“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, ბოლქვაძის ხედვები პარტიის ხედვებს ემთხვევა:

“ჩვენ ამაყნი ვართ, რომ ის ენდო რესპუბლიკურ პარტიას. ის ხედავს თბილისს, როგორც უსაფრთხო ქალაქს და ამ მიმართულებით იმუშავებს საკრებულოში.”

იურისტ ნინო ბოლქვაძეს ღიად აქვს დაფიქსირებული, რომ ლესბოსელია. ეს პირველი შემთხვევაა ქართულ პოლიტიკაში, როდესაც პარტიამ საარჩევნო სიაში ღიად ლესბოსელი კანდიდატი შეიყვანა.

ნინო ბოლქვაძე ბოლო წლებია, აქტიურადაა ჩართული ლგბტ ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლაში. ვებ-გვერდ “ლიბერალისთვის” მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ , „ამ უფლებებისთვის ბრძოლის უკეთესი გზაა, თავად გახდე გადაწყვეტილებების მიმღები, ან შეეცადო მოიპოვო მხარდამჭერი, რომელიც ლგბტ თემის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებებს”.

მისი თქმით, იდენტობის საკითხები არ არის ერთადერთი თემა, რომელიც მას აწუხებს:  „ჰაერი რომლითაც ვსუნთქავთ, მწვანე პოლიტიკა, საფრთხეები განათლების მიღების დროს – როდესაც სკოლებში ასე გავრცელებულია ბულინგი, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა, ოჯახში ძალადობა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები”, – ბოლქვაზე ამბობს, რომ “რესპუბლიკურ პარტიაში” ამ და სხვა თემებზე იმუშავებს.

„რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ „ლიბერალს” განუცხადა: „გულდასაწყვეტია, რომ როდესაც ღიად ლესბოსელი ადამიანი ხდება კანდიდატი, ეს გაოცებას იწვევს ჩვენს საზოგადოებაში”.

კორძაიას თქმით, „პრობლემაა, რომ ეს უკვირთ. ნინო კომპეტენტური ადამიანია და ძალიან ბევრის გამკეთებელია სხვადასხვა სფეროში… რელიგიურ ქვეყნებში, მაგალითად, სერბეთში, ჰყავთ ლესბოსელი პრემიერ-მინისტრი. მაგრამ იქ ეს საკითხი საუბრის თემა არ არის, იგი აირჩიეს პროფესიონალიზმის გამო. სექსუალური იდენტობა არ არის მთავარი, წამყვანი თემა. ჩვენც ვფიქრობთ, რომ სწორედ, ასე უნდა განვიხილოთ ეს საკითხიც”.

• თვითმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.