ესპანეთში სომხური დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს
ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ დააკავა მსხვილი სომხური დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც გარიგებული საჩოგბურთო მატჩებით იყო დაკავებული. ბანდა 2017 წლის თებერვლიდან მოქმედებდა და ამ დროის განმავლობაში უკანონო გზით მილიონობით ევროს შემოსავალი მიიღო.
როგორ მუშაობდა სქემა
მთლიანობაში დაკავებულია 83 ადამიანი, რომელთაგან 28 – პროფესიონალი ჩოგბურთელია.
გამოძიების შედეგების თანახმად, ეჭვმიტანილები სპორტსმენების მოსყიდვას ეწეოდნენ და თავისთვის საჭირო შედეგებს უზრუნველყოფდნენ. ამის შემდეგ დაკავებულები ფსონების დასადებად ათასობით მოსახლის პერსონალურ მონაცემებს იყენებდნენ და უზარმაზარ თანხებს შოულობდნენ.
სამართალდამცავები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ვინაობას ჯერ არ ასახელებენ. ასევე ჯერჯერობით უცნობია, დაკავებული სომხები სომხეთის მოქალაქეები არიან, თუ სხვა ქვეყნების.
იუწყებიან მხოლოდ, რომ ოპერაციის დროს ესპანეთის 9 პროვინციაში 11 ჩხრეკა ჩატარდა. ამოღებულია ნაღდი ფული ევროებით, დოკუმენტები, კომპიუტერები. ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოები ასევე იუწყებიან, რომ კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოთამაშეები Futures-ისა და Challenger-ის ტურნირებზეც მოისყიდა. სულ დადასტურებულია 90 გარიგებული მატჩის არსებობა.
იძიებენ სომხურ-ესპანური ბანდის შესაძლო კავშირს სომხურ-ბელგიურ დაჯგუფებასთან, რომელიც ბელგიაში 2018 წლის ივნისში დააკავეს. ეს დაჯგუფება ასევე გარიგებული საჩოგბურთო მატჩების ჩაწყობაშია ეჭვმიტანილი.
• შვიდი მიზეზი, რის გამოც, პოსტსაბჭოთა ქვეყნები სავალდებულო სამხედრო სამსახურს ინარჩუნებენ
• სომხეთში ერთ დღე-ღამეში ასობით პატიმარი გაათავისუფლეს
რას წერენ სოციალურ ქსელებში
სომხეთში სოციალური ქსელების მომხმარებლები ამ სიახლეს აქტიურად განიხილავდნენ. აი, რამდენიმე კომენტარი Facebook-დან.
„თქვენნაირები რესპუბლიკას არცხვენენ“;
„რამე ხომ უნდა მოხდეს, რომ დიასპორის სომხები სომხეთში უკან დააბრუნონ, თორემ ისე არავინ დაბრუნდება. და საყოველთაო რეპატრიაცია როგორ წარმოგიდგენიათ?“
„და ამგვარ ისტორიებში ისევ სომხები არიან გარეულები“.