სცენარი ერთი და იგივეა - ადამიანები ღამის კლუბიდან სახლში ბრუნდებიან, იძინებენ და ვეღარ იღვიძებენ" />

ხუთი სიკვდილი შვიდ დღეში. საქართველოში “მკვლელი ნარკოტიკი” გამოჩნდა

სცენარი ერთი და იგივეა - ადამიანები ღამის კლუბიდან სახლში ბრუნდებიან, იძინებენ და ვეღარ იღვიძებენ

აქცია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში, პარლამენტის შენობასთან. იანვარი, 2018 წელი. ფოტო: მინდია გაბაძე

სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა და 10-ზე მეტმა მძიმე ინტოქსიკაცია მიიღო ბოლო 7 დღის განმავლობაში ამ დრომდე უცნობი ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად.

კვირაზე მეტია ადამიანები იწამლებიან, თუმცა ჯერჯერობით ლაბორატორიულად დადასტურებული პასუხი, თუ რა კლავს ახალგაზრდებს, არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოავლინა ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა. დაკავებულია ორი ადამიანი. 

JAMnews-მა შეაჯამა რა ვიცით ამ დროისთვის და რა არგუმენტები აქვთ ადამიანებს, რომლებიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ან მის გამკაცრებას მოითხოვენ. 

_________________________

 

გარდაცვალების ყველა შემთხვევაში სცენარი თითქმის ერთი და იგივეა – ახალგაზრდები კლუბში გართობის დროს იღებდნენ ნარკოტიკს, შემდეგ მიდიოდნენ სახლში, იძინებდნენ და დილით ოჯახის წევრები მათ გარდაცვლილებს პოულობდნენ.

•    26 აპრილს 22 წლის ახალგაზრდა კაცი თბილისის ერთ-ერთი კლუბიდან ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა;

•    28 აპრილს ახალგაზრდა გოგო ღამის კლუბიდან სახლში დაბრუნდა, დაიძინა და დილით იგი სახლში გარდაცვლილი იპოვეს;

•   5 მაისს გამთენიისას, სამი ახალგაზრდა კაცი ღამის კლუბიდან სახლში დაბრუნდა. ოჯახის წევრებმა ისინი დილით გარდაცვლილები იპოვეს. გარდაცვლილების მეგობრები ვარაუდობენ, რომ მათ ღამის კლუბში კლუბური ნარკოტიკის ნაცვლად  მომწამვლელი ნივთიერება შეასაღეს.

კიდევ უფრო მეტია მათი რიცხვი, ვინც გაურკვეველი ნარკოტიკის მიღების შემდეგ საავადმყოფოში მძიმე ინტოქსიკაციით მოხვდა. ყველა პაციენტი, ვისი გადარჩენაც ექიმებმა მოახერხეს, საავადმყოფოში მიყვანის დროს კომაში იყო.

რამდენიმე ადამიანი ახლაც კომაშია და მათი მდგომარეობა მძიმეა.

ალადაშვილის კლინიკის კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ტელეკომპანია რუსთავი2-თან ადასტურებს, რომ ნარკოტიკული ინტოქსიკაციის გამო კლინიკაში მკურნალობას რამდენიმე პაციენტი გადის, თუმცა, მისი თქმით, მედიკოსები ვერ აკონკრეტებენ, რა ნივთიერებით მოხდა ინტოქსიკაცია.

„შემოსულია 8 პაციენტი, ყველასთვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშანი იყო ცნობიერების ღრმა დათრგუნვა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, აღნიშნულის გამო ყველა მათგანი გადართული იყო მართვით სუნთქვაზე, რამდენიმე მათგანი გაეწერა, დარჩენილები კვლავ იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, მათი მდგომარეობა მძიმეა“, – აცხადებს ლევან რატიანი.

შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლები დააკავა

8 მაისს შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შსს-მ ნარკოტიკების ინტერნეტით გამსაღებელთა დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა.

ოპერაცია შსს-ს  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს. ისინი 2 თვის განმავლობაში იძიებდნენ საქმეს. ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით თბილისში დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ქალი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი. როგორც შსს-ში აცხადებენ, ისინი დანაშაულებრივი სქემის წევრები არიან. სამართალდამცავებმა მთელი სქემის გამოვლენა შეძლეს.

სქემა ასეთი იყო: ნარკოტიკების შეძენის მსურველები ბრალდებულებს ერთ-ერთი ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით უკავშირდებოდნენ. სასურველი ტიპის და ოდენობის ნარკოტიკის შეკვეთის შემდეგ, მყიდველი ბრალდებულებისგან იღებდა შეტყობინებას, სადაც მითითებული იყო ანგარიშის ნომერი და თანხის ოდენობა. ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ, ნარკოტიკის შეძენის მსურველებს იმავე აპლიკაციის მეშვეობით ეგზავნებოდათ ფოტოშეტყობინება, შეძენილი ნარკოტიკის ადგილმდებარეობისა და მისამართის მითითებით.

გამოძიებამ დაადგინა  ნარკოტიკების ე.წ. სამალავები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში იყო მოწყობილი.

დაკავებული ქალის მანქანაში პოლიციამ რეალიზაციისთვის გამზადებული
43 შეკვრა  ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

რა კლავს ადამიანებს?

თავდაპირველად, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნარკოტიკი, რომელმაც სულ მცირე 5 ადამიანი მოკლა – ძლიერი ფსიქოსტიმულატორი – მეფედრონი იყო, რომელიც აბაზანის მარილის სახელითაცაა ცნობილი.

თუმცა, ნარკოლოგების ნაწილი ამბობს, რომ სიმპტომები, რომლებიც პაციენტებს აღენიშნებოდათ, მეფედრონს კი არა, ოპიოიდების ჯგუფის ნარკოტიკებს ახასიათებს, კერძოდ კი ნივთიერება ფენტანილს.

“მეფედრონი მასტიმულირებელი ნარკოტიკია და ძილიანობა არ ახასიათებს. ბინაში გარდაცვლილი ადამიანები სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალნენ. მეფედრონს და სხვა სტიმულანტებს პირიქით, უძილობა ახასიათებთ. ასეთი ტიპის სიმპტომები ოპიოიდებს აქვს”, – განმარტავს On.ge-სთან საუბრისას სამედიცინო ცენტრ “ურანტის” ხელმძღვანელი, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე.

იგივეს ამბობენ არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წარმომადგენლები.

“შავ ბაზარზე შემოყრილია ნარკოტიკები, რომლებიც მოქალაქეების სიცოცხლეს იწირავს… კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს ფენტალინი, ჰეროინზე 50-ჯერ, ხოლო მორფზე 80-ჯერ ძლიერი ოპიატი”, – აღნიშნულია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” განცხადებაში.

საბოტაჟი?

გარდაცვლილთა მეგობრები ჟურნალისტებთან ინტერვიუში აცხადებენ, რომ გარდაცვლილებმა ნივთიერება მიიღეს როგორც მსუბუქი კლუბური ნარკოტიკი (მაგალითად, MDMA) და არა როგორც მეფედრონი ან ფენტალინი.

მათი თქმით, ისინი მოატყუეს და გაურკვეველი ნივთიერება “შეასაღეს”.

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” საერთოდაც საბოტაჟზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში განგებ არის შემოყრილი მომწამვლელი ნარკოტიკები, რადგან ხელისუფლებამ უარყოფითად განაწყოს საზოგადოებრივი აზრი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით და დეკრიმინალიზიაციის ნაცვლად, ქვეყანაში კიდევ უფრო გაამკაცროს ნარკოპოლიტიკა.

“გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოდთ, რომ ეს ყოველივე ხდება მიზანმიმართულად და სისტემა გვიმეტებს სიკვდილისთვის… მოცემულობა ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ დივერსიას, სადაც მომხმარებლები სრულიად დაუცველ მდგომარეობაში ვიმყოფებით”, – აღნიშნულია “თეთრი ხმაურის” განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა ადამიანს, ვინც მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან.

“ვვარაუდობთ, რომ არა მხოლოდ ე.წ “მეფედრონია” ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებაა დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით”, – წერია განცხადებაში.

ნარკოტიკები ინტერნეტში, ბიტკოინებით იყიდება

ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა”, ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.

გადაცემა პოსტ-სკრიპტუმის ჟურნალისტი რუსულენოვან საიტზე დარეგისტრირდა. საიტზე ყოფილი დსთ-ს ქვეყნების ჩამონათვალია – დილერები ამ ტერიტორიაზე მუშაობენ. იქვეა საქართველოც. ჩამონათვალში არა მხოლოდ თბილისი, არამედ საქართველოს რამდენიმე სხვა რეგიონიცაა.

განთავსებულია რამდენიმე დილერის განცხადება. მათ შორის, ერთ-ერთი 0,5 გრამ მეფედრონს ჰყიდის.

ანგარიშსწორება ხდება ბიტკოინებით, რაც გამსაღებელს ანონიმურობის გარანტიას აძლევს და ურთულებს საქმეს სამართალდამცავებს.

ჟურნალისტმა მიხეილ სესიაშვილმა ბიტკოინები გადარიცხა თუ არა, 15 წუთში საიტზე მიიღო შეტყობინება, რომ შეკვეთა მზადაა. მიიღო ჯიპიეს კოორდინატებიც – მეფედრონს თბილისის ცენტრში, გუდიაშვილის მოედანზე უნდა მიაკითხოს. გამოუგზავნეს სურათიც, თუ სად ინახება მეფედრონი.

დილერები “სუფთად” მუშაობენ – სურათის მეტამონაცემები გასუფთავებულია – დაუდგენელია, როდის და რა მოწყობილობით გადაიღეს ფოტო.

ჟურნალისტი დანიშნულ ადგილას მიდის. გუდიაშვილის მოედანი სავსეა ბავშვებით და ტურისტებით. გამოგზავნილი ფოტოს მიხედვით, პოულობს ძველ კონტეინერს და პატარა ღრიჭოდან გამოაქვს ყვითელ ქაღალდში შეხვეული, კანფეტის მსგავსი საგანი.

ამის შემდეგ ჟურნალისტმა საქმეში უკვე სამართალდამცავები ჩართო. ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი მივიდა. ყვითელ ქაღალდში თეთრი ფხვნილი აღმოჩნდა.

ვინ არის დამნაშავე და სად არის გამოსავალი?

უკვე წლებია საქართველოში მიდის დისკუსია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.

საპროტესტო აქცია “ბირჟა მაფიას” წევრების დაკავებისა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ, თბილისი, 10 ივნისი 2017 წელი, ფოტო: ლევან მიქაძე, JAMnews

ბოლო ერთი კვირაა ფეისბუკზე სწორედ ეს არის განხილვის მთავარი თემა. სატელევიზიო თოქ-შოუებიც ნარკოტიკების თემას ეძღვნება.

მკაცრი ნარკოპოლიტიკის მომხრეების არგუმენტია ის, რომ ლიბერალიზაცია და ხელმისაწვდომობა წაახალისებს მოხმარებას. მით უმეტეს, ისეთ ღარიბ ქვეყნაში, როგორიც საქართველოა, სადაც ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი ტრადიციულად მაღალია.

ზოგი საერთოდაც, თბილისში ბოლო დროს მომრავლებული ღამის კლუბების დახურვის მოწოდებით გამოდის. მათი აზრით, ნარკოტიკებს კლუბებში ყიდიან და “რყვნიან ახალგაზრდობას”.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ღამის კლუბ “ბასიანთან” მივიდა და მისი დახურვა მოითხოვა. ფოტო: ფეისბუკი

აზრთა სხვადასხვაობაა მეორე ბანაკში – ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეთა რიგებში.

ისინი თანხმდებიან, რომ ნარკოტიკები ლეგალური უნდა იყოს და მათ გამო ადამიანებს არ უნდა იჭერდნენ, თუმცა სხვადასხვაგვარად უყურებენ პასუხისმგებლობის საკითხს.

მოსაზრება პირველი: ლიბერალიზაციის მომხრეთა ერთი ნაწილი, მაგალითად, “თეთრი ხმაურის მოძრაობა”, მიიჩნევს, რომ მომხდარ ტრაგიკულ ფაქტებზე პასუხისმგებელი პირველ რიგში ხელისუფლება და ის მკაცრი ნარკოპოლიტიკაა, რაც ქვეყანაში არსებობს.  მათ მიაჩნიათ, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შემთხვევაში, სახელმწიფოს შეეძლება უკეთ გააკონტროლოს, რა ხარისხის პროდუქცია შემოდის ნარკობაზარზე, რაც უბედური შემთხვევების რიცხვს შეამცირებს.

“ქვეყანაში გვაქვს საგანგებო ვითარება, სახელმწიფო კი დუმს.. თითოეულ გარდაცვლილ ადამიანზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სახელმწიფოს, რომელიც არათუ არაფერს აკეთებს ვითარების ცვლილებისთვის, არამედ ხმასაც არ იღებს შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე”, – ვკითხულობთ ამ ორგანიზაციის განცხადებაში.

 მოსაზრება მეორე: ლიბერალიზაციის მომხრეთა მეორე ნაწილი ნარკოტიკებით გარდაცვალების შემთხვევებში სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო არ არის ვალდებული შეამოწმოს რა ხარისხის ნარკოტიკები იყიდება. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ლიბერალიზაცია ნარკოტიკებით გარდაცვალების შემთხვევებს არ შეამცირებს და ამ არგუმენტს პოპულისტურს უწოდებენ.

მათი არგუმენტი ასეთია: ნარკოტიკები ლეგალური უნდა იყოს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჩვენზე  სახელმწიფომ უკეთ იზრუნოს, არამედ იმიტომ, რომ ადამიანების ნებაა, თავს რით დაიზიანებენ. სახელმწიფოს ბრალი მხოლოდ ისაა, რომ ნარკომომხმარებლები ციხეში ხვდებიან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გამო. ის რომ ეს ხალხი თავს ზიანს აყენებს – სახელმწიფოს ბრალი  არაა, ფიქრობენ ისინი.

 მოსაზრება მესამე: ლიბერალიზაციის მომხრეთა მესამე ნაწილი არ ეთანხმება “თეთრი ხმაურის მოძრაობას”, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ნარკოტიკების ხარისხის კონტროლზე. ისინი ასევე არ ეთანხმებიან მეორე ჯგუფის მოსაზრებას, რომ ლეგალიზაცია სიკვდილიანობას არ შეამცირებს.

მათი არგუმენტი ასეთია: ნარკოტიკების გამო ყველა ქვეყანაში იღუპებიან ადამიანები, თუმცა იმ ქვეყნებში, სადაც ნარკოტიკები დეკრიმინალიზებულია, გარდაცვლილთა რიცხი ბევრად მცირეა. ისინი ფიქრობენ, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შემთხვევაში, ბაზარი, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, თავად შეძლებს საკუთარი თავის გაკონტროლებას – კონკურენციის პირობებში დილერები ხარისხზე იზრუნებენ და მსუბუქი კლუბური ნარკოტიკი მყიდველს, არ შერჩება ხელში მძიმე სინთეტიკური ოპიატა.

საზოგადოებრივ დისკუსიას ნარკოტიკების თემაზე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროც. მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ნარკოდანაშაულთან ბრძოლა კიდევ უფრო გამკაცრდება:

„მსჯელობა, რომ თითქოს არსებობს მავნე და არამავნე ნარკოტიკები, რომ თითქოს „მეფედრონი“ კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან „ჰეროინი“ – არა და ასევე დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს, ახდენს ნარკოტიკების პროპაგანდას და ხელს უშლის პრევენციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ეს ბრძოლა დღევანდელი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გამკაცრდება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ