სამხრეთ ოსეთში უკვე სამი თვეა, რაც ახალშობილებისთვის ვაქცინები არ არის
სამხრეთ ოსეთში ახალშობილებისთვის განკუთვნილ ვაქცინებთან დაკავშირებით პრობლემაა. უკვე სამი თვეა არ არის ჭლექისა და „АКДС“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც სამი საშიში ინფექციური დაავადებისგან (დიფტერია, ტეტანუსი და პერტუსი) იცავს.
პრობლემა მიმწოდებელს უკავშირდება – რუსულ საწარმო „მიკროგენს“. ტექნიკური გაუმართაობის გამო, საწარმომ ვაქცინების წარმოება მკვეთრად შეამცირა. ახლა ჯანდაცვის სამინისტრო, რუსეთში სხვა მიმწოდებელს ეძებს.
სიტუაცია იმანაც გაართულა, რომ 2017 წლის დეკემბრის ბოლოს სამხრეთ ოსეთში რამდენიმე დღის განმავლობაში შუქი არ იყო. შესაბამისად, საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში არ მუშაობდა მაცივრები, რომლებშიც უკვე მიღებული ვაქცინები ინახებოდა და საჭირო გახდა მათი მთლიანად გადაყრა.