შემთხვევის ადგილიდან 200 ადამიანია ევაკუირებული " />

ხანძარი ბაქოს ნარკოლოგიურ ცენტრში. დაღუპულია 25 ადამიანი

შემთხვევის ადგილიდან 200 ადამიანია ევაკუირებული

ფოტო ვებ-გვერდიდან http://www.president.az/

25 ადამიანი დაიღუპა ძლიერი ხანძრის შედეგად, რომელიც 2 მარტს, დილით ადრე, ბაქოს ნარკოლოგიურ ცენტრში გაჩნდა.

“წინასწარი მონაცემებით, ხანძრის მიზეზი შენობის ელექტრონულ ქსელში მომხდარი მოკლე ჩართვა გახდა”, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის, საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაში.    

„2 მარტს, დილით, ძლიერი ქარი რესპუბლიკური ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში მომხდარი მოკლე ჩართვის მიზეზად იქცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო მანქანები და ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო დახმარების 10 ბრიგადა მივიდა.

200 ადამიანის – პაციენტებისა და პერსონალის დროული ევაკუირება მოხერხდა. ამჟამად ევაკუირებულ პირებს აუცილებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება უტარდებათ“, – ნთქვამია აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

ხანძრის მომენტში ცენტრში 55 პაციენტი იმყოფებოდა. დაიღუპნენ, ძირითადად, მწოლიარე ავადმყოფები. მათგან სამი გადარჩენილი რესპუბლიკურ ტოკსიკოლოგიურ ცენტრში მოათავსეს.

დაახლოებით სამ საათში ხნძრის ჩაქრობა მთლიანად მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, შინაგან საქმეთა და საგანგებო სიტუაციების მინისტრები, ასევე – გენერალური პროკურორის მოადგილე.  

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებულებით, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.


ასევე წაიკითხეთ