს რობერტი.

2012 წელს სიუკაევებს სახლი დაეწვათ და ისინი პირდაპირი მნიშვნელობით ქუჩაში დარჩნენ.

რობერტი შორიახლოს იყო, საძოვარზე. მისი ოჯახი შინ დარჩა.

„ჩემთან მეგობრებმა მოირბინეს, სწორედ მაშინ სოფელში იყვნენ ჩამოსულები. სახლი იწვის, შენი სახლი იწვის! – მიყვიროდნენ ისინი. მთელი ძალით გავრბოდი და ღმერთს ვევედრებოდი, რომ ოღონდ ბავშვები გადარჩენილიყვნენ. შორიდანვე დავინახე ცეცხლმოკიდებული სახლის გვერდით მდგომი სიმა, რომელსაც ხელში ჩვენი უმცროსი ბიჭი ეკავა. გოგონაც იქვე იყო. იმ მომენტში სხვა დანარჩენს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა“, – გვიამბობს რობერტი.  

ხანძრის შემდეგ მათ რკინის ვაგონში დაიწყეს ცხოვრება – ოჯახს თავი როგორმე უნდა ერჩინა. მშობლები უკვე იმ ასაკში აღარ იყვნენ, რომ მეურნეობაში დახმარებოდნენ, ხანძრის შემდეგ კი საერთოდ ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად და რობერტმა და სიმამ  გადაწყვიტეს, ფერმერობა თავიანთ ბიზნესად ექციათ.

„მაშინ ხელისუფლება დაგვეხმარა – ფინური ტიპის სახლი გვაჩუქეს: ორი საძინებელი, მისაღები, სამზარეულო, აბაზანა. რასაკვირველია, ჩვენც ბევრი გავიღეთ, რომ სახლი მყარი გამხდარიყო; მთლიანად აგურით მოვაპირკეთეთ. კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ, რაც მთავარია, წყალი და გათბობა გვაქვს“, – ამბობს რობერტი.

იმავე 2012 წელს სიუკაევებს ვალი დაედოთ, სესხი აიღეს და პირველად დაიწყეს ბაზრისთვის, და არა საკუთარი თავისთვის, მუშაობა.

ფოტო: განა იანოვსკაია

პირველ რიგში, კიდევ იყიდეს ძროხები და ამავე დროს, დათვებისგან თავდაცვა დაიწყეს.

„ამბობენ, რომ ჩემი ასაკის ქალები, როგორც წესი, სხვანაირ ცხოვრებაზე ოცნებობენ, მაგრამ მე აქაურობა მომწონს, მიჩვეული ვარ. მხოლოდ დათვების მეშინია. ერთხელ დილით სახლის ზღურბლზე ვიდექი, რობერტი კი ამ დროს მანქანაში რძეს ტვირთავდა. დილის სიჩუმეში გავიგონე, მთიდან ქვები როგორ ცვიოდა. გავიხედე და სახლიდან 50 მეტრის დაშორებით, გორაკზე დათვი დავინახე. ზუსტად ადამიანის პოზაში იჯდა. ეს იყო დედალი დათვი ბელებთან ერთად. შემდეგ ადგა და უკან ტყეში წავიდა. წინა ღამით წვიმდა და ეტყობა დათვი დასველდა – ადგომისას ტანი დაიფერთხა და ისიც კი დავინახე, როგორ გაიფანტა სხვადასხვა მხარეს მისი ბეწვიდან წვეთები“, – ჰყვება სიმა.

რობერტი ამბობს, რომ აქ ტურები და მგლებიც ბლომად არიან, თუმცა ყველაზე დიდ სირთულეს მაინც დათვები ქმნიან.

„ზაფხულში დათვს არაერთხელ გაუტაცია ჩვენი ძროხა. დგახარ, უყურებ და ვერფერს აკეთებ. ამის გამო, ახლა ძაღლები გვყავს. ტერიტორია ჯერჯერობით შემოღობილი არ არის, მხოლოდ ძროხების გამოსაზამთრებელი სადგომია დაკეტილი. ზაფხულში კი სულ თავისუფლად ძოვენ“, – ამბობს ის.  

 მ  

მათი ძროხების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა – ქალაქში მათ პროდუქციაზე მოთხოვნის პარალელურად სამუშაოც სულ უფრო მატულობდა: ზამთრის საკვების დროულად მომარაგება, საამისოდ ზაფხულიდანვე ფულის გადადება, დილით ადრე ადგომა, ქალაქში რძის პროდუქტების ჩატანა.   

რობერტი და სიმა შრომას შემდეგნაირად ინაწილებენ:

რობერტი ძროხებს უვლის, მზა პროდუქცია ქალაქში ჩააქვს და ორი მაღაზიის მთელ მუშაობას აკონტროლებს. კიდევ მის პასუხისმგებლობაში შედის ყოველდღიურად უფროსი ქალიშვილის – სკოლაში, და უმცროსი ვაჟის – საბავშვო ბაღში წაყვანა.

სიმა კი ძროხებს წველის და პროდუქციას ამზადებს – ყველს, რძეს, არაჟანს, კარაქს, ხორცის ნაწარმს. სახლის მოწესრიგება და ოჯახისთვის სადილის მომზადების პასუხისმგებლობაც მას აკისრია.

„ახლა უკვე ადვილია, – ამბობს ის, – უკვე ყველანაირი ტექნიკა გვაქვს: საწველი აპარატი, სტერილიზატორი“.

შებოლილი ხორცი ტრადიციული რეცეპტით. მარილში და  სუნელებში შეზავებული ხორცის რბილი, თხლად დაჭრილი ნაჭრები რამდენიმე დღის განმავლობაში იჟღინთება, შემდეგ ბადეში მჭიდროდ გახვეული  ხორცის რულეტი შესაბოლად იკიდება. რობერტი ამბობს, რომ მისი ბაბუა ასეთ რულეტებს ყოველთვის თვითნაკეთ შესაბოლში ამზადებდა. მას თავად კი ქარხნული აქვს. ამ პროდუქტზე დიდი მოთხოვნაა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კილოგრამი არც ისე იაფი ღირს -400 რუბლი [დაახლოებით $7]

რობერტს ბავშვებიც „ნივით“ დაჰყავს და პროდუქციასაც ამ მანქანით დაატარებს. მანქანაში მაცივარი აქვს ჩაშენებული. ამბობს, რომ სხვა მანქანა აქ უბრალოდ ვერ ივლის, ძალიან ცუდი გზაა. ზამთარში თოვლი, ზაფხულში კი წვიმიან ამინდში – ტალახი.

მაღაზიები პროდუქციის ტიპის მიხედვით დაჰყო – ერთში რძის პროდუქტები და კვერცხი იყიდება, მეორეში – ხორცი და ხორცის პროდუქტები.

„როდესაც ხორცზე დიდი მოთხოვნაა – ძროხებს სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთაც ვყიდულობთ და ჩამოგვყავს. დეკემბერში, ახალი წლის წინ რამდენიმე ძროხა ვიყიდეთ და დასაკლავად წავიყვანეთ. მაგრამ მოულოდნელად ხუთმა მათგანმა იმშობიარა. როგორც ჩანს, გამყიდველმა თავადაც არ იცოდა. რასაკვირველია, ისინი სოფელში დავაბრუნეთ და იქ დავტოვეთ. საახალწლოდ ასეთი საჩუქარი გამოგვივიდა – ხუთი ძროხა ვიყიდეთ და ათი გამოგვივიდა“, – გვიამბობს რობერტი.  

ნამდვილი ოსური ხაბიჯენი (ყველის ღვეზელი) მოსამზადებლად ეს განსაკუთრებული ყველია საჭირო. ახალმოწველილ რძეში ძროხის კუჭის პატარა, გამომშრალ ნაწილს აგდებენ და მთელი ღამით ტოვებენ. ღამით რძე  სქელდება. შემდეგ ამ მასას აგროვებენ და ფორმებში დებენ. შრატი თანდათან იღვრება, შიგთავსი კი  მაგრდება. ესაა ის  ყველი, რომელსაც შემდეგ მარილწყალში ინახავენ. ფოტო: განა იანოვსკაია 

სიუკაევები თავიანთი ბიზნესის უფრო გაფართოებას ჯერ არ გეგმავენ. ჯერჯერობით ისინი ჩამოტანილ პროდუქციას უწევენ კონკურენციას.

რობერტის მაღაზიაში ერთი კილოგრამი ძროხის ხორცი 300 რუბლი [$5-ზე ცოტა მეტი] ღირს. ჩამოტანილი ხორცი – 350 რუბლი [დაახლოებით $6].

დაახლოებით ასეთი განსხვავებაა რძის პროდუქტებშიც რობერტთან ერთი ლიტრი რძის ყიდვა 60 რუბლად [დაახლოებით $1] შეიძლება, ჩამოტანილი რძე კი 70-დან 100 რუბლამდე [დაახლოებით $1.50] ღირს.

ობერტ სიუკაევი – სამხრეთ ოსეთში დიდი იშვიათობაა. აქ რძის პროდუქტებს პრაქტიკულად არავინ აწარმოებს, ყველაფერი რუსეთიდან ჩამოაქვთ. რობერტი დარწმუნებულია, რომ მის ბიზნესს პერსპექტივა  აქვს:

„ყველა სიძნელისა და პრობლემის მიუხედავად, ეს პერსპექტიული ბაზარია – თან რა კარგი სამუშაო მაქვს – ადამიანებისთვის ახალი, ბუნებრივი და სასარგებლო პროდუქტების მიწოდება“.

ფოტო: განა იანოვსკაია

პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები , აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ  JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს.  JAMnews უფლებას იტოვებს, პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები წაშალოს, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად იქნება შეფასებული

ასევე წაიკითხეთ