რამდენი ქალი მიაღწევს ფინიშის ხაზს არჩევნებზე, რომელიც სომხეთში აპრილის დასაწყისში გაიმართება " />

„ჯენტლმენები კი დარჩნენ, მაგრამ ადგილები აღარ დარჩა“

რამდენი ქალი მიაღწევს ფინიშის ხაზს არჩევნებზე, რომელიც სომხეთში აპრილის დასაწყისში გაიმართება

ამჟამად მსოფლიოში ყოველი მეხუთე დეპუტატი ქალია, სომხეთში კი ეს მაჩვენებელი დეპუტატთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს. მაგრამ ეს, რბილად რომ ვთქვათ, მოკრძალებული მაჩვენებელიც კი საარჩევნო კოდექსში დაფიქსირებული გენდერული კვოტების წყალობით განისაზღვრა.  სხვა საკითხია, თუ რამდენად ეფექტიანია ეს რეგულაცია. ეს პრობლემა ა.წ. აპრილისთვის დაგეგმილი არჩევნების წინ განსაკუთრებულ  აქტუალურობას იძენს.

გაეროს მონაცემების მიხედვით, მოფლიოს ყოველ მეორე ქვეყანაში ამა თუ იმ  ტიპის კვოტირებას იყენებენ, რაც არ გამორიცხავს ამ წესის მოწინააღმდეგეების არსებობას როგორც მამაკაცების, ისე ქალების რიგებში. როგორც წესი, მამაკაცები სვამენ კითხვას: „ვისი ბრალია, რომ მამაკაცი პირველი აღწევს ფინიშის ხაზს? “. და მაშინ ის ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „ფორა“ აუცილებელია, მამაკაცების შეკითხვას შეკითხვითვე პასუხობენ: „და ვისი ბრალია, რომ მამაკაცები პირდაპირ მირბიან, ქალებს კი დაბრკოლებების გადალახვით უწევთ სირბილი?”

ქალებს შორის კვოტების წინააღმდეგ, როგორც წესი, ის მოღვაწეები გამოდიან, რომლებმაც პოლიტიკურ ცხოვრებაში უკვე დაიპყრეს გარკვეული სიმაღლეები და ამიტომ ისინი ყოველთვის აღნიშნავენ, რომ მათ წარმატებას ყოველგვარი შეღავათების გარეშე მიაღწიეს. ასეთი ქალები მიიჩნევენ, რომ საკუთრივ კვოტების დაწესების ფაქტი მდედრობითი სქესის არასრულფასოვნებაზე მეტყველებს და ქალებს შეურაცხყოფს. ასეთ შემთხვევებში კვოტების მომხრეები სკეპტიკოსებს სთავაზობენ, დაფიქრდნენ იმაზე, თუ რამდენად შეურაცხმყოფელად შეიძლება მივიჩნიოთ თანასწორობისა და სამართლიანობისათვის ბრძოლა.

რესპუბლიკის საზოგადოებრივ სექტორში კვოტების შემოღების აუცილებლობას ხშირად ცნობილი ანეკდოტის საშუალებით აღწერენ ხოლმე:ავტობუსში ქალბატონი ავიდა. მიმოიხედა და შენიშნა, რომ  დასაჯდომი ადგილების დიდ ნაწილს  ახალგაზრდა მამაკაცები იკავებდნენ. იმედი ჰქონდა, რომ ვინმე დაუთმობდა ადგილს, მაგრამ იძულებული გახდა, რამდენიმე გაჩერება ფეხზე მდგარს გაევლო. ბოლოს ნაწყენმა ქალბატონმა შესძახა: „რა ხდება, ნუთუ აქ საერთოდ აღარ დარჩნენ ჯენტლმენები?!“, ერთ-ერთმა მგზავრმა კი უპასუხა: „ჯენტლმენები კი დარჩნენ, მაგრამ ადგილები აღარ დარჩა“.

კვოტების მოწინააღმდეგეებს ძალიან უყვართ იმის აღნიშვნა, რომ კვოტირება ხელოვნური პროცესია. ისინი აცხადებენ, რომ ბუნებრივად განვითარებად პროცესებს ემხრობიან.  ამ საკითხში სომეხ ამომრჩევლებს პოლიტიკოსებზე გაცილებით უფრო პროგრესული პოზიცია აქვთ. 2008 წლიდან დღემდე ჩატარებულ თითქმის ყველა სოციალური გამოკითხვა ცხადყოფს, რომ რესპოდენტთა თითქმის 60% ქალებისათვის კვოტების დაწესებას ემხრობა. ამასთან კვოტის ოპტიმალურ მაჩვენებლად უმრავლესობა მიიჩნევს შუალედს 30%-დან 50%-მდე, ანუ დღეს საზოგადოებას სურს, რომ სომხური პარტიების მიერ სიებით განსაზღვრულ რაოდენობაზე უფრო მეტი ქალი იხილოს პარლამენტში. კიდევ უფრო რადიკალური პოზიცია აქვს ახალგაზრდობას, რომელიც მოითხოვს შეფარდებას 50/50.

ყველა ეს დისკუსია ძალიან ჰგავს პოლიტიკურ ვაჭრობას, მაგრამ კვოტების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით გამოკითხვის ჩატარების საკითხმა აქტუალურობა მაშინ დაკარგა, როდესაც ეს ნორმა სახელმწიფოს გენდერული პოლიტიკის კონცეფციისა და საარჩევნო კოდექსის ნაწილად იქცა. მიუხედავად ამისა, კვოტების მოცულობისა და მათი გამოყენების ეფექტიანობის პრობლემა სომხეთში ცხარე დებატების საგნად რჩება.

რატომ გადაიდო ოცდააპროცენტიანი კვოტის დამტკიცება მომდევნო არჩევნებამდე

გასულ წელს ახალი საარჩევნო კოდექსის გარშემო გამართული დისკუსიების შედეგად დადგინდა, რომ პარტიების პროპორიულ სიებში სქესთა შორის თანაფარდობა განისაზღვრებოდა მაჩვენებლით 30/70. თუმცა, ქალების სახით პოლიტიკურ პარტიებს არაპროგნოზირებადი ძალებთან მოუწევდათ გამკლავება. ამ გარემოებამ  კანონპროექტის ავტორები აიძულა, შემოთავაზებული ნორმის დამტკიცება 2021 წლამდე გადაედოთ. გარდამავალი რეგულაციის მიხედვით, 2017 წლის არჩევნებზე, რომელიც 2 აპრილს ჩატარდება, იმოქმედებს შეფარდება25/75.
კანონმდებლებმა ვერ წარმოადგინეს რაიმე დამაჯერებელი  არგუმენტი, რომელიც განმარტავდა, თუ რატომ უნდა გადაიდოს პარტიული სიებში 30-%-იანი კვოტის დაწესება მომდევნო არჩევნებამდე. ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არის დამაჯერებელი განმარტებები, რომელთა მიხედვითაც  ნელი, თანმიმდევრული პროცესები წარმატების გარანტიას იძლევა, იმიტომ რომ 1995 წლიდან დღემდე პარლამენტში წარმოდგენილი ქალების პროცენტული რაოდენობა  მხოლოდ 4 ერთეულით გაიზარდა. პირველი მოწვევის პარლამენტში ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენდა, ამჟამად მოქმედ (მეხუთე მოწვევის) პარლამენტში კი ქალები დეპუტატთა საერთო რაოდენობის 10%-ს შეადგენენ.

საფუძველს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ  კვოტის მკვეთ ზრდა პოლიტიკურ ძალებს პრობლემებს შეუქმნის და პარტიები ვერ მოახერხებენ სიებში ისეთი ქალების ჩართვას, რომლებიც პარლამენტში მუშაობისთვის იქნებიან მზად. გასულ წელს, შემოდგომაზე, რესპუბლიკის ორ დიდ ქალაქში – გიუმრიში და ვანაძორში – ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნები გაიმართა. კენჭისყრამდე, რომელიც პროპორციული სისტემით ჩატარდა, პარტიებმა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები „გადაჭარბებით“ შეასრულეს და საარჩევნო სიებში ქალების რაოდენობა, კანონით დადგენილი 25-ის ნაცვლად, 30%-მდე გაზარდეს. ამასთან, ბევრმა პარტიამ ქალი კანდიდატების სახელები სიების პირველ სამეულებშიც კი ჩაწერა.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიებმა კანონის მოხოვნა გადაჭარბებით შეასრულეს და საბოლოოდ პარტიულ სიებში ქალების რაოდენობა საერთო რაოდენობის 28-38%-ს შეადგენს. 9 პარტიისა და ბლოკის სიებში ქალების რაოდენობის პროცენტული წილის საშუალო მაჩვენებელი  თითქმის 30%-ს უდრის.

ეს გარემოება ამტკიცებს იმას, რომ 30%-იანი კვოტის შექმნას აზრი არ ჰქონდა. პარტიების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ამავე პარტიებში ქალების  რაოდენობა მთლიანი აქტივის 40-დან 70%-მდე მერყეობს.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ქალია მზად პარლამენტში სამუშაოდ, კარგი იქნება, იგივე შეკითხვა მამაკაცებთან მიმართებითაც დაისვას. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სომხეთში ქალთა განათლების დონე მამაკაცების  ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება და თუკი განათლებლი და მომზადებული ქალები პარტიის გარეთ რჩებიან, პრობლემის მიზეზს უშუალოდ პარტიები წარმოადგენენ, და არა ქალები. სხვათა შორის, საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, კვოტები მშვენიერ სტიმულს წარმოადგენს იმისათვის, რომ პარტიებმა საკუთარი საკადრო პოტენციალის ამაღლებაზე იზრუნონ. როგორც წესი, კვოტირების შემთხვევაში, იზრდება როგორც ქალი, ისე მამაკაცი პოლიტიკოსების ხარისხი.

წინაისტორია

საარჩევნო კოდექსში ქალებისათვის განსაზღვრული კვოტები პირველად  თხუთმეტი წლის წინ გაჩნდა. მანამდე კი, მთელი ათი წლის მანძილზე, კვოტირების სისტემას ებრძოდნენ და „საბჭოთა წარსულის“ გადმონაშთად მიიჩნევდნენ. მაგრამ აშკარა ხდებოდა, რომ ქალები საკუთარი გზებით პარლამენტში შეღწევას ვერ ახერხებდნენ.

სომხეთის პარლამენტის ისტორიაში ფიქსირდება შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსებმა უშედეგო ექსპერიმენტი ჩაატარეს. 1995 წელს, ხელისუფლების აშკარა პატრონაჟით, პირველი მოწვევის პარლამენტში ქალებმა 190 დან 12 მანდატი (ანუ საერთოდ რაოდენობის 6,3%) მოიპოვეს. მათ შორის რვა დეპუტატი  ქალთა პარტიის სიით გავიდა. ეს პოლიტიკური ძალა უშუალოდ არჩევნების წინ ჩამოყალიბდა.  დანარჩენმა ოთხმა დეპუტატმა კი მანდატები მაჟორიტარული სისტემით მოიპოვა.

სამწუხაროდ ამ დეპუტატების ამომრჩევლების იმედები არ გამართლდა. პროცესები წინასწარ დაგეგმილი ალგორითმით განვითარდა და  ქალების საპარლამენტო ფრაქცია სახელისუფლებო პარტიის დანამატად იქცა. ამ პოლიტიკური სუბიექტს გამოცდილება არ გააჩნდა და ამიტომ ქალების ფრაქციამ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება და ქალების უფლებებისათვის ბრძოლა ვერ შეძლო.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ მამაკაცებს მხოლოდ 4 ადგილის დათმობა შეუძლიათ პარლამენტში, რაც 131-მანდატიანი პარლამენტის 3%-ს შეადგენს. სწორედ ამდენი ქალი იყო სომხეთის პარლამენტში 1999 წელს. ამასთან, პარტიული სიებით მხოლოდ ორი ქალი გავიდა.

სწორედ მაშინ დაწესდა პირველად გენდერული კვოტა და საარჩევნო კოდექსში ეს მაჩვენებელი 5%-ით განისაზღვრა. ამ დისკრიმინაციული და დამამცირებელი დათმობის შედეგად 2003 წელს მესამე მოწვევის პარლამენტში ქალი დეპუტატების რაოდენობამ შვიდს მიაღწია (მანდატების საერთო რაოდენობის 5,3%). მათგან მაჟორიტარული წესით მხოლოდ ერთი ქალი აირჩიეს.

2007 წელს ქალთა ორგანიზაციების ბრძოლა დასრულდა იმით, რომ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიულ სიების ფორმირებისას კვოტირების 15%-იანი განაკვეთი იყო დაწესებული. ამასთან, სიაში შესული ადამიანებიდან, სულ ცოტა, ყოველი მეათე კანდიდატი  ქალი უნდა ყოფილიყო. 2007 წლის არჩევნების შედეგად ქვეყნის პარლამენტში მხოლოს 12 ქალი (9,2 %) მოხვდა. აშკარა გახდა, რომ  გენდერული ბალანსის მისაღწევად მიღებული ზომები საკმარისი არ იყო. ამ არჩევნების დასრულებისთანავე ქალთა ორგანიზაციებმა პარლამენტს კვოტების სრულყოფის წინადადებით მიმართეს.

“ გენდერული კვოტები თვითმიზანი არ არის. ეს მეთოდი პარლამენტში ორივე სქესის წარმომადგენლების სამართლიანი განაწილების უზრუნველყოფის ყველაზე აღიარებულ და ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს”, -ამბობს „უმაღლესი განათლების მქონე ქალების ასოციაციის“ პრეზიდენტი, ჯემა ასრატიანი. მისი თქმით,  2008 წელს  ყველა საპარლამენტო ფრაქციასა და  კომისიას გადაუგზავნეს ქალთა უფლებების დამცველი 23 ორგანიზაციის მიმართვა რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსში სათანადო ცვლილებების აუცილებლობის შესახებ.

უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა კანონმდებლებს საარჩევნო კოდექსში გენდერული თვალსაზრისით კორექტული ფორმულირების შეტანა შესთავაზეს. აღნიშნული რეკომენდაციის მიხედვით, „საარჩევნო სიაში ერთი სქესის წარმომადგენელტა რაოდენობა სიაში წარმოდგენილი პირების საერთო რაოდენობის 70%-ს არ უნდა აჭარბებდეს. ამასთან სხვაობა მამაკაცებისა და ქალების რიგითობაში სამ პოზიციას არ უნდა აჭარბებდეს“.  ამას გარდა, მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ „პარტიული სიიდან ამოღების, ან დეპუტატის მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, საარჩევნო რბოლას გამოთიშული ქალის ადგილი იმავე სიაში მყოფმა სხვა ქალმა უნდა დაიკავოს, რომელიც ჩამონათვალში პროცესს გარიდებული კანდიდატის მომდევნო ადგილს იკავებს“.

კვოტებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმაც გამოთქვეს. მაგალითად, 2009 წელს ქალების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულების აღმოფხვრის  კომიტეტმა(CEDAW) კანონმდებლებს „15-პროცენტიანი კვოტების გაზრდის მიზნით საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის დაჩქარებისკენ“ მოუწოდა. CEDAW-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კანონმდებლებმა „კვოტირების შემოთავაზებულ 20%-იან მაჩვენებელზე მაღალი განაკვეთის დაწესების შესაძლებლობა უნდა შეისწავლონ“.

ყველა ამ ძალისხმევის შედეგად მაინც მოხერხდა გენდერული კვოტის 20%-მდე გაზრდა. სხვათა შორის, რესპუბლიკის ქალთა ორგანიზაციების მიერ ინიცირებული აქტიური ლობისტური მოღვაწეობის შედეგად, კანონში ჩაიწერა გენდერული თვალსაზრისით კორექტული ფორმულირება, რომლის მიხედვითაც პარტიულ სიებში „ერთი სქესის წარმომადგენელთა რიცხვი სიაში მყოფი პირების საერთო  რაოდენობის 80%-ს არ უნდა აჭარბებდეს“.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო კოდექსში ამ პუნქტს ახლდა არაკორექტული დაზუსტება, რომლის მიხედვითაც კვოტის მოქმედება  „მეორე პოზიციიდან იწყება და ყოველ მომდევნო ხუთეულზე ვრცელდება (2-6, 2-11,2-16 და ა.შ., სიის ბოლომდე. შეიძლება ითქვას, რომ ეს წესი დისკრიმინაციულია, იმიტომ რომ ქალებს სიის პირველ ნომრად ყოფნის შანსს უკარგავს.

2012  წლის არჩევნებში მონაწილე პარტიების დიდმა ნაწილმა ეს რეკომენდაცია სიტყვასიტყვით აღიქვა. შედეგად, მათ საარჩევნო სიებში მეექვსე პოზიციაზე მაღალ საფეხურებს მხოლოდ მამაკაცები იკავებდნენ. აქედან გამომდინარე, პირველ გამსვლელ ხუთეულებში (ანუ „წმინდათაწმინდა სივრცეში“, როგორც ამას თავად პარტიები უწოდებენ) მხოლოდ 4 ქალი აღმოჩნდა.

2012 წლის არჩევნების შედეგად პარლამენტში სულ 14 ქალი აღმოჩნდა, რაც საერთო დეპუტატთა საერთო რაოდენობის 10,7%-ს შეადგენს. ამასთან, ორი მათგანი მაჟორიტარული სისტემით იქნა არჩეული (ორივე მათგანი სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერით სარგებლობდა). ის პოლიტიკოსი ქალები, რომლებსაც ჩვენ გავესაუბრეთ, ერთხმად აცხადებენ, რომ კვოტირების არარსებობის შემთხვევაში გაცილებით უარეს სურათს მივიღებდით. როგორც ჩანს, მათ ნამდვილად აქვთ ამის მტკიცების საფუძველი.

როგორ იმუშავებს დაწესებული კვოტა  მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე

წინა არჩევნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ კვოტირების წესის დაკანონება საკმარისი არ არის. ამ რეგულაციის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მექანიზმების ამუშავებაა საჭირო. რატომ ვიღებთ პარლამენტში კვოტით განსაზღვრულ მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლებ რაოდენობის ქალს ყოველი არჩევნების შემდეგ? 2012 წელს კანონით გათვალისწინებული 20%-იანი კვოტის პირობებში პარტიების საარჩევნო სიებში ქალების რაოდენობა საშუალოდ 23%-ით განისაზღვრებოდა, მაგრამ რეალურად ქალების მხოლოდ 10,7% აღმოჩნდა პარლამენტში.

საქმე ისაა, რომ განსაზღვრული კვოტის ნიველირება ქალების თვითარიდების გზით ხდებოდა. შევიწროების მექანიზმი არჩევნების დასრულებისთანავე ამოქმედდა. პარტიული სიებით გასულმა ქალებმა, გაურკვეველი მიზეზების გამო, უარი თქვეს პარლამენტის წევრობაზე; მათი ადგილები კი მამაკაცებმა დაიკავეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, ოცდაექვმა ქალმა საპარლამენტო მანდატზე უარი განაცხადა.

საარჩევნო კოდექსის ახალ ვერსიაში ეს საფრთხე ორი რეგულაციითაა ნეიტრალიზებული. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუკი ქალი საკუთარი ნებით იტყვის უარს მანდატზე, მის ადგილს იმავე სიაში მყოფი მომდევნო ქალი დაიკავებს. ეს ნორმა ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუკი თვითაცილების  შემდეგ ფრაქციებში მყოფი ქალების პროცენტული რაოდენობა 20%-მდე შემცირდება. არსებობს კიდევ ერთი რეგულაცია, რომელიც ფრაქციაში ქალების მინიმალური რაოდენობის წარმოდგენის გარანტიას იძლევა. ანუ ამიერიდან ქალები პარლამენტის ყველა ფრაქციაში იქნებიან წარმოდგენილნი.

მიუხედავად ამისა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მოლოდინები ნამდვილად არ არის ოპტიმისტური. საქმე ისაა, რომ საერთო სახელმწიფოებრივი, ანუ დახურული სიის გარდა, საპარლამენტო არჩევნებზე მოქმედებს ასევე ტერიტორიული, ანუ ე.წ. „ღია სიები“, რომლებშიც ქალები  შესაბამისი კვოტის მიხედვით არიან წარმოდგენილნი, მაგრამ მათი გამარჯვების შანსი დაახლოებით ისეთივეა, როგორიც კენჭისყრის მაჟორიტარული სისტემის შემთხვევაში.

თუკი გავითვალისწინებთ იმას რომ წინა არჩევნებზე  მაჟორიტარული სისტემით თერთმეტიდან მხოლოდ ორმა ქალმა მოიპოვა მანდატი, ტერიტორიულ სიების მიხედვით გასამართი კენჭისყრის შემთხვევაში სერიოზული გარღვევა არ დაფიქსირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვოტით გათვალისწინებული 25%-ის უზრუნველყოფა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება – გამომდინარე იქიდან, რომ მანდატების გადანაწილება ორივე სიის (როგორც ღია, ისე დახურული სიის) მიხედვით მოხდება.

ამჟამად ერთპალატიანი პარლამენტების წევრი ქალების რაოდენობა საშუალოდ 23%-ს შეადგენს. ამ მხრივ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი  წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში ფიქსირდება (13,1%). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა – რა დრო დასჭირდება სომხეთს იმისთვის, რომ მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს მაინც მიაღწიოს. რომ აღარაფერი ვთქვათ გაეროს მიერ დასახულ ნორმაზე 50/50, რასაც წესით ქვეყანამ  2030 წელს უნდა მიაღწიოს.

თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო 15 წლის მანძილზე გენდერული კვოტა 5-დან 20%-მდე გაიზარდა და ქალების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი (რომელიც 2002 წელს 6%-ით განისაზღვრა) ამჟამად მხოლოდ 10%-ს შეადგენს, სავარაუდოდ, დიდხანს მოგვიწევს ლოდინი. თუკი პროცესი ასეთი ტემპებით გაგრძელდება, სულ ცოტა 200 წელი იქნება საჭირო იმისათვის, რათა სომხეთის პარლამენტში ქალებისა და მამაკაცების თანაბარი რაოდენობა დაფიქსირდეს.

სტატია მომზადებულია პროექტის „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების გზით გენდერულ ძალადობასთან ბრძოლა“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს გაერთიანებული სამეფოს საელჩო  და ევროკავშირის დელეგაცია ერევანში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, პროექტის დამფინანსებლების აზრს არ ემთხვეოდეს.
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ