სამი ბილბორდი რუსეთის საელჩოსთან, თბილისში. ფოტორეპორტაჟი საპროტესტო აქციიდან
“ომი რუსეთმა დაიწყო! არა რუსეთის აგრესიას და ოკუპაციას!” – ამ ლოზუნგებით თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან აგვისტოს 10 წლის თავი აღნიშნეს და კრემლის პოლიტიკა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ ლოზუნგებს – „რუსეთი ოკუპანტია“, „Stop Russia”.
აქციაზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ რუსეთი საუკუნეებია საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას ებრძვის და 2008 წლის აგვისტოს ომი სწორედ ამ ბრძოლის ნაწილი იყო.
აქციის მონაწილეებმა მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად მავთულხლართები გააბეს – სწორედ მავთულხლართების გაბმით მიმდინარეობს კონფლიქტის ზონაში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.
აქციის მონაწილეებმა საელჩოსთან ასევე სამი წითელი ბილბორდი მიიტანეს.
Russia Kills. And Still No Action? How Come? (“რუსეთი კლავს” “და მაინც არავითარი რეაქცია?” “ეს როგორ?!”) – ეწერა ბილბორდებზე. პროტესტის ეს ფორმა უსამართლობასთან ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლოდ იქცა მას შემდეგ, რაც ფილმი Three Billboards Outside Ebbing, Missouri (სამი ბილბორდი ებინგის საზღვართან, მისურიში) გამოვიდა.
აქციაზე იყვნენ სტუდენტები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები.
აქციის მონაწილეთა ნაწილი ინგლისურ და ქართულენოვან ბუკლეტებსა და სტიკერებს არიგებდა, სადაც ეწერა, რომ რუსეთი ოკუპანტია.
აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გაშარჟებული პლაკატები და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავდნენ.