პოლიციის პოლკოვნიკის ნათქვამმა, რომ „ჰოსტელები აზერბაიჯანულ მენტალიტეტს არ შეესაბამება“, სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა." />

ჰოსტელის დახურვის გამო ატეხილი სკანდალი ბაქოში

პოლიციის პოლკოვნიკის ნათქვამმა, რომ „ჰოსტელები აზერბაიჯანულ მენტალიტეტს არ შეესაბამება“, სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

ბაქოს პოლიციამ მოულოდნელად კერძო ჰოსტელის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. იქ მცხოვრები უცხოელები ქუჩაში დარჩნენ. სოციალურ ქსელებში დიდი სკანდალი მოჰყვა არა იმდენად ამ გადაწყვეტილებას, რამდენადაც აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, პოლიციის პოლკოვნიკ ეჰსან ზაჰიდოვის კომენტარს „ჰოსტელების აზერბაიჯანულ მენტალიტეტთან შეუსაბამობის შესახებ“.

პოლიციის რაზმი ჰოსტელ Freedom-ში, იმავე სახლში მცხოვრები მეზობლის საჩივრის საფუძველზე, 8 აპრილს ღამით მივიდა და მდგმურებს ოთახების დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა. ჰოსტელის მფლობელმა ჯამიდინ მურთუზაევმა ძლივს შეძლო პოლიციის ოფიცრების დარწმუნება, რომ სტუმრებისთვის ვადა დილამდე მიეცათ და შუაღამეს ქუჩაში არ გაეყარათ. მეორე დილით მურთუზაევმა სტუმრები საკუთარი ხარჯით დააბინავა. ესენი იყვნენ – ამერიკელი, ჩინელი, ავსტრიელი და ორი უკრაინელი სტუმარი, რომლებიც ბაქოს სხვადასხვა სასტუმროში გაანაწილეს. ასევე საჭირო გახდა კიდევ იმ ექვსი ტურისტის დაბინავებაზე ზრუნვაც, რომლებსაც ამ ჰოსტელში უკვე დაჯავშნილი ჰქონდათ ადგილები.

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცსამსახურის ხელმძღვანელმა ეჰსან ზაფჰიდოვმა, ამ სიტუაციის კომენტირებისას სააგენტო 1news.az-ს განუცხადა:

მრავალბინიან სახლებში ჰოსტელების მოწყობა ხშირად ამ სახლის მცხოვრებთა უკმაყოფილების მიზეზი ხდება ხოლმე. მოცემულ შემთხვევაში, 4-სართულიანი სახლის ორი ბინა სასტუმროდ გადააკეთეს. მაგრამ ამ შენობას აქვს საერთო შესასვლელი, რომლითაც ჩვენი მოქალაქეებიც სარგებლობენ და უცხოელებიც. გარდა ამისა, ტურისტები შინ გვიან ბრუნდებიან, მუსიკას უსმენენ, ხმაურობენ, და მეზობლებს უხერხულობას უქმნიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მეზობლები ჩიოდნენ, რომ ჰოსტელი მათ კომფორტს ურღვევს. პოლიცია საქმეს სასამართლოს გადასცემს და ის გადაწყვეტს – უნდა იყოს თუ არა ეს ჰოსტელი“.

ზაფჰიდოვმა დასძინა, რომ ჰოსტელები აზერბაიჯანულ მენტალიტეტს არ შეესაბამება.

აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნაჰიდ ბაგიროვი მიიჩნევს, რომ ჰოსტელის დახურვა დაუშვებელია: “ეს უდიდეს ზიანს აყენებს ტურიზმის განვითარებას. მეწარმეს კანონები არ დაურღვევია, მას საბუთები სრულ წესრიგში ჰქონდა და ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობდა. მე სათანადო ინსტანციებს მივმართე, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ხელმძღვანელობას, და ყველანაირად ვზრუნავ, რომ ჰოსტელის საქმიანობა აღდგეს. მაგრამ ჩემი გავლენა უსაზღვრო არ არის. ალბათ ქვეყნის ხელმძღვანელობა უნდა ჩაერიოს და დაგვეხმაროს ამ სიტუაციის მოგვარებაში.

ოპოზიციური მოძრაობა REAL-ის აღმასრულებელმა მდივანმა, ეკონომისტმა ნატიკ ჯაფარლიმ მკვეთრად გააკრიტიკა ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულება. „ხალხის მენტალიტეტთან შეუსაბამობის მიზეზით ჰოსტელის დაკეტვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკონომიკაში გატარებულ რეფორმებს არავითარი ეფექტი არ მოაქვს. ვიდრე ნორმალური სამართალდამცავი სისტემა და სამართლიანი სასამართლო არ გვექნება, აზრი არ აქვს ეკონომიკური რეფორმების შედეგებზე ლაპარაკს. ჩვენს ქვეყანაში მმართველობა კანონებს კი არ ეფუძნება, არამედ – ზემოდან დადგენილ „თამაშის წესებს“.

ამ საკითხს სოციალურ ქსელებშიც გამოეხმაურნენ. გთავაზობთ რამდენიმე სახასიათო კომენტარს:

  • „გამოდის, რომ ქრთამები, კორუფცია, ხაზინის ძარცვა, შეკვეთილი სასამართლო განაჩენები, – ეს ყველაფერი შეესაბამება ჩვენს მენტალიტეტს, მაგრამ უცხოელი ტურისტების ჰოსტელებში ცხოვრება – არა?“ 
  • “მოდით, თვითონ ქვეყანა დავკეტოთ. ტურიზმიც არ შეესაბამება ჩვენს მენტალიტეტს. საერთოდაც, მენტალიტეტის კონტროლის სამართველო ხომ არ შეგვექმნა“. 
  • “სწორია. ისეთი ბირთვული სახელმწიფოები, როგორიცაა – პაკისტანი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა უჰოსტელებოდაც მშვენივრად ძლებენ; და ჩვენ რაღატომ უნდა დავეშვათ ლპობაშერეული დასავლეთის დონემდე“. 
  •  „ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ჰოსტელებმა, შესაძლოა, „სარჩო“ წაართვას იმ ძვირად ღირებულ სასტუმროებს, რომლებიც მაღალი თანამდებობის ჩინოსნებს ეკუთვნის“.

ჰოსტელი Freedom რამდენიმე მიზეზის გამო იზიდავდა ბევრ ადამიანს: მოსახერხებელი მდებარეობა, ხელმისაწვდომი ფასი, პროფესიონალური ხელმძღვანელობა, კარგი მომსახურება. ჰოსტელში ერთი ადგილი სულ რაღაც 15-20 დოლარი ღირს, და ევროპიდან, ჩინეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და აშშ-იდან ჩამოსული ტურისტები თავინთი მეგობრებს ბაქოში ჩასვლისას სწორედ ამ ადგილს ურჩევდნენ. ბოლო დრომდე ჰოსტელში ადგილები წინასწარ და დიდი ხნით ადრე იჯავშნებოდა.


ასევე წაიკითხეთ