ერბილელი მამაკაცები სტერეოტიპებს ამსხვრევენ" />

ჯენტლმენები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. როგორ უცვლიან ერაყელი ქურთები მსოფლიოს ერაყზე წარმოდგენას

ერბილელი მამაკაცები სტერეოტიპებს ამსხვრევენ

ჯემნიუსის პარტნიორის, უკრაინული ტელეკომპანია  ჰრომადსკეს ტექსტი, ფოტო და ვიდეო.

ერაყის ქურთისტანის დედაქალაქის ცენტრალური რაიონი (რომელსაც „ბაზარი ჰქვია“) ერთგვარი მიკროსამყაროა, რომელშიც მხოლოდ მამაკაცები ცხოვრობენ. დახლებზე მამაკაცებისთვის განკუთვნილი საქონელი იყიდება, მომსახურე პერსონალს მხოლოდ მამაკაცები შეადგენენ, კაფეებში კი მხოლოდ  მამაკაცები დადიან. აქ ყოველი ფეხის ნაბიჯზე სპეციალური მაღაზიებია გახსნილი, სადაც ინვალიდების ეტლები იყიდება. ქალაქში ხშირად შეხვდებით ხეიბრებს, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ წარმოებული ომის ერთგვარ გამოძახილს წარმოადგენს. უკვე სამი წელია, რაც ერბილის მახლობლად მდებარე ქალაქ მოსულში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

ერბილი სასწაულებრივად გადაურჩა „ისლამური სახელმწიფოს“ ოკუპაციას. 2014 წლის ივნისში „დაეში“ ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში შევიდა. თავიდან ბოევიკების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის საზღვარი, ფაქტობრივად, ებჯინებოდა ქურთისტანის დედაქალაქს, რომელსაც 2016 წლის ოქტომბერში დაწყებული სამხედრო ესკალაციის შემდეგ განადგურებული სოფლებიდან და ქალაქებიდან გამოქცეულმა ადამიანებმა მიაშურეს…

მიმდინარე წლის დასაწყისში ერბილში ახალი ცხოვრების სიმბოლო გამოჩნდა. საერთო ღირებულებების გარსემო გაერთიანებული ქურთი მამაკაცების ჯგუფმა შექმნა საზოგადოება, რომელსაც სახელად Mr. Erbil უწოდეს. ამ გაერთიანებას სურს, მთელ მსოფლიოს უთხრას, რომ ერაყის ქურთისტანში არსებობს მოდა და კულტურა და ეს ქვეყანა  მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოსთან“, სამოქალაქო დაპირისპირებებისა და ნავთობის გამო არ არის საინტერესო.

გაერთიანების დამფუძნებლებმა  შეხვედრა კაფე „წიგნში“ დაგვინიშნეს ანკავას ერთ-ერთ გასართობ ცენტრშია განლაგებული. ანკავა ერბილის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე გარეუბანია, რომელიც ქურთისტანის დედაქალაქის ყველაზე არაკონსერვატორულ ნაწილად ითვლება. ანქავა ყოველთვის ქრისტიანების უბნად ითვლებოდა და, აქედან გამომდინარე, დღეს აქ ათობით რესტორანი და მაღაზიაა, სადაც ალკოჰოლი იყიდება, დაწესებულებებში კი შეიძლება გადააწყდეთ ქალებს, რომლებიც თავსაბურავების გარეშე დადიან (რაც ერაყში დიდ იშვიათობას წარმოადგენს). ამას გარდა, აქ უცხოელებსაც შეხვდებით (მეტწილად ჟურნალისტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს), რომლებიც ერბილში იმისთვის ჩამოდიან, რათა მოსულში და სხვა ცხელ წერტილებში მიმდინარე მოვლენებს დააკვირდნენ.

Mr.Erbil-ის დამფუძნებლები – აჰმედ ნაზად ომარ ნიჰადი, გორან პშტივანი და რავა სალიჰი კაფეს მეორე სართულზე, გრძელი მაგიდის გარშემო მოკალათდნენ. დაწესებულების ეს ნაწილი მწეველებისთვისაა განკუთვნილი.  . ისინი ფართოდ იღიმებიან და ჩვენ, ქალებს, ხელის ჩამორთმევით გვესალმებიან. კონსერვატორულ ისლამურ საზოგადოებაში, სადაც ქალებთან საუბრისას, როგორც წესი, გარკვეულ დისტანციას იცავენ ხოლმე, ასეთი ქცევა იშვიათობაა.

Mr.Erbil-ის წევრები საკუთარ თავებს ჯენტლმენებს უწოდებენ, პროექტს კი – „ჯენტლმენების კლუბს“. თითოეულ მათგანს შალის ჰალსტუხით შემკული, იდეალურად დაუთოვებული პერანგი, პიჯაკი (ან სერთუკი) და ელეგანტური შარვალი აცვია. კლუბის წევრებს უკან გადავარცხნილი მუქი თმა და მოვლილი წვერ-ულვაში აქვთ – ზუსტად ისე გამოიყურებიან, როგორც ინსტაგრამის ფოტოებზე. მათი გვერდი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ 78 000 მომხმარებელს აქვს გამოწერილი.

ჯენტლმენები ერთმანეთს რიგრიგობით აწვდიან „შიშას“ (იგივე ნარგილეს) და ეწევიან.
– გთხოვთ, მოწევის პროცესი არ გადაიღოთ, – ამბობს აჰმედი და მზაკვრულად იღიმება. –  ჩვენი წესების მიხედვით, ამის ჩვენება არ შეიძლება. ჩვენ ხომ ჯენტლმენები ვართ!
პროექტი სახელწოდებით Mr.Erbil ერთი წლის წინ, უნივერსიტეტის სტუდენტების სამეგობრო წრეში ჩაისახა. მთავარ გამაერთიანებელ ფაქტორად იქცა ის, რომ ამ კლუბის წევრები ერთნაირი სტილით იცვამენ და ცხოვრების ყაიდაც ერთნაირი აქვთ.

– ჩვენ იტალიური „ფეშენორგანიზაციის“, Pitti Uomo-ს დიდი თაყვანისმცემლები ვიყავით. ეს გაერთიანება მამაკაცის მოდის ფესტივალებს აწყობს და თანამედროვე დენდიზმის დამკვიდრებას ცდილობს, – ამბობს აჰმედი. – ვხედავდით, რომ ჩვენს ქალაქში მცხოვრები ბევრი ახალგაზრდა ისეთივე სტილის სამოსს ატარებდა, როგორსაც – ჩვენ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ანალოგიური ორგანიზაცია ქურთისტანშიც შეგვექმნა.
ასე ჩაისახა ჯენტლმენების მოძრაობა. ამის შემდეგ აჰმედმა და მისმა თანამოაზრეებმა დაარსეს კომპანია Rishn, რომელიც წვერის მოვლის საშუალებებს აწარმოებს. ამას გარდა, კლუბის წევრებმა ქურთისტანულ ფაბრიკებში შალის ჰალსტუხების წარმოებაც დაიწყეს.

– ვცდილობთ, ადგილობრივ მწარმოებელს დავუჭიროთ მხარი, – განმარტა აჰმედმა. – ბევრი მიიჩნევს, რომ ევროპული კომპანიები ტანსაცმელს ჩვენს საწარმოებზე უკეთესად კერავენ. ჩვენ გვსურს, დავამტკიცოთ, რომ ეს ასე არ არის. ჯერჯერობით ჩვენთვის ეს უბრალოდ ჰობია, და არა ბიზნესი, მაგრამ  გვინდა, რომ ეს საქმე ბიზნესად ვაქციოთ. „ჯენტლმენების კლუბის“ თითოეულ წევრს მუდმივი სამსახური აქვს, ამ პროექტს კი მეტწილად საღამოობით, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ვუბრუნდებით ხოლმე. თუმცა, იმედი მაქვს, რომ მსოფლიო სტანდარტების ტანსაცმლისა და აქსესუარების დამზადებას შევძლებთ და ამ სფეროში პროფესიულ ზრდას გავაგრძელებთ.

ზემოაღნიშნულის გარდა, Mr.Erbil-მა საფუძველი ჩაუყარა პროექტს, რომელსაც «Women Inspiration Day» ეწოდება. ესაა ყოველკვირეული აქცია, რომელიც ქალების მიმართ სოლიდარობის დაფიქსირებას ისახავს მიზნად.

– ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალებს, – თქვა ომარმა. – ქალი თავისი უფლებების დასაცავად იბრძვის, მამაკაცი კი არამხოლოდ თავისი, არამედ ქალის უფლებების დაცვასაც ცდილობს. ალბათ, ეს უფრო რთულია. ყოველ ხუთშაბათს ინსტაგრამში ჩვენს „ფოლოუერებს“ რომელიმე ქალის ბიოგრაფიას ვუყვებით. ჩვენი „პოსტების“ გმირებად  ისეთ ქალებს ვარჩევთ, რომლებიც ქურთისტანისათვის მნიშვნელოვანი საქმეებით არიან დაკავებულნი. ამ გზით ვცდილობთ, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს მცირედით მაინც დავუჭიროთ მხარი, მაგრამ მათთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

საერთაშორისო ცნობადობა Mr.Erbil-მა მიმდინარე წლის იანვარში მოიპოვა. მაშინ ამ კლუბის შესახებ პლატფორმა Vocativ-ზე გამოქვეყნდა პუბლიკაცია,  რომელსაც ВВС-ს, GQ-ს, Elle-ისა და სხვა საერთაშორისო მედიაგამოცემების სტატიები მოჰყვა. მაგრამ ადგილობრივები კლუბის წევრებს ეჭვის თვალით უყურებდნენ.
– თავიდან „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერებად მიგვიჩნევდნენ, – სიცილით ამბობს აჰმედი, – მხოლოდ იმიტომ რომ, რადიკალური ისლამისტების მსგავსად, ჩვენც გრძელ წვერ-ულვაშს ვატარებთ. მაგრამ დროთა განმავლობაში, ადამიანები მიხვდნენ, რომ ეს მოდა უფროა, ვიდრე პოლიტიკა. ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო „ისლამურ სახელმწიფოსთან“.

Mr.Erbil-ის წევრები ამტკიცებენ, რომ მათი მოძრაობა აპოლიტიკურია. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რომელ რელიგიურ ან ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება ესა თუ ის ადამიანი. ჯენტლმენების კლუბში მუსლიმების გარდა იეზიდები, ებრაელები და ქრისტიანებიც არიან გაწევრიანებულნი. Mr.Erbil-ში ქურთისტანის ფაქტობრივად ყველა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები გაერთიანდნენ. დამაინც, კლუბის საქმიანობა მის გარშემო არსებული პოლიტიკური რეალობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
– ომი, ფაქტობრივად, ჩვენ გვერდით მიმდინარეობს, – ამბობს აჰმედი. – როდესაც ჩვენს საქმეს ვიწყებდით, ქვეყანა ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა და ამიტომ საზოგადოებაში დეპრესია და უარყოფითი განწყობა იყო გამეფებული. ამჟამად ჩვენ გვერდით ურჩხულები, „ისლამური სახემწიფოს“ წევრები ბინადრობენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნორმალური ცხოვრება არ უნდა გვქონდეს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისლამურ „სახელმწიფოს“ ებრძვიან, მაგრამ ისეთი ადამიანებიც უნდა არსებობდნენ, რომლებიც ნორმალური ცხოვრების წესს დაიცავენ, განავითარებენ და ამ ტრადიციას მომავალი თაობის წარმომადგენლებს გადასცემენ. თუკი ყველა საომრად წავა, ბავშვების აღზრდაზე ვინ იზრუნებს? ეს გარემოებაც გასათვალისწინებელია!  ვცდილობთ, საზოგადოებას დადებითი იმპულსი მივცეთ.

აჰმედის თქმით, კლუბის წევრებმა იციან, რომ მოდა ვერც ომს შეაჩერებს, და ვერც სამყაროს შეცვლის, მაგრამ, მათი აზრით,  მოდას შეუძლია, დანარჩენ ადამიანებს დაანახოს, რომ ერაყი არამხოლოდ ომისა და „ისლამური სახელმწიფოს“ ასპარეზი, არამედ განსაკუთრებული კულტურული ცენტრიცაა, რომელიც დაცვასა და განვითარებას საჭიროებს

– ჩვენი აზრით, მოდა ხალხისთვის მცირე იმედისა და ენერგიის პოტენციურ წყაროს წარმოადგენს – ამბობს აჰმედი, ნარგილეს ჩიბუხს პირში იდებს და ელეგანტურად არტყამს ნაფაზს.

 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ