აზერბაიჯანში უკანონო რელიგიური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება
გასულ წელს უკანონო რელიგიური პროპაგანდისთვის აზერბაიჯანის 142 მოქალაქეს იურიდიული პასუხისმგებლობა დაეკისრა, – ნათქვამია აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ანგარიშში.
დაკავებულ მოქალაქეებს „აღმოუჩინეს და ამოიღეს 3 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, 145 კომპაქტური დისკი, 356 ბროშურა, რელიგიური ლიტერატურის 5 185 ეგზემპლარი, რომელთა წარმოება და იმპორტი აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა“.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყნის ქალაქებისა და სოფლების 53 მეჩეთში უკვე დაიდგა 230 სათვალთვალო ვიდეოკამერა – ამ მიმართულებით სამუშაოები გრძელდება.
უკანონო რელიგიური საქმიანობის აღკვეთის ბოლო მცდელობა ბაქოს შემოგარენში, დაბა ბუზოვნაში გასულ კვირას მოხდა. თებერვლის ბოლოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დაურეგისტრირებელ სამლოცველო სახლს „იმამ ზეინალაბდინ“- ს საქმიანობა აუკრძალეს. ამ სახლის წინამძღვარს ფახად ახმედოვს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა, საქმე სასამართლოს გადაეცა.
აზერბაიჯანში მოქმედებს 2250 მეჩეთი, მათ შორის 136 დედაქალაქში მდებარეობს. ქვეყანაში ასევე არის 14 მოქმედი ეკლესია და 7 სინაგოგა. საგულისხმოა, რომ ოფიციალურად დარეგისტრირებულია 748 საკურთხეველი და თაყვანისცემის ადგილი.