ექსპერიმენტი ბაქოს ქუჩებში, რომელი უფრო უსაფრთხოა?" />

ჰიჯაბი შორტების წინააღმდეგ

ექსპერიმენტი ბაქოს ქუჩებში, რომელი უფრო უსაფრთხოა?

რას გრძნობთ, როდესაც თქვენკენ ჰიჯაბში გამოწყობილი ქალი მოემართება? და რა გრძნობა გეუფლებათ, როდესაც “მთლიანად დაფარულ”, მხოლოდ თვალები რომ უჩანს, ისეთ ქალს ხედავთ? გსიამოვნებთ, თუ გეშინიათ? არასდროს გიფიქრიათ, რას გრძნობენ თავად მუსლიმი ქალები? ასეთი ექსპერიმენტები ჟურნალისტებს უკვე ჩატარებული აქვთ სხვადასხვა ქალაქში. სიდნეიში ჰიჯაბში გამოწყობილ ჟურნალისტს განსაკუთრებული არაფერი დამართნია; არაორდინალური მოსკოვშიც არაფერი მომხდარა; ესტონეთში კი ექსპერიმენტის ჩამტარებლებს მთელი დღის განმავლობაში შეურაცხყოფდნენ და კინაღამ სცემეს კიდეც.

ჰიჯაბი

ასეთივე ექსპერიმენტის ბაქოში ჩატარების იდეა პარკში სეირნობისას გამიჩნდა, როდესაც ათიოდე წლის ჰიჯაბებიანი ორი გოგონა დავინახე. ისინი რუსულად მეტყველებდნენ, საკმაოდ აქტიურები იყვნენ, გორგოლაჭებით სრიალებდნენ და, ტანსაცმლის გარდა, საერთოდ არაფრით გამორჩეოდნენ სხვა ბავშვებისგან. დავინტერესდი, რას გრძნობენ და როგორ აღიქვამენ თავს საზოგადოებაში.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი სეკულარული სახელმწიფოა, მოსახლეობის უმრავლესობა ისლამის მიმდევარია. ქუჩაში ძალიან ბევრ ქალს მუსლიმური ტანსაცმელი აცვია. 

ელნარა (მისი თხოვნით სახელი შეცვლილია) სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში გავიცანი. ის პოზიტიური ადამიანი და ორი შვილის აქტიური დედაა. ელნარა დამთანხმდა, დამხმარებოდა ექსპერიმენტის ჩატარებაში და საჭირო “აღჭურვილობით” უზრუნველმყო. მან ამიხსნა, როგორ უნდა ჩამეცვა ეს ყველაფერი და მიამბო, თავად როგორ მივიდა ისლამამდე.

მაშინ ელნარა მოსკოვში ცხოვრობდა. “რვა წლის წინათ მამაჩემი გარდაიცვალა. ძალიან დავითრგუნე. ჩემ გვერდით ახლობელი არავინ იყო, ამიტომ ნუგეშის მისაღებად მეჩეთში წავედი, სადაც მანუგეშეს. ამის შემდეგ კი მივხვდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ეთნიკური მუსლიმი ვარ, ნამაზის სიტყვები არ მესმის. მრცხვენოდა ამის გამო. ჩვენი სახლის მახლობლად მდებარე მეჩეთში საკვირაო სკოლის მსმენელების მიღება გამოცხადდა და მეც გაკვეთილებზე სიარული დავიწყე. ვსწავლობდით რწმენის საფუძვლებს, არაბულ გრამატიკას, წინასწარმეტყველების ცხოვრებასა და თაჯვიდს [ყურანის სწორად კითხვის წესი და ყურანის შესაბამისი დისციპლინა].

შესაძლოა, უცხოელი გააოცოს ტერმინმა “ეთნიკური მუსლიმი”, მაგრამ აზერბაიჯანში ეს კონცეფცია ფართოდაა გავრცელებული. ამა თუ იმ რაიონის მკვიდრი მოსახლეობა დაბადებიდანვე სუნიტებად, ან შიიტებად მიიჩნევს თავს. ამას გარდა, ყველა აზერბაიჯანელი იმთავითვე მუსლიმად მიიჩნევა და არც ისე ბევრი ადამიანი ფიქრობს არჩევანზე – იმაზე, თუ რომელ რელიგიას მიაკუთვნოს თავი.

სწავლების პირველ წელს ელნარა თავსაბურავს არ ატარებდა – ჰიჯაბს მხოლოდ მეჩეთში ჩატარებული გაკვეთილების დროს იხურავდა. “გაკვეთილებზე იმამი ამბობდა, რომ ზოგიერთი მუსლიმი ქალი მეჩეთში თავსაბურავით შედის, მაგრამ გამოსვლისას ჰიჯაბს იხსნის, რაც ფარისევლობააო, – ღიმილით აღნიშნა ელნარამ, – და მე ვიფიქრე, რომ ეს ნათქვამი მეც მეხებოდა – მეც მხოლოდ გაკვეთილების დროს ვიფარებდი თავსაბურავს. და საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ თავსაბურავით ვივლიდი. ასეც მოხდა – სამშობიაროდან ჰიჯაბით გამოვედი.”

ელნარას თქმით, იგი მუსლიმური ტანსაცმლის ტარებისას რაიმე უხერხულობას არ გრძნობს. “თავიდან უჩვეულო იყო – ხშირად ვგრძნობდი გაოცებული გამვლელების მზერას, მაგრამ მოგვიანებით შევეჩვიე.”

ბაქოელი მუსლიმი ქალების თქმით, ისლამი მათ საერთოდ არ ზღუდავთ. მათ შეუძლიათ, სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ – ისეირნონ ქალაქში, გაერთონ, დაკავდნენ სპორტით, იმუშაონ… მკაცრი შეზღუდვები ისლამის უფრო რადიკალური მიმდინარეობებისთვისაა დამახასიათებელი. ასეთი აკრძალვები გავრცელებულია საუდის არაბეთსა და მთელ რიგ სხვა მუსლიმურ ქვეყნებში. იქ ქალს უფლება არ აქვს, ქმრის, ან მამრობითი სქესის ნათესავის გარეშე გავიდეს გარეთ. ზოგიერთ ქვეყანაში ქალებს ავტომობილის მართვის უფლება არ აქვთ (ან ამისათვის მეუღლის ნებართვა სჭირდებათ); ნებართვის გარეშე, მათ მკურნალობა, მოგზაურობა და განათლების მიღებაც ეკრძალებათ.

მუსლიმი ქალის სამოსი, რომელიც აზერბაიჯანშია გავრცელებული, საკმაოდ მარტივი მოსახმარია. ელნარას თქმით, ნებისმიერი ტანსაცმლის ჩაცმა შეიძლება – მთავარია, მხოლოდ ხელის მტევნები და სახე იყოს ღია. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ეს წესი გოგონებს საშუალებას აძლევს, მოდურად გამოიყურებოდნენ. თავად ელნარას ხასხასა ფერის გრძელსახელოებიანი ბლუზი (სასურველია, სახელოები ვიწრო იყოს, რათა ხელის მაღლა აწევის შემთხვევაში ქალს მკლავი არ გამოუჩნდეს) და გრძელი ფერადი ქვედაბოლო ეცვა. ფეხზე მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი ემოსა.

მაგრამ მე სხვა მიზნები მქონდა. მინდოდა, სრული აღჭურვილობა მქონოდა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ არამხოლოდ ჰიჯაბი, არამედ ნიქაბი დამეხურა. ასეთი თავსაბურავი მთლიანად ფარავს სახეს – მხოლოდ თვალებისთვის რჩება ჭრილი. არ ვიცოდი, სად მეშოვნა, მაგრამ ენარამ გამოსავალი იპოვა. აღმოჩნდა, რომ ნიქაბად უბრალო თავსაფარიც შეიძლება გამოიყენო, რომელიც ისე უნდა დაიმაგრო, რომ სახე დაიფაროს. სრული გარდასახვისთვის ელნარასგან აბაია (ესაა შავი ფერისა და თავისუფალი თარგის გრძელი მუსლიმური კაბა, რომლის საყელო და სახელოები შეიძლება ფერადი ორნამენტით – ნაქარგით, მძივით, ან შტრაზებითაც კი იყოს გაწყობილი) ვითხოვე.

როგორც იქნა, დადგა ჭეშმარიტების მომენტი. მეზობლებისათვის სამსჯელო თემა რომ არ მიმეცა, გადავწყვიტე, ტანსაცმელი “28 მოლის” “ქალების ოთახში” გამომეცვალა. სრული გაოგნება რომ არ გამომეწვია, გადავწყვიტე, ტანსაცმელი არა უშუალოდ ტუალეტში, არამედ დედებისთვის განკუთვნილ პატარა ოთახში გამომეცვალა. ასეთ ოთახებში ბავშვებს აჭმევენ და საფენებს უცვლიან ხოლმე. ორი გოგონა აქაც მაკიაჟს იკეთებდა. ოდნავ შევყოყმანდი, მაგრამ გადავწყვიტე, მაინც აქ გამომეცვალა ტანსაცმელი.

ყველაზე რთულია თავსაბურავის პატარა ქინძისთავებით შეკვრა ისე, რომ არ ჩამოცურდეს და თმა არ გამოჩნდეს. ამის შემდეგ თავსაბურავი საგულდაგულოდ უნდა დამემაგრებინა სახეზე და ამისთვის თავსაფარი საფეთქლებთან ქინძისთავებით უნდა დამეჭირა ისე, რომ მხოლოდ თვალები დამრჩენოდა ღია. სამწუხაროდ, არ მიყიდია სპეციალური თავსაბურავი, რომელსაც მუსლიმი ქალები თავსაფარის ქვეშ იხურავენ – ესაა ბრტყელი ქუდი, რომელსაც უშუალოდ თავზე იხურავენ. ასეთი ქუდი მთლიანად ფარავს თმას – მ.შ. გრძელი თმის დალალებსაც. უკიდურეს შემთხვევაში, გლუვი ნაჭრის “ფერსოც” (“აბადოკი”) გამოდგება, რომელსაც შუბლზე იმაგრებენ თმის ზოლისა და გვერდითა კულულების დასამალად.

გოგონები ინტერესით მაკვირდებოდნენ. გავიგონე, როგორ გადაულაპარაკა ერთმა მეორეს: “არადა, მშვენიერი ტანი აქვს…” როგორც ჩანს, მათ წესების დამრღვევი “განდგომილი” ვეგონე, მუსლიმური ტანსაცმლის გარეშე რომ ერთობა, და შემდეგ ტანსაცმლის გამოსაცვლელად და ჩვეული იერის მისაღებად “დედების ოთახში” შედის.

ტანსაცმლის გამოცვლის შემდეგ გამოვედი და გავემართე დიდი მაღაზიისკენ, რომელსაც Music Gallery ჰქვია და იმავე სავაჭრო ცენტრში, პირველ სართულზე მდებარეობს. მაღაზიებში მარტო მოსეირნე, ნიქაბში გამოწყობილი ქალი საკმაოდ უცნაური მოვლენაა. როგორც წესი, ისინი, ვისაც ნიქაბი აცვია, ან ჯგუფებად დადიან, ან – მამაკაცის თანხლებით. ვიგრძენი, როგორი ინტერესით, ერთგვარი დაძაბულობითა და სიფრთხილით მიყურებდა რამდენიმე ადამიანი. ბავშვები უფრო ცუდად მალავენ ემოციებს. მათი დაძაბულობა უფრო შესამჩნევი იყო. ათიოდე წლის ბიჭუნამ სიფრთხილით ამიარა გვერდი და ჩემ გარშემო რკალისებური ტრაექტორიით დაიწყო მოძრაობა.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალბედასთვის ასეთი ტანსაცმლის ტარება ცოტა რთულია. განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის თავსაბურავი – ნიქაბის ქვედა ნაწილი თავისუფალ კალთებად კიდია და მხედველობის არეს ამცირებს. კიბეზე და ესკალატორთან რამდენჯერმე წავბორძიკდი, ჩანთიდან საჭირო ნივთების ამოღება გამიჭირდა, რადგან თვალები ქვევით დავხარე.

მაღაზიაში შევედი და რიგებს შორის დავიწყე სიარული. აქაც იგივე სიტუაცია დამხვდა. მცირე ხნით ვიპყრობდი ადამიანების მზერას, თუმცა, ალბათ იმიტომ, რომ დაჟინებით თვალიერება ცუდი ტონია, სწრაფადვე მაშორებდნენ თვალს. ჩემი ახალი სტატუსის გათვალისწინებით, მამაკაც კონსულტანთან მისვლა შეუფერებელი საქციელი იქნებოდა. ამიტომ, უბრალოდ მაღაზია დავათვალიერე. საგულისხმოა, რომ დაცვის ზორბა თანამშრომელი თვალს არ მაცილებდა. მისი კიდევ უფრო მეტად დაძაბვა არ მინდოდა და ამიტომ გადავწყვიტე, მაღაზიიდან გამოვსულიყავი.

გეგმის მიხედვით, ამის შემდეგ მეტროთი უნდა მემგზავრა. შესასვლელში მდგარმა პოლიციელმა, ჩემდა სამწუხაროდ, საერთოდ არ მომაქცია ყურადღება. როგორც ჩანს, არაბ ტურისტად მიმიღო. ამოცანის “გასართულებლად” გადავწყვიტე, ვინმეს გამოვლაპარაკებოდი. 20 გიაპიკის ღირებულების მონეტა მოვამზადე (ბაქოში მეტროთი მგზავრობის საფასურს ბარათით იხდიან, მაგრამ, იმ ადამიანებს, რომლებიც იშვიათად მგზავრობენ, ხშირად ასეთი ბარათები ან არ აქვთ, ან სახლში რჩებათ. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება მიხვიდე გადახდის ტერმინალთან, ვინმეს გაუწოდო მონეტა და სთხოვო, თავისი ბარათით გაგატაროს) და ერთ ახალგაზრდა კაცს მივმართე, თავშეკავებულად დამიქნია თავი და, რა თქმა უნდა, გამატარა.

ესკალატორზე ხალხი ინტერესით მაკვირდებოდა. ზოგიერთი დაუფარავად მაცქერდებოდა და თანმხლებ ადამიანს იდაყვს კრავდა, რომ იმასაც შემოეხედა ჩემთვის. სამწუხაროდ, ყველა მზერა და გადალაპარაკება ვერ დავაფიქსირე – ტანსაცმელიც მიშლიდა ხელს, და სტატუსიც.

მარშრუტის მომდევნო მონაკვეთს ისთიგლალიათის ქუჩა წარმოადგენს. საბედნიეროდ, ზაფხული დამთავრდა და გარეთ ხვატი აღარ იდგა, მაგრამ მონუმენტურ აბაიაში მაინც მცხელოდა. სიცხეს სახეზე მოხვეული ზეწარიც ამძიმებდა. ოდნავ მაინც  რომ გავგრილებულიყავი, წვენი ვიყიდე – რა თქმა უნდა, საწრუპი მილით, რადგან ბოლომდე არ მქონდა წარმოდგენა, როგორ უნდა დამელია. მაღაზიის გამყიდველიც საკმაოდ თავშეკავებული და სრულიად უემოციო აღმოჩნდა. ან შესაძლოა, მის მაღაზიაში ბევრჯერ ყოფილან არაბი ტურისტები.

სეირნობამ დამღალა და შადრევნების მოედნის მახლობლად მდგარ სკამზე ჩამოვჯექი. გამვლელები ინტერესით მაკვირდებოდნენ, მაგრამ მთლიანობაში ამ გარემოებას უკვე შევეჩვიე

გამიჭირდა წვენის დალევა. იძულებული გავხდი, წვენის ყუთი შარფის კიდესთან მიმეტანა. სიმართლე გითხრათ, ვერც კი წარმომიდგენია, როგორ უნდა მოვიქცე, თუკი ასე ჩაცმულს მომიწევს ჭამა. ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის მიხედვით (რაც  უნდა გასაკვირი იყოს, მასალები ამ საკითხის შესახებ არც ისე ბევრია), ამ შემთხვევაშიც, ნიქაბის ქვედა ნაწილი ოდნავ უნდა მოვხაროთ და საჭმლის პატარა ლუკმები ფრთხილად უნდა ჩავიდოთ პირში.

მთლიანობაში ასეთ ტანსაცმელს უნდა შეეჩვიო. “ჩვეულებრივი” მუსლიმი გოგონებისთვის ჰიჯაბის ტარება ნამდვილად უფრო ნაკლებ პრობლემასთანაა დაკავშირებული. და როგორც უკვე აღვნიშნე (და ეს აზრი ელნარას ნათქვამს შეესაბამება), პირველ რიგში, მუსლიმური ტანსაცმლის ტარების შინაგანი მოთხოვნილება უნდა გაგიჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში ჰიჯაბში გამოწყობილი უამრავი ქალი დადის, არც ისე ხშირად შეხვდებით ქალს, რომელსაც ნიქაბი აფარია. ელნარას თქმით, ყურანი მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ ღია მხოლოდ სახე და ხელის მტევნები იყოს. “ნიქაბს, სავარაუდოდ, ან საკუთარი ნებით იცვამენ, ან მეუღლისა თუ ოჯახის თხოვნით,” – ამბობს ის. საერთოდ კი, ინტერნეტში გავრცელებული მასალების მიხედვით, ნიქაბი აუცილებელი არ არის.

ელნარას თქმით, ჰიჯაბის ტარება მას საშუალებას აძლევს, თავი დაცულად იგრძნოს. “ქუჩაში დავდივარ და ვიცი, რომ ზოგიერთი ადამიანის მოურიდებელი მზერა, ან სიტყვები ჩემკენ არ იქნება მომართული. დააკვირდით, როგორ უყურებენ ჰიჯაბში გამოწყობილ გოგონას და როგორი მზერით აცილებენ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც მოკლე კაბა აცვია.”

მიუხედავად ამისა, ბევრი ბაქოელი მუსლიმი ქალი ჩივის, რომ სამსახურში მიღების მხრივ დისკრიმინაციას განიცდიან – ამასთან, არამხოლოდ მომსახურების სფეროში, არამედ ოფისის სამსახურის შემთხვევაშიც.

ბავშვების ტანსაცმელთან დაკავშირებით ელნარა აღნიშნავს, რომ ისლამის კანონების მიხედვით, გოგონებმა ჰიჯაბი ათი წლის ასაკიდან უნდა ატარონ. ჩემმა შეკითხვამ – “და თუ მას ეს არ უნდა?” – ახალგაზრდა ქალი გულწრფელად გააოცა. “თუკი გოგონა მორწმუნეთა ოჯახში ცხოვრობს და ხედავს, როგორ იმოსება დედამისი, მისთვის ეს ბუნებრივი და ნორმალური უნდა იყოს. რატომ შეიძლება უნდოდეს რაიმე სხვა? ამასთან, მუსლიმურ ოჯახებში გოგონას მოკრძალებულად მოქცევასა და ჩაცმას ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან; ის არ მოიქცევა ისე თამამად, როგორც თავსაბურავის გარეშე გამოსული გოგონა.”

შორტები

 “ოჰ, შე კახპა!” – ალერსით ჩაიმღერა გრძელ, ფერად ქვედაბოლოში გამოწყობილმა მოხუცმა ქალმა, რომელიც მაღაზიიდან გამოსვლისას მე გადამეყარა.

ზაფხულის ცხელ დღეს სახლიდან მაღაზიაში ამინდისა და ოჯახური მდგომარეობის შესაფერისად ჩაცმული გამოვედი – მაისური და, მერწმუნეთ, საკმაოდ გრძელი შორტები მეცვა. მაგრამ პერიფერიაზე, ბაქოს ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრებას თავისი წესები აქვს. აქ ყველა გოგონა მორცხვად ხრის თვალებს მაშინ, როდესაც ვაჟი უახლოვდება, მეზობელი მამაკაცი კი ქალს არასდროს ესალმება პირველი, რათა მეძიებლობაში არ დაადანაშაულონ.

ამიტომ ჩემი ექსპერიმენტი – ჩვენი გარეუბნიდან ქალაქის ცენტრამდე შორტებით სეირნობა – შეიძლება საკმაოდ სარისკო აღმოჩნდეს. ექსპერიმენტის სიზუსტისათვის ძველი ჯინსის შარვალი გადავჭერი და სახელდახელოდ შექმნილ შორტებს ტოტები ავუკაპიწე.

მაგრამ, სიმართლე ითქვას, ჩემი ექსპერიმენტის “გარეუბნული” და “ქალაქური” ნაწილები ძალიან არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ზოგჯერ ქალები დაჟინებით მაკვირდებოდნენ. მოხუცები განსაკუთრებულად გამკიცხავად მაცქერდებოდნენ, ახალგაზრდა ქალების სახეზე კი, რატომღაც, ირონიულ ღიმილს ვამჩნევდი. მამაკაცები ცდილობდნენ, მეც და ჩემი შორტებიც უყურადღებოდ დაეტოვებინათ.

მეტროში ჩემ პირდაპირ ორმოცდაათიოდე წლის კაცი იჯდა. რამდენჯერმე მომეჩვენა, რომ “რაღაცას მანიშნებდა”, მაგრამ ბოლოს დავრწმუნდი, რომ არაფერს მანიშნებდა და უბრალოდ ნერვული ტიკი ჰქონდა.

ქალაქში მოკლე შორტების მიმართ შედარებით ლოიალური დამოკიდებულება აქვთ. ახალგაზრდა გოგონები უფრო მოკლე ტანსაცმელსაც კი იცვამენ. ბიჭებს სურთ, რომ “ქვედა” და “ზედა” ნაწილები ერთმანეთს შეესაბამებოდეს. თუკი გოგონა არც ისე ლამაზია, მას გაკიცხავენ, მაგრამ თუკი კარგად გამოიყურება, შიშველი ფეხები ერთგვარი “ბონუსია”.

ჰიჯაბის შემთხვევაში, ფარული დაბრკოლებაა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებული სიძნელეები; მაგრამ, თუკი ბიზნესმენს არ სურს, ოფისში ჰიჯაბში გამოწყობილ ქალს ხედავდეს, შორტებიან გოგონას სხვა პრობლემა აქვს – აზერბაიჯანელი ბიჭების უმრავლესობას ასეთი გოგონა საკუთარი შვილების დედად ვერ წარმოუდგენია. შეიძლება კამათი იმაზე, თუ მოსახლეობის რამდენი პროცენტი მიიჩნევს შორტებში გამოწყობილ გოგონებს გარყვნილებად, მაგრამ ეჭვს არ იწვევს, რომ ასეთი სტერეოტიპი არსებობს.

დავუბრუნდეთ უსაფრთხოების საკითხს. სტერეოტიპური წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მოკლე ტანსაცმელში გამოწყობილი გოგონა აუცილებლად მეძიებლობის ობიექტი გახდება, სიმართლეს არ შეესაბამება. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ქალაქში ბევრი ტურისტი ქალია. ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნე, განსაკუთრებული გაკიცხვა არ შემინიშნავს. შეიძლება ითქვას, რომ იგნორირებას მიკეთებდნენ.

შორტების მიმართ დამოკიდებულება კი ვარირებს იმის მიხედვით, თუ რა გარემოებაში ატარებენ ასეთ ტანსაცმელს. “აღმოსავლელი ქალის” მენტალიტეტის ნარჩენების გამო, მცირე დისკომფორტს ვგრძნობდი იმ პატარა მაღაზიების გვერდით ჩავლისას, რომლებშიც, ბევრად უფრო “მოკრძალებულად” ჩაცმული, ყოველდღიურად ვყიდულობ ბოსტნეულს. ქალაქის ცენტრში დისკომფორტი საერთოდ არ იგრძნობა.

საერთოდ კი, ნებისმიერ ტანსაცმელს შეიძლება შეეჩვიო – მათ შორის, ნიქაბსაც. თუკი ნევროზული იერით (დიახ, ნიქაბში ეს ნაკლებად შესამჩნევია) და არც ისე მტკიცე ნაბიჯით ივლი, და თან გამუდმებით ტანსაცმლის ამა თუ იმ ნაწილის გასწორებას შეეცდები, საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობ და შფოთვას გამოიწვევ. მაგრამ თუკი მშვიდი და საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ, ეს შინაგანი შეგრძნება გარშემომყოფებსაც გადაეცემათ.

გამოქვეყნდა: 21.09.2016


ასევე წაიკითხეთ