წამლების გაყიდვის ახალი წესი შერბილდა, რათა ადამიანებმა რეცეპტების ინტერნეტით გამყიდველებს არ მიმართონ " />

სომხეთში შემცირდა იმ წამლების სია, რომელთა ყიდვაც მხოლოდ რეცეპტით იქნება შესაძლებელი

წამლების გაყიდვის ახალი წესი შერბილდა, რათა ადამიანებმა რეცეპტების ინტერნეტით გამყიდველებს არ მიმართონ

წამლების გაყიდვის ახალმა წესმა სომხეთში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან წამლების საყიდლად აუცილებელი იქნება ექიმის რეცეპტი. მის გარეშე, აფთიაქის თანამშრომლები ანტივირუსულ მედიკამენტებს, ანტიბიოტიკებსა და ჰორმონალურ საშუალებებს ვეღარ გასცემენ.

ამ გადაწყვეტილებამ ქვეყნის მაცხოვრებელთა მწვავე პროტესტი გამოიწვია. ინტერნეტში კი გაჩნდნენ რეცეპტების გამყიდველები, რომლებიც თითო რეცეპტს 5000 დრამად (დაახლოებით 10 დოლარად) ყიდიან.

ჯანდაცვის სამინისტრო წამლების რეცეპტებით გაყიდვაზე გადასვლას იმით ხსნის, რომ ადამიანები თვითმკურნალობას ეწევიან, და გამოკვლევებისა და ექიმის მეთვალყურეობის გარეშე, არასწორ წამლებს იღებენ.

ამაზე მოსახლეობა პასუხობს, რომ სომხეთის ჯანდაცვის სისტემა მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ „ძარცვავდა მათ“, გამოკვლევებში უზარმაზარ თანხას ითხოვდა, ახლა კი ადამიანი წნევის ყოველ მომატებაზე ექიმთან სირბილსა და რეცეპტში ფულის გადახდას ვერ დაიწყებს.

აქამდე ქვეყნის მაცხოვრებლები სურდოს ან ტკივილგამაყუჩებელი წამლის მიღებამდე უბრალოდ ტელეფონით იღებდნენ კონსულტაციას ოჯახის ექიმებისგან და აფთიაქში წამალს ურეცეპტოდ ყიდულობდნენ.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს სოციალური ქსელებიდან:

„ამით კორუფციული რისკები გაზარდეს. ექიმთან ერთი დაკაკუნება და შესვლა 5000 დრამი ღირს, და მხოლოდ ამის შემდეგ გეკითხებიან, თუ რა მოხდა. ჯობს, ამ საკითხით დაკავდნენ – ექიმთან ყოველი შესვლა-გამოსვლისთვის ადამიანებს ფული რომ არ ახდევინონ“.

 „აი, რა უნდა ვქნა, მაგალითად, ღამით თუ ცუდად გავხდი? გათენებას დაველოდო, რომ ყველა ექიმის კაბინეტი შემოვირბინო და მივიღო ის ქაღალდი, რომლითაც წამალს ვიყიდი?“

 „არც უქმე დღეები მაქვს და არც დრო. და თავი მტკივა. რა უნდა გავაკეთო? როგორ მოვასწრო ექიმთან მისვლა და რეცეპტის გამორთმევა?“

 „ახლა პოლიკლინიკებში რიგები დადგება. მძიმედ ავადმყოფი უნდა იჯდეს და ელოდოს, ვიდრე ქრონიკულ ავადმყოფებს წამლებს გამოუწერენ“.

ზოგიერთი ექიმი მოქალაქეების აზრს იზიარებს, რომ შეზღუდვა წნევისა და სიცხის დამწევ წამლებზე კი არ უნდა დაწესდეს, არამედ სერიოზული დაავადებებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე. თუმცა, ისინი ამბობენ, რომ ნებისმიერი წამლის გამოყენებამდე სასურველია ექიმთან კონსულტაცია.

ადამიანების უკმაყოფილების შესამცირებლად, მთავრობამ წამლის გაყიდვის ახალი წესის ნაწილობრივ შეჩერება გადაწყვიტა.

„სამინისტროს მიერ ჩატარებული საინფორმაციო კამპანიების დროს ცხადი გახდა, რომ ერთდროულად  ყველა წამალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გარკვეულ სირთულეებს შეუქმნის როგორც მოქალაქეებს, ისე ექიმებსა და აფთიაქების თანამშრომლებს. ამიტომ, შემუშავდა ამ წესზე თანადათანობით გადასვლის გრაფიკი, რომელსაც საფუძვლად უდევს ამა თუ იმ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული რისკის დონე“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ეს იმას ნიშნავს, რომ იმ წამლების ჩამონათვალი, რომლებიც რეცეპტით გაიცემა, ჯერჯერობით შემცირდება, თუმცა არ გაუქმდება. წამლების ურეცეპტოდ შეძენაზე შეზღუდვა თანდათან, ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგი გრაფიკის მიხედვით მოხდება:

2018 წლის 1 მარტიდან რეცეპტით გაიცემა ანტივირუსული საშუალებები (ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიმიკრობაქტერიული, იმუნური შრატები და იმუნოგლობულინები, ვაქცინები);

2018  წლის 1 ივლისიდან – ინექციისთვის განკუთვნილი პრეპარატები;

2018 წლის 1 ოქტომბრიდან – ყველა წამალი, რომელიც სომხეთში ექიმის რეცეპტით გასაცემი წამლების სიაში შედის.

ჯანდაცვის სამინისტროში ასევე ირწმუნებიან, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს არ მოუწევთ წამლის საყიდლად მუდმივად ექიმს მიმართონ – მათ მრავალჯერად რეცეპტებს გამოუწერენ.


ასევე წაიკითხეთ