მათ ერთადერთი გზა რჩებათ - გზა არსაით " />

რა ემართება სომხეთში სრულწლოვან ახალგაზრდას, რომელმაც მთელი ცხოვრება ბავშვთა სახლში გაატარა

მათ ერთადერთი გზა რჩებათ - გზა არსაით

ორსართულიანი სახლის სამზარეულოს ყავის მაცდური არომატი ავსებს. თეთრ ფინჯნებში ყავა ისხმება. კუთხეში მსხდარი გოგონები ყავას სვამენ, უახლეს მოვლენებს განიხილავენ, საკუთარ თავებზე საუბრობენ და ერთმანეთს სამომავლო გეგმებს უზიარებენ.

მათ მთელი ცხოვრება სომხეთის სხვადასხვა რეგიონებში მდებარე ბავშვთა სახლებში გაატარეს. შემდეგ კი თვრამეტი წელი შეუსრულდათ და პირადი ნივთების ჩალაგება და საცხოვრებლის დატოვება მოუხდათ.

«ბევრი ჩვენგანს საერთოდ არ ჰქონდა დასარჩენი ადგილი. აღარაფერი გვრჩებოდა ქუჩაში ცხოვრების პერსპექტივის გარდა», – ამბობს 25 წლის მარგარიტა გრიგორიანი, რომელიც გავარის ბავშვთა სახლის აღზრდილია. იგი უკვე ოთხი წელია, აქ ცხოვრობს.

 უკვე მრავალი წელია, რაც ორგანიზაცია „ჩვენი სახლი“ ცდილობს, საკუთარი ძალებით დაეხმაროს იმ გოგონებს, რომლებიც  ბავშვთა სახლებში აღიზარდნენ. მათ შეუძლიათ აქ, ერევნიდან ოც კილომეტრში მდებარე ქალაქ ეჩმიაძინში მდგარ სახლში ცხოვრება. შეუძლიათ ისწავლონ, ან სამსახური ეძებონ – სანამ ფეხზე არ დადგებიან.

«მშვენიერი შანსია. სხვა თუ არაფერი, დროებითი საცხოვრებელი მაინც გვეძლევა. ამას გარდა, აქ დიასახლისობას გვასწავლიან, რაც აუცილებლად გამოგვადგება მომავალში, როდესაც საკუთარი ოჯახები გვექნება», – აღნიშნავს მარგარიტა.


წესების მიხედვით, აღსაზრდელმა, რომლიც 18 წლის ასაკს აღწევს, ბავშვთა სახლი უნდა დატოვოს

სომხეთში მოქმედი ბავშვთა სახლების აღსაზრდელები თავშესაფრებს 18 წლის ასაკში ტოვებენ. ეს წესი მათ უამრავი დაბრკოლებისა და სირთულის წინაშე აყენებს. ყველაზე დიდი პრობლემა მათთვის საცხოვრებელია. ბევრი მათგანი პირდაპირი მნიშვნელობით ქუჩაში აღმოჩნდა.

1991-2012  წლებში ბავშვთა სახლები მთლიანობაში 498-მა მოზარდმა დატოვა. მათგან 193-მა უსასყიდლოდ მიიღო საცხოვრებელი. 2016 წლის თებერვლამდე პერიოდში ასეთი „სოციალური სახლები“ ბავშვთა სახლებში აღზრდილ კიდევ 217 ახალგაზრდას გამოუყვეს.

როგორ ცხოვრობენ „სოციალურ სახლებში“

შეიძლება ითქვას, რომ სოციალური საცხოვრებელი ბავშვთა სახლის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ კომუნალურ დავალიანებებს დონორები იხდიან, ტანსაცმელსა და საჭმელს კი თავად ახალგაზრდები ყიდულობენ. ერთი ოჯახივით ცხოვრობენ. ის მოზარდები, რომლებიც მუშაობენ, დანარჩენებს ეხმარებიან.

აღმზრდელი ახალგაზრდებთან ერთად ცხოვრობს.

სოციალური სახლები ერთგვარ გარდამავალ ეტაპს წარმოადგენს საბავშვო სახლებსა და დამოუკიდებელ ცხოვრებას შორის.

თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მასშტაბური შემთხვევები

2009 წელს კონტროლის პალატამ ბავშვთა სახლებში აღზრდილი ახალგაზრდებისათვის საცხოვრებლების გადაცემის პროცესი შეამოწმა და სერიოზული გადაცდომები გამოავლინა. 2008 წლამდე შეძენილი 149  ბინიდან 28 საცხოვრებლად სრულიად გამოუსადეგარი იყო, რის გამოც ახალგაზრდებმა მათზე უარი თქვეს.

«თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მასშტაბურმა შემთხვევებმა ამ ბავშვებს ნორმალურად ცხოვრების საშუალება მოუსპო», – განაცხადა პარლამენტში მისულმა იშხან ზაქარიანმა, რომელიც კონტროლის პალატას ხელმძღვანელობს. მთლიანობაში 1,5 დრამი (დაახლოებით 4 მილიონი დოლარი) გაიფლანგა.

ბავშვთა სახლის აღსაზრდელები წლობით ელოდებიან საკუთარ რიგს. ბევრი მათგანი საერთო საცხოვრებლებსა და სოციალურ სახლებში ცხოვრობენ. კარგი სამსახურის მქონე ახალგაზრდები ბინებს ქირაობენ.

„ჩვენი სახლი“ გოგონებისთვის – როგორ მუშაობს ეს ორგანიზაცია

ამის ფონზე ორგანიზაცია „ჩვენი სახლი“ მშვენიერ შანსს წარმოადგენს ბავშვთა სახლების აღზრდილებისათვის.

აქ გადმოსვლამდე ისინი ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან აფორმებენ კონტრაქტს, რომელშიც მხარეების უფლება-მოვალეობებია გაწერილი. უპირატესობა იმ ახალგაზრდებს ენიჭებათ, რომლებსაც  უნივერსიტეტში, ან კოლეჯში ჩაბარება და განათლების მიღება სურთ.

გოგონები პირობას დებენ, რომ „წესიერად მოიქცევიან, ორგანიზაციის შიდა რეგულაციებსა და განაწესს დაემორჩილებიან დროს გონივრულად დახარჯავენ“. თავის მხრივ კი ორგანიზაცია პირობას დებს, რომ გოგონებს უზრუნველყოფს ყველაფრით, რაც მათ სჭირდებათ.

„ჩვენი სახლი“ 2005 წელს დაარსდა, 2006 წელს კი პირველი ბინადრები მიიღო. პროგრამა სომხური წარმოშობის ამერიკელი ქველმოქმედის, ჯულია არშეკიანის სახსრებით ხორციელდებოდა. ჯულიას გარდაცვალების შემდეგ ეს საქმე მისმა ვაჟმა გააგრძელა.  შესაბამისად, ორგანიზაციის ცენტრალური ოფისი შეერთებულ შტატებში მდებარეობს.

«18 წლამდე მოზარდს სახელმწიფო არჩენს. მაგრამ სად წავიდეს მას შემდეგ, რაც 18 წლის გახდება? რითი დაკავდეს? რა ბედი ელის ასეთ ახალგაზრდას? გული მტკიოდა, როდესაც ვხედავდი, როგორ დგებოდნენ გავარის ბავშვთა სახლის გოგონები ცხოვრების მოლიპულ გზაზე. ვხედავდი, რომ ბევრი მათგანი განათლების მიღებაზე ოცნებობდა», – ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტიგრანუი კარაპეტიანი.

მისი თქმით, თავიდან არსებობდა იდეა, რომლის მიხედვითაც დამოუკიდებელი ფილიალი ვაჟებისთვისაც უნდა შექმნილიყო.

«მაგრამ მივხვდით, რომ ამ შემთხვევაში ხარჯები ჩვენს შესაძლებლობებს გადააჭარბებს», —ამბობს ტიგრანუი კარაპეტიანი.

საქმიანობის დაწყების შემდეგ ორგანიზაციამ სულ 63 გოგონას მისცა თავშესაფარი. 19 მათგანი უკვე დაოჯახდა. გოგონებმა ორგანიზაციას  სულ 26 შვილიშვილი აჩუქეს. ტიგრანუი კარაპეტიანი ამბობს, რომ ამ ორგანიზაციის შექმნისას არც კი უფიქრია იმაზე, რომ მასთან აქ მცხოვრები რომელიმე გოგონას ხელის სათხოვნელად  მოვიდოდა ვინმე“.

«ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო, მაგრამ ეს დაბრკოლებაც გადავლახეთ. ჩვენმა გოგონებმა საზოგადოებრივი სტერეოტიპების დამსხვრევა შეძლეს. ამ სტერეოტიპის თანახმად, ბავშვთა სახლიდან გამოსული გოგონები ვერ იქნებიან კარგი ცოლები, რძლები და დედები. ახლა კი, ამ ქორწინებების წყალობით, ბევრად უკეთესი რეპუტაცია გვაქვს», – ამბობს ტიგრანუი.

28 წლის ანი ცარუკიანი 6 წლის იყო, როდესაც ბავშვთა სახლში მოხვდა. შემდეგ ის „ჩვენი სახლის“ საცხოვრებელში ცხოვრობდა. და აი, უკვე 4 წელია, რაც დაოჯახდა.

მისი თქმით, თავიდან მას ეშინოდა იმის, რომ ბავშვთა სახლში გატარებული ბავშვობის გამო გაკიცხავდნენ, მაგრამ მისი ქმრის ოჯახი ამ საკითხს არასდროს შეხებია.

«ახალ გარემოში მოხვედრისას უჩვეულო ემოციები გეუფლება, მაგრამ როდესაც კარგად გექცევიან, მალევე ეჩვევი. თავიდან ჩვენს ქორწინებას ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ მოგვიანებით გამიცნეს და დათანხმდნენ. აიკმა (ჩემმა ქმარმა) თავისი ოჯახის წევრებს განუცხადა, მე ეს გოგო ავირჩიე, ესაა ჩემი საბოლოო არჩევანი და როგორც გინდათ, ისე შეეგუეთო».

32 წლის ანი არაქელიანი, რომელიც „ჩვენი სახლის“ საცხოვრებელში გადმოსვლამდე   გავარის ბავშვთა სახლში ცხოვრობდა, ერთი წლის წინ დაქორწინდა.

«ნამდვილად არ დავემსგავსები ჩემს დედ-მამას. ზოგჯერ ჩვენს გოგონებს კიცხავენ იმის გამო, რომ ისინი ბავშვთა სახლებში ცხოვრობდნენ. თუკი არ მოსწონთ, ნუ ქორწინდებიან მათზე.  და თუ ქორწინდებიან, ცოლები არ უნდა გაკიცხონ ამის გამო», – ამბობს ანი.

სხვადასხვა მიზეზების გამო, გოგონები ბავშვთა სახლებში გაიზარდნენ და თითოეულმა მათგანმა მშვენივრად იცის საკუთარი ოჯახის ფასი. მათთვის ოჯახური კერა მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს.

«გოგონები  ხელში ატატებული ბავშვებით მოდიან ხოლმე ჩვენს მოსანახულებლად. ზოგიერთი ორსულადაა. ძალიან ამაღელვებელია ეს ყველაფერი. ხშირად გვიზიარებენ ემოციებს და ამბობენ, რომ ვერ ხვდებიან, თუ როგორ მიატოვეს მათმა დედებმა ისინი ადრეულ ბავშვობაში», – ამბობს ტიგრანუი.

21 წლის ლენა პეტროსიანს რაც თავი ახსოვს, ბავშვთა სახლებში ცხოვრობს. 18 წლის იყო, როდესაც დედასთან დაბრუნდა, შემდეგ კი ისევ ბავშვთა სახლს მიაშურა.

«ჩემი ნებით წამოვედი. იქ პერსპექტივას ვერ ვხედავდი და არ მინდოდა მასე ცხოვრება. ბავშვობა ინტერნატებში გავატარე – ალბათ, იმიტომ, რომ დედაჩემთან საერთო ენა ვერ გამოვნახე. აქ განათლების მიღების დაუძლეველმა სურვილმა მომიყვანა. ამჟამად ექთანის პროფესიას ვეუფლები», – ამბობს ლენა.

ტიგრანუი კარაპეტიანის თქმით, ორგანიზაცია სხვადასხვა ბიზნესპროგრამების განხორციელებას გეგმავს იმისათვის, რათა აღსაზრდელები უშუალოდ ორგანიზაციაში დასაქმდნენ.

«ჩვენ მათ განათლებას ვაძლევთ, მაგრამ რა ქნან იმ შემთხვევაში, თუკი სამსახურს ვერ პოულობენ? გათხოვებას დაელოდონ? მინდა, რომ იმუშაონ და შრომის ფასი იცოდნენ. ბიზნესის დაწყებას  ვგეგმავთ. ჩვენ გოგონებს ყველაფერი კარგად გამოსდით – მზარეულობაც, და ხალიჩების ქსოვაც. უცხოურ ენებიც კი მშვენივრად იციან», – ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

მარგარიტა გრიგორიანი აღნიშნავს, რომ საშუალებით მისი თითქმის ყველა ოცნება ასრულდა. „ჩვენი სახლის“  კედლებში გატარებული ოთხი წლის მანძილზე მან ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტუროლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და ტურიზმის კურსი გაიარა. ამჟამად მარგარიტა სამსახურს ეძებს. «ჩემი დები -მცირე ხნის წინ კი ვანაძორის ბავშვთა სახლიდან მისი დები – არპინე და მარიეტა გადმოვდნენ».


ასევე წაიკითხეთ