იუბ ტიტიევი ნარკოტიკების შენახვისთვის იყო მსჯავრდებული. უფლებადამცავმა ორგანიზაციებმა ის პოლიტპატიმრად აღიარეს" />

ცნობილი ჩეჩენი უფლებადამცავი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

იუბ ტიტიევი ნარკოტიკების შენახვისთვის იყო მსჯავრდებული. უფლებადამცავმა ორგანიზაციებმა ის პოლიტპატიმრად აღიარეს

რუსეთის შემადგენლობაში არსებულ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკა ჩეჩნეთში სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჩეჩენი უფლებადამცველის, ჩეჩნეთის უფლებადამცავი ცენტრის „მემორიალის“ ხელმძღვანელის იუბ ტიტიევის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე, რომელიც პატიმრობის ვადას ნარკოტიკების შენახვისთვის იხდიდა.

როგორც ადვოკატმა პიოტრ ზაიკინმა „ნოვაია გაზეტას“ აუწყა, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში 10 დღის შემდეგ შევა, ანუ უფლებადამცავი 21 ივნისს გათავისუფლდება.

უფლებადამცველი იუბ ტიტიევი. ფოტო: ოლგა ბობროვა/ “ნოვაია გაზეტა” 

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი უფლებადაცმველის პატიმრობიდან გათავისუფლებას მიესალმა.

„სასჯელი ადამიანის გამოსწორების და თავისუფალ ცხოვრებაში დაბრუნების ინსტრუმენტად უნდა იქცეს, რათა ამ ადამიანს ოჯახისა და საზოგადოებისთვის სარგებლობის მოტანა შეეძლოს, და არა რეციდივისტად აქციოს ის. თუკი სასამართლომ ტიტიევის ვადამდე გათავისუფლება პირველივე ჯერზე შესაძლებლად მიიჩნია, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გარემოება შესასწავლილია, და გადაწყვეტილება ობიექტურად არის მიღებული“, – დაწერა მან.

• დაშინებული მშობლები ჩეჩნეთში შვილებზე უარს ამბობენ 

• რუსი ჟურნალისტი გოლუნოვი: მის წინააღმდეგ ნარკოტიკების გასაღების შესახებ ბრალდება ჩაიშალა, პროტესტი მატულობს

ჩეჩნეთის სასამართლომ 2019 წლის მარტში იუბ ტიტიევს, დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით, ოთხი წლით პატიმრობა (კოლონია-დასახლება) მიუსაჯა. სასამართლოში ბოლო სიტყვით გამოსვლისას ტიტიევმა განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა, და მის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის დევნა მის უფლებადაცვით საქმიანობას უკავშირდება.

იუბ ტიტიევი დააკავეს 2018 წლის 9 იანვარს, როდესაც ის სტომატოლოგთან მიღებაზე მიდიოდა. პოლიციის თანამშრომლებმა მის მანქანაში ვითომდა 200 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს. თავად ბრალს არ აღიარებს.

მისი დაცვა ამტკიცებს, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს, მის წინააღმდეგ საქმე კი, „მემორიალის“ საგამოძიებო და უფლებადცვითი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, პოლიტიკური მოტივებით არის შეთითხნილი.

ტიტიევის დასაცავად გამოვიდა არაერთი რუსი და საერთაშორისო მოღვაწე, მის მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას მოითხოვდნენ ევროპარლამენტი და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი.

უფლებადამცავმა ორგანიზაციებმა Amnesty International-მა, „მემორიალმა“ და  Humans Rights Watch-მა ტიტიევი პოლიტპატიმრად აღიარეს.


ასევე წაიკითხეთ