გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების გამო ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები აქციაზე სამართალდამცველებმა მიიყვანეს" />

ჰომოფობიასთან ბრძოლისა და ოჯახის სიწმინდის დღე. როგორ აღნიშნეს 17 მაისი თბილისში

გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების გამო ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები აქციაზე სამართალდამცველებმა მიიყვანეს

17 მაისს თბილისში ერთდროულად ორი აქცია გაიმართა – მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდაჭერები ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავდნენ, რამდენიმე მეტრში კი, პარლამენტის შენობასთან, სასულიერო პირები და მათი მრევლი – ოჯახის სიწმინდის დღეს.

თუ კანცელარიის წინ აქციაზე მთავრობას ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებდნენ, პარლამენტთან აცხადებდნენ, რომ საქართველო ტრადიციული ქვეყანაა და “დაუშვებელია საქართველოში ქალი ქალთან იწვეს და კაცი კაცთან”.

ამ ორი აქციის მონაწილეები ერთმანეთისგან პოლიციის კორდონით იყვნენ გაყოფილნი. ერთმანეთს რომ გადაკვეთოდნენ, თბილისის ცენტრში სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.

აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა. როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ მხოლოდ ეს დრო მისცა აქციის გასამართად.

ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები აქციაზე სამართალდამცველებმა სპეციალურად მობილიზებული ყვითელი მიკროავტობუსებით მიიყვანეს. აქცია არც სოციალურ ქსელში არ დაანონსებულა – ადამიანთა მხოლოდ მცირე ჯგუფმა იცოდა, თუ სად და როდის იკრიბებოდნენ.


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის აქცია, ფოტო: სოფო აფციაური

მთელი ეს კონსპირაცია იმისთვის გახდა საჭირო, რომ ოთხი წლის წინანდელი მოვლენები არ განმეორებულიყო. 2013 წლის 17 მაისი თბილისის ცენტში ჰომოფობიის წინააღმდეგ შეკრებილი რამდენიმე ათეული ადამიანი სასულიერო პირებმა და მათმა მხარდაჭერებმა სასტიკად დაარბიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

2014 წელს ჰომოფობიის დღის საპირისპიროდ, ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოეცხადებინა. ამ ინიციატივის ავტორი თავად  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.

მას შემდეგ უკვე მესამე წელია, 17 მაისს რუსთაველზე ხატებითა და ჯვრებით აღჭურვილი სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები მსვლელობას აწყობენ.

ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავ აქციას მმართველი გუნდის წარმომადგენელი პოლიტიკოსებიც დაესწრნენ. მაგალითად, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტში ქართულ ტრადიციულ სამოსში, ჩოხაში გამოწყობილი მივიდა.

ეს აქცია დროში შეზღუდული არ ყოფილა და უფრო დიდხანს გაგრძელდა. აქციაზე ბევრი ბავშვი იყო, რომლებიც აქ მშობლებმა მოიყვანეს.


ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა, ფოტო: ლევან მიქაძე

პარლამენტთან სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს,  აწყურის ღვთისმშობლის ხატი მიიტანეს, შემდეგ კი კონცერტი გაიმართა, სადაც პატრიოტული სიმღერები ისმოდა. მოგვიანებით ოჯახის სიწმინდის დამცველები სამების ტაძრისკენ გაემართნენ, სადაც კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ  პარაკლისი გადაიხადა და 6 და მეტშვილიანი ოჯახები “მამულისთვის თავდადებული მშობლების სიგელით” დააჯილდოვა. წელს ასეთ სიგელს 100 ოჯახი მიიღებს.

  • 17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
  • სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება ჰომოფობია, ტრანსფობია და სიძულვილის ენა. ომბუდსმენის თქმით, ადამიანებს გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის გამო, არათანასწორად ეპყრობიან და მათ უფლებებს არღვევენ, ხოლო სახელმწიფოს ამის საწინააღმდეგოდ ფორმალური ხასიათის მინიმალურ ნაბიჯებს დგამს.
  • ლგბტ აქტივისტების თქმით, უსაფრთხოების ის ზომები, რომლებიც 17 მაისს იყო მიღებული, კიდევ ერთხელ უჩვენებს, თუ რამდენად ირღვევა ქვეყანაში ლგბტ ადამიანების უფლებები და რა რთულ გარემოში უწევთ მათ ყოფნა.
  • იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ საქართველოში ტრანსგენდერები, წაიკითხეთ JAMnews-ის სტატია.

ასევე წაიკითხეთ