ერთმა განაცხადა, რომ სომხეთმა უომრად უნდა გაიმარჯვოს, მეორე ხალხს „სამხედრო სიურპრიზებს“ დაჰპირდა" />

ხმამაღალი „სამხედრო“ განცხადებები სომხეთის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრისგან

ერთმა განაცხადა, რომ სომხეთმა უომრად უნდა გაიმარჯვოს, მეორე ხალხს „სამხედრო სიურპრიზებს“ დაჰპირდა

ერევანში სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა. და ეს იქცა იმ ხმამაღალი განცხადებების მიზეზად, რომლითაც სომხეთის პრემიერი და თავდაცვის მინისტრი გამოვიდნენ.

პრემიერ-მინისტრმა კურსდამთავრებულებს ჩინეთის სამხედრო სტრატეგია შეახსენა: „ნიჭიერი მთავარსარდლები უომრად იმარჯვებენ“. ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ სომხეთმა სწორედ ამ მიმართულებით უნდა იაროს.

 „ჩვენ ისეთი შეიარაღებული ძალები გვჭირდება, ისეთი სახელმწიფო, რომ ყველა პოტენციური მეტოქე მიხვდეს, რომ ჩვენთან ომს აზრი არ აქვს. ბრძოლის შედეგი ერთია – მეტოქის დამარცხება და ჩვენი გამარჯვება“.

თავდაცვის მინისტრის დავიდ ტონოიანის განცხადებები უკვე ცერემონიის დასრულების შემდეგ გაისმა – ჟურნალისტებთან საუბრისას.  და ეს რამდენიმე განცხადება იყო. მაგრამ, ყველაზე მთავარი და ციტირებადი გახდა განცხადება მოსალოდნელი „სამხედრო სიურპრიზების“ შესახებ. საუბარია შეიარაღების ახალ სახეობებზე.

სომხეთში ეჭვი ეპარებათ, რომ რუსეთი აზერბაიჯანისთვის იარაღის გადაცემას შეწყვეტს

ყარაბაღში მომხდარი „აპრილის ომის“ სამი წელიწადი.  რა შეცვალა მან? ექსპერტები ბაქოსა და ერევანში

დაწვრილებით „სიურპრიზების“ შესახებ

სომხეთში თავდაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა – რუსეთიდან „ტორ“-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის და გამანადგურებლების შეტანა.

რაც შეეხება რუსული გამანადგურებლების Су-30СМ-ის მიწოდებას, აქ ყველაფერი სრულიად ნათელი და დიდი ხნის წინათ ცნობილია.  გაჩნდა დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაყიდი ოთხი გამანადგურებლის სანაცვლოდ, სომხეთმა  როგორც ნაღდი, ისე ნასესხები სახსრები გადაიხადა. თითოეული  Су-30СМ-ის ღირებულება, შეიარაღების გარეშე, დაახლოებით 22 მილიონ დოლარს შეადგენს. მინისტრმა დაადასტურა, რომ შეკვეთა სრულდება:

 „შეთანხმების მიხედვით, მეწარმეების მხრიდან ვალდებულების შესრულებას ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში ველოდებით“.

 მხოლოდ ის ვარაუდი რჩება, რომ „სიურპრიზებზე“ ლაპარაკისას დავიდ ტონოიანი „ტორ“-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს გულისხმობდა. შეიარაღებული ძალების არსენალის ამ იარაღით მოსალოდნელი შევსების შესახებ საუბარი სომხეთის პირველი არხის ტელეპროგრამა „ზინუჟის“(„შეიარაღებული ძალები“) ეთერის შემდეგ დაიწყო.

რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ტორ“-ი შექმნილია ჯარისა და სამოქალაქო ობიექტების მისამართით ჰაერიდან ნასროლის მოსაგერიებლად. მას აქვს უნარი, მოიგერიოს რაკეტის სხვადასხვა სახეობა, უპილოტო საფრენი აპარატები, საავიაციო ბომბები, თვითმფრინავები და ვერტმფრენები. თანაც კომპლექსს ავტომატურ რეჟიმში მოქმედება შეუძლია, ანუ მას პირადი შემადგენლობის მონაწილეობის გარეშე, ნებისმიერი სპექტრის საჰაერო თავდასხმის წინააღმდეგ შეუძლია ბრძოლა, მათ შორის – მაღალწერტილოვანი რაკეტებისაც

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს ინფორმაცია გასული წლის მაისში გადასცა. საუბარი იყო კომპლექსების რამდენიმე თვის განმავლობაში შემოტანაზე, თუმცა მინისტრს ვადებთან დაკავშირებით მკაფიო პასუხი  აქამდე არ გაუცია:

 „შემიძლია ვთქვა, რომ „ტორ“- ი ძალიან საინტერესო იარაღია. და ჩვენც შესაბამისი მოლოდინები გვაქვს“.

საპილოტო პროგრამა და მისი პირველი შედეგები

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა შეიარაღებული ძალების საპილოტო პროგრამის შესახებაც განაცხადა. ეს პროგრამა, უკვე ერთი თვეა, მოქმედებს იმისთვის, რომ ჯარში კვების ხარისხი გაუმჯობესდეს. სამხედრო მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფა ეკისრებათ კომერციულ კომპანიებს, რომლებსაც კონკურსის საფუძველზე შეარჩევენ.

პროგრამა უკვე სომხეთის ოთხ სამხედრო დანაყოფში მოქმედებს. უახლოეს მომავალში კიდევ ერთის დამატება იგეგმება.  პროგრამა სულ სამ წელიწადზეა გათვლილი.

 „ახლა კვების ორგანიზებას მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიჰყო ხელი, დანარჩენი ხუთი უკვე მალე დაიწყებს მუშაობას. და მათ ამოქმედებასთან ერთად გაიზრდება სამხედრო ნაწილების რიცხვიც, სადაც კვებითი მომარაგება ახალი მოდელით მოხდება“, – აღნიშნა ტონოიანმა.

მან კომენტარი გააკეთა იმ გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებითაც, თითქოს უკვე მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელი მისი ახლო მეგობარია:

 „არ უარვყოფ, რომ კომპანიის ხელმძღვანელი ამას ჩემი თხოვნით აკეთებს, რადგან სხვა საიმედო ვარიანტი არ მქონდა“.

საპილოტე პროგრამაში ჩართული ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის საკვების ხარისხი ახლახან პირადად პრემიერ-მინისტრმა შეამოწმა.

საზღვარზე არსებული დაძაბულობის შესახებ

დავიდ ტონოიანი სომხეთის ვაიოცძორის ოლქის სოფელ ელპინის მიმართულებით განხორციელებული სროლების თემას შეეხო.

მისი თქმით, საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე გარკვეული დაძაბულობა არსებობს. ის საზღვარზე მიმდინარე საინჟინრო სამუშაოებს უკავშირდება, შფოთვის მიზეზი არ არის :

 „გასროლა მიზანმიმართული არ ყოფილა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყველანაირი ზომები მივიღეთ, ასევე დამყარდა კავშირი მეზობელ ნახიჭევანთან, რათა ინციდენტის გამეორება თავიდან იქნას აცილებული.

საუბარია ოპერატიულ კავშირზე, რომელზეც სომხეთის პრემიერი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჯერ კიდევ გასულ წელს შეთანხმდნენ.

ტონოიანმა განმარტა, თუ როგორ მუშაობს ეს კავშირი:

 „ხდება ინციდენტი, ვამოწმებთ, ვაფრთხილებთ, მეორე მხარე ზომებს იღებს. ეს შუამავლური კავშირია, დანიშნული ოფიაციალური პირების საშუალებით ვსაუბრობთ. ანუ, ეს არის ნორმალური და ძალიან დადებითი პროცესი“.

უბედური შემთხვევის შესახებ

სომხეთის ჯარში 10 ივლისს უბედური შემთხვევა მოხდა. სასწრაფო სამსახურის რიგითი ჯარისკაცი  ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობით აღმოაჩინეს.

საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციისა და საზოგადოებრივი კავშირების განყოფილების უფროსმა ნაირა არუთიუნიანმა  Facebook-ის თავის გვერდზე გვაცნობა:

 „მერვე გარნიზონის საგამოძიებო განყოფილებაში სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის პირველი ნაწილის (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიხედვით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება“.

თავდაცვის მინისტრმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ახლა ამგვარი ინციდენტების შემცირება შეინიშნება. მაგრამ, მისი აზრით, სისტემაში  ნაკლოვანებები ისევ არის, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში დაღუპული ჯარისკაცის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის თავიდანვე გამოვლენა ვერ მოხერხდა:

 „უკეთ მუშაობა იყო საჭირო. ახლა გაცემულია შესაბამისი დავალებები, დაწვრილებით ვერაფერს ვიტყვი, რადგან წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს“.


ასევე წაიკითხეთ