ცოლის მოყვანა და სოფლის შვილად აყვანა

ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მოქალაქე სომხურ დიასპორას სომხური სოფლებისათვის დახმარების გაწევისკენ მოუწოდებს

“როდესაც ვინმე შვილად აგყავს, თქვენ შორის უფრო მჭიდრო კავშირი მყარდება და ამის შემდეგ  ამ ადამიანის ბედი კიდევ უფრო მეტად გაღელვებს. მიგაჩნია, რომ ის შენი შვილია. იგივეს თქმა შეიძლება სოფლებზეც,” – ამბობს არმინე აკოფიანი.

პროგრამა “იშვილე სოფელის” ავტორი და ინიციატორი არმინე აკოფიანის მეუღლე ლენ უიკსია. უკვე ერთი წელია, რაც ცოლ-ქმარი ახორციელებს პროგრამას, რომელიც სომხეთის სოფლის თემებს დიასპორის სათვისტომოებთან აკავშირებს.

ხუთი წლის წინ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მოქალაქე ლენ უიკსი სომეხ არმინე აკოფიანზე დაქორწინდა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა მან სომხეთის მთიანეთი და მასზე შეფენილი სოფლები, ამ სოფლების მოსახლეობა, სომხეთის ბუნება და ისტორიული ძეგლები შეიყვარა.

“ამ ხალხს დიდი პოტენციალი აქვს. ჩემი აზრით, სომხეთს შეუძლია, მსოფლიოს ერთ-ერთ ტურისტულ ცენტრად იქცეს. ვხედავ, რომ სომხები ძალიან შრომისმოყვარე ხალხია. ვფიქრობ, ადგილობრივ ახალგაზრდობას დიდი მომავალი ელის, მაგრამ ამისათვის ცვლილებებია საჭირო და  ეს შეიძლება მიიღწეს სომხეთის დიასპორასთან  თანამშრომლობით, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს სომხეთის გასავითარებლად,” – ამბობს ლენ უიკსი.

უიკსი აღნიშნავს: “ეს პროგრამა შედგება მიკროპროგრამებისგან, რომლებიც ტაილანდის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის სომხური სათვისტომოების წყალობით ხორციელდება. ამ გზით ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ სომხური სოფლის განვითარებაში. არმინეზე ქორწინების შემდეგ დავრწმუნდი, რომ სომხეთიდან განძი წავიღე და ახლა ვხვდები, რომ, ჩემი მხრივ, ვალდებული ვარ, მეც გავაკეთო რაიმე ამ მშვენიერი ქვეყნისათვის.”

პროგრამა “იშვილე სოფელი” სამხრეთ სომხეთში, ვაიოც ძორის რაიონში ხორციელდება. მასში ჩართულია სამი სოფელი – არნი, რინდი და შატინი.

რინდისა და ჩივას თემებისაკენ მიმავალ გზაგასაყარზე აღმართულია კომპოზიცია სახელწოდებით “კარას” [ითარგმნება,როგორც “დოქი”], რომელიც სხვადასხვა ზომის რამდენიმე დოქისგან შედგება. თიხის დოქები ერთმანეთთანაა შეერთებული და მთლიანობაში კომპოზიციას ყურძნის მტევნის ფორმა აქვს.

“სკულპტურას ერთადერთი მნიშვნელობა აქვს – ესაა აბრეშუმის გზის ღვინის ბილიკი. ის სომხეთში ღვინის წარმოების ძველი კულტურის სიმბოლოა და უამრავ ტურისტს მოიზიდავს,” – ამბობს ლენ უიკსი. სოფელი რინდი ნახიჭევანს ესაზღვრება. აქ 1700 ადამიანი ცხოვრობს. პროგრამის სახსრებით საბავშვო ბაღის სათამაშო მოედანი აშენდა. ამ ბაღში 40 ბავშვი დადის.

რინდის სახელი ითარგმნება, როგორც “ყვითელი ყვავილი”. ეს სოფელი თავისი ატმით, გარგრითა და ყურძნითაა ცნობილი. სოფლის ტერიტორიაზე მუშაობს ღვინის მწარმოებელი კომპანია “ზორა”. ამ საწარმოს მიერ გამოშვებული ღვინო სახელწოდებით Zorah Karasi Areni Noir 2012 წელს Bloomberg-მა მსოფლიოს 10 საუკეთესო ღვინის სიაში შეიყვანა. 

რინდის მამასახლისის უსიკ სააკიანის თქმით, სოფლის აქვს სურვილი იმდენად მოძლიერდეს, რომ სხვებსაც დაეხმაროს: “მადლიერები ვართ. ყველაფერი, რაც კეთდება, ჩვენი შვილებისთვისაა; მაგრამ საკუთარი თავების უზრუნველყოფის უნარი უნდა გვქონდეს. ცოტა გულგატეხილი ვარ, რადგან თავად უნდა შეგვწევდეს ძალა, პრობლემებს გავუმკლავდეთ.”

პროგრამა “იშვილე სოფელის” მომდევნო “გაჩერებაა” არენი. ამ სოფლის შესასვლელში ტურისტებისთვის რუკა-გზამკვლევი მონტაჟდება, რომელზეც ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები იქნება აღნიშნული. “აქედან მთლიანად ჩანს სოფლის ისტორიული ნაწილი – ეკლესია, გამოქვაბულები, ძეგლები, გზები… ” – ამბობს არმინე.

სოფელი არენი ერევნიდან 110 კილომეტრში, მდინარე არპას ნაპირზეა გაშენებული. სოფლის თემის წევრები ძირითადად მევენახეობას, მებაღეობასა და მეღვინეობას მისდევენ. ამის წყალობით ემიგრაციის პროცენტული წილი აქ მინიმუმამდეა დაყვანილი. ამ სოფელში მოქმედ ორ ქარხანაში ცნობილი ღვინო “არენი” იწარმოება.

არენში 2000 ადამიანი ცხოვრობს. ამ სოფლის მამასახლისი ამბობს: “სოფელი, შესაძლოა, მიმზიდველი იყოს ტურისტებისათვის იმ მრავალრიცხოვანი ისტორიული და კულტურული ძეგლების წყალობით, რომლებიც აქ არის; პროგრამა “იშვილე სოფელი” კი ტურიზმის განვითარების სტიმული გახდება. ჩვენს სკოლას ინგლისური ენის სახელმძღვანელოები გადასცეს. სოფელში გაშენდება ხეხილის ბაღი, რომელიც 1 ჰექტარს დაიკავებს.”

სოფელ შატინშიც ტურისტულ გზამკვლევებს  დგამენ და ხეებს რგავენ. ადგილობრივ სკოლას კი ინგლისური ენის სახელმძღვანელოებს აძლევენ. შატინში 2000 ადამიანი ცხოვრობს. ეს სოფელი  ამ მხარეში მდებარე შატინვანკის ტაძრითაა ცნობილი.

შატინის მკვიდრი ასტხ ვარდანიანი ამბობს, რომ ტურისტებს მის სოფელში ჩასვლა უყვართ:”სოფელი განსაკუთრებით იზიდავს ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს. ჩვენთან ხშირად ჩამოდიან ველოსიპედისტები. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ისეთ პროგრამებს, როგორიცაა, მაგალითად, “იშვილე სოფელი” – იმისთვის, რომ სოფელი განვითარდეს. ეს ყველაფერი სოფლის მოსახლეობის განწყობაზე აისახება.”

უკვე რამდენიმე წელია, რაც შატინში სამი სასტუმრო სახლი მოქმედებს. საღამოობით სოფლის ერთ-ერთ მთიან ნაკვეთზე ბალახობენ წითელ წიგნში შეტანილი წვერიანი თხები, რომლებიც წყლის დასალევად მდინარე ეხეგისთან ჩამოდიან ხოლმე. “სოფლების მიმართ ყურადღების გამოჩენის კამპანია ადგილობრივი მოსახლეობის ამოქმედებას უწყობს ხელს და გვარწმუნებს, რომ მარტო არ ვართ,” – ამბობს ასტხ ვარდანიანი.

გამოქვეყნდა: 12.10.2016


ასევე წაიკითხეთ