ხსოვნა და მადლიერება

აზერბაიჯანის პირველ რესპუბლიკას დღეს 98 წელი შეუსრულდა

ორი წლის შემდეგ, ამ დღეს მუსულმანურ აღმოსავლეთში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლის იუბილეს აღვნიშნავთ. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა. თარგმანი არც ისე ზუსტია, რადგან დედანში ნათქვამია სიტყვა “სახალხო”.
ინტერნეტში გამოქვეყნებულ კითხვას, – “დროის მანქანა რომ არსებობდეს, რომელ პერიოდში ისურვებდით მოხვედრას” – მე  ასე ვუპასუხე, – 1918 წლის ბაქოში.

ეს ის დრო იყო, როდესაც ჯერ პირველი მსოფლიო ომით და შემდეგ სამოქალაქო ომით დაკავებულ რუსეთს კოლონიებისთვის არ ეცალა. ამან ქვეყნის პროგრესულ ინტელიგენციას საშუალება მისცა, აზერბაიჯანი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოეცხადებინა (სხვათა შორის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით). საქართველომ იგივე გააკეთა 26 მაისს, სომხეთმა კი (ისევე, როგორც აზერბაიჯანმა) – 28 მაისს. 

პირველი მსოფლიო ომის დასასრული, ბოლშევიკები, ეთნიკური შუღლის გაღვივება, ომი, ყველას ტერიტორიული პრეტენზიები ყველას მიმართ… და ამ ბუნდოვან დროში გაჩნდა აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკა. ეს ხომ მკრეხელობაა – როგორ შეიძლება, მუსლიმურ ქვეყანაში შეიქმნას რესპუბლიკა? თან ქალებისათვის ხმის მიცემის უფლებით. სხვათა შორის, ევროპული დემოკრატიის აკვანში (დიდ ბრიტანეთში) ქალთა ეს უფლება ათი წლის შემდეგ მიიღეს.

თანამედროვე აზერბაიჯანმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკისგან მემკვიდრეობით მიიღო დროშა, ჰიმნი, გერბი და მოგონებები განათლებისა და სოციალური სფეროს რეფორმირებაზე.

რესპუბლიკის დამფუძნებელი მამები უდავოდ რომანტიკოსები იყვნენ. ხელისუფლების პირველი თავმჯდომარემ, ფათალი ხან ხოისკიმ, როდესაც გაიგო, რომ მისი უწყების რომელიღაც ჩინოვნიკი ქრთამს იღებდა, დაუყოვნებლივ დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. ეროვნული კრების თავმჯდომარეს, მემედ ემინ რასულზადეს კი გულუბრყვილოდ მიაჩნდა, რომ “ერთხელ აღმართული დროშა აღარასდროს დაეშვება”.

დროშა 1920 წლის 28 აპრილს დაეშვა, როდესაც ბაქოში, სერგეი კიროვის მეთაურობით, მეთერთმეტე წითელი არმია შემოვიდა. წინააღმდეგობა თითქმის არ ყოფილა. რასულზადეს სისხლისღვრა არ სურდა, აზერბაიჯანის არმია კი იმ დროს ყარაბაღის ფრონტზე იყო დისლოცირებული. რუსეთის ყოფილ კოლონიებს შორის ტერიტორიული დავები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო. აზერბაიჯანი სომხეთს ყარაბაღს, ზანგეზურსა და ნახიჭევანს ედავებოდა, საქართველოს კი – ზაქათალის რაიონს. საბოლოოდ, აზერბაიჯანი ამიერკავკასიის პირველი საბჭოთა რესპუბლიკა გახდა. საგულისხმოა კიროვის პირველი სიტყვა: “გაუმარჯოს საბჭოთა აზერბაიჯანს განჯაში დედაქალაქით!”, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოსკოვს მრავალეთნიკური და ნავთობით მდიდარი ბაქოს რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა სურდა. თუმცა, ბაქოელი ბოლშევიკების ლიდერის, ნარიმან ნარიმანოვის წყალობით, აზერბაიჯანმა თავისი დედაქალაქი შეინარჩუნა.

გუშინ, 27 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამების მემორიალი გვირგვინებით შეამკო. ეს არის ძალიან მოკრძალებული ობელისკი, რომელსაც ხალხში “ფანქარს” ეძახიან. ბაქოში დღემდე არ არის რასულზადეს, ხოისკის, რაფიბეკოვისა და სხვა ლიდერების ძეგლები. ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტიც, რომელიც აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს დაარსდა, აღარ ატარებს დამოუკიდებლობის მთავარი იდეოლოგის, მემედ ემინ რასულზადეს სახელს. ჩემი აზრით, ამის მიზეზი პოლიტიკური ეჭვიანობაა. ერს მხოლოდ ერთი ბელადი და ლიდერი უნდა ჰყავდეს და ეს, რა თქმა უნდა, ჰეიდარ ალიევი უნდა იყოს.

გამოქვეყნდა: 28.05.2016


ასევე წაიკითხეთ