სამხრეთი ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე ახლა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო გეოგრაფიული ინფორმაციის მქონე ბანერი დგას" />

“ჩვენ რუსეთის მხრიდან საქართველოს მცოცავ ოკუპაციაზე ვლაპარაკობთ – ახალგაზრდული საპროტესტო აქცია კონფლიქტის ზონაში“

სამხრეთი ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე ახლა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო გეოგრაფიული ინფორმაციის მქონე ბანერი დგას

ფოტო: გვანცა დოლუაშვილი

აქცია სახელწოდებით „იქ, სადაც ჩვენი მტერი დგას!“ ერთი დღის განმავლობაში, პარასკევს, 14 ივლისს საქართველოში, შიდა ქართლის რეგიონში, უშუალოდ სამხრეთი ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდინარეობდა. დაახლოებით ათასამდე, ძირითადად, თბილისიდან ჩამოსულმა და ასევე ადგილობრივმა ახალგაზრდამ განაცხადა, რომ ისინი რუსეთის მხრიდან საქართველოს მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ, და სურთ, ამგვარად მთელი ქართველი და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება კონფლიქტურ ზონაში მიმდინარე პროცესისიკენ მიმართონ.

7 ივლისს სოფელ ბერშუეთის განაპირას, ოსურ მხარეს დაიდგა ბანერი, რომელიც იუწყება, რომ აქ სამხრეთი ოსეთის სახელმწიფო საზღვარი გადის. ამას თბილისის ხელმძღვანელობის მძაფრი ნეგატიური რეაქცია და საქართველო-ოსეთის კონფლიქტის დარეგულირებით დაკავებული საერთაშორისო ორგანიზაციების მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა.

დილიდან ბერშუეთში ჩამოსვლა დაიწყეს ავტობუსებმა და მანქანებმა, რომლებსაც სტუდენტები და სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩამოჰყავდა. ისინი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ხელში სამხრეთი ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარის გასწვრივ მწკრივდებოდნენ. როდესაც ყველა შეგროვდა, ცოცხალ ჯაჭვში ჩაბმულებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

„ჩვენ სწორედ აქედან, საოკუპაციო ხაზიდან გვინდა განვაცხადოთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, და ჩვენ ყველა – ოკუპაციის წინააღმდეგი ვართ“, – უთხრა JAMnews-ს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ელისო კილაძემ.

აქციის მონაწილეებმა ოსური მხრიდან დადგმული ბანერის უშუალო სიახლოვეს დადგეს ახალი ბანერი, რომელიც იუწყება, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე 101 კილომეტრია.

შუადღეს აქციის ადგილას აშშ-ის ელჩი იან კელი მივიდა. ის აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს ესაუბრა და განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის უკანონო ქმედებებს გმობს.

“აშშ რუსეთის მიერ დადგენილ საზღვრებს არ ცნობს, ზუსტად ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის პერიოდში არ ცნობდა ბალტიისპირეთში დადგენილ საზღვრებს, – თქვა იან კელიმ, – საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ნებისმიერი ცალმხრივი შეცვლა დაუშვებელია. ეს ძალიან მძიმედ აისახება აქაურ მოსახლეობასა და მათ ოჯახებზე“.

საღამოს ახალგაზრდების დიდმა ჯგუფმა სოფელ ბერშუეთთან კიდევ ერთი აქცია ჩაატარა – ისინი ისევ ჩამწკრივდნენ სამხრეთი ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, რომელსაც საოკუპაციო ზოლი უწოდეს. აქციის ეს ნაწილი თბილისში იმ მომენტში დაწყებული „ქართველთა მარშის“ დაგმობის გამოძახილი იყო. თბილისში ადამიანები თურქეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოში არაკონტროლირებად ემიგრაციას აპროტესტებდნენ.

„ჩვენს აქციას ჰქვია „იქ, სადაც ჩვენი მტერი დგას!“ – და ახლა ჩვენს თანამოქალაქეებსა და და უცხოელ სტუმრებს გვინდა ვაუწყოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა – რუსული ოკუპაციაა, და არა თბილისში კანონიერად მცხოვრები უცხოელები“, – უთხრა JAMnews-ს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სალომე კანდელაკმა.

ბერშუეთის საპროტეტო აქციაზე ჩასული ბევრი ახალგაზრდა JAMnews-ს ეუბნებოდა, რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ქვეყნის მოსახლეობის ამგვარ აქციებში ჩართვა, და ის, რომ ეს აქციები ხშირად ტარდებოდეს, რადგან “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ გაკეთებულმა ხმამაღალმა განცხადებებმა მეგობარ ქვეყნებს შეიძლება შეახსენოს, რომ ქვეყანას სამართლიანობის მიღწევის მცდელობაში მუდმივად მხარში დაუდგნენ“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ