შემდეგ ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ქალს მერზე "თავდასხმა" სურდა " />

ერევნის მერიაში დეპუტატ ქალს მამაკაცები ფიზიკურად გაუსწორდნენ

შემდეგ ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ქალს მერზე "თავდასხმა" სურდა

ერევნის მერიაში, უხუცესთა საბჭოს სხდომის დროს შეხლა-შემოხლა მოხდა. მასში ოპოზიციური ფრაქცია „ერკირ ცირანის“ და მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრები მონაწილეობდნენ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პარტია „ერკირ ცირანის“ წარმომადგენლებმა, მათივე თქმით, სხდომის დროს ორიგინალური აქციის ჩატარება სცადეს – აქციის ორგანიზატორები ქალები იყვნენ.

ოპოზიციონერ ქალებს ქალაქის ხელმძღვანელობისთვის იმ სიტუაციის ჩვენება სურდათ, რომელშიც ერევნის ერთ-ერთი თემი – ნურაბაშენი იმყოფება. თემის მაცხოვრებლებს კანალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ. კანალიზაციის წყალი მილებიდან, უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ჟონავს, და მაცხოვრებლების სახლებში მყრალ სუნს აყენებს.

ამ დღეებში ნურაბაშენელებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ითხოვდნენ, რომ ქალაქის ხელისუფლებას ეს საკითხი ბოლოს და ბოლოს გადაეჭრა.

პრობლემისთვის ყურადღების მიქცევის მიზნით, უხუცესთა საბჭოს ოპოზიციონერმა წევრებმა ნიღბები გაიკეთეს და მერიის სხდომათა დარბაზში ნურაბაშენის მილებიდან გამოჟონილი საკანალიზაციო წყლით სავსე ჭურჭელი მიიტანეს იმის სადემონსტრაციოდ, თუ რამდენად უსიამოვნოა ეს სუნი. ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ქალმა მერთან მიახლოება სცადა, რათა ტარონ მარგარიანი მიმხვდარიყო, თუ რით სუნთქავენ ნურაბაშენელები.

თუმცა, უხუცესთა საბჭოს მმართველი ფრთის წევრებმა ის მერთან არ მიუშვეს. მამაკაცები ქალს თმაში სწვდნენ და შენობიდან გაათრიეს. მას მუშტებს ურტყამდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. დაახლოებით ასევე მოექცნენ პარტია „ერკირ ცირანის“ სხვა წარმომადგენელ ქალებსაც, რომლებმაც კოლეგის დაცვა სცადეს.

მოგვიანებით მმართველი პარტიის წევრი მამაკაცების მოქმედების გამართლებას მათი თანაპარტიელი ქალები შეეცადნენ. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ჭურჭელში საკანალიზაციო წყალი სულაც არ ესხა და მოხდა ტარონ მარგარიანზე „თავდასხმის“ აღკვეთა.

„ეს წყალი კი არა, H2S იყო, ანუ მჟავა. ეს რომ საკანალიზაციო წყალი ყოფილიყო, სუნთქვის პრობლემები არ შეგვექმნებოდა. ზოგიერთ ჩვენს კოლეგას არითმია დაეწყო, უხუცესთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი ქალბატონი რეანიმაციაში მოხვდა, რადგან მას გულის პრობლემა შეექმნა. ანუ, ეს იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ტერაქტი ერევნელების წინააღმდეგ“, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ასმიკ სარგსიანმა.

თუმცა, პარტია „ერკირ ცირანის“ წევრები იმის მტკიცებას აგრძელებენ, რომ ჭურჭელში ნარუბაშენის კანალიზაციის წყალი ესხა.

„თქვენ ძვირფასი სუნამოების არომატის გარდა, ის სიმყრალეც უნდა შეისუნთქოთ, რომელშიც სახელმწიფოებრიობა მოაქციეთ. ამიერიდან, სადაც იქნებით, ეს სიმყრალე ყველგან თან გდევთ და ძვირფასი სუნამო და კონიაკიც ვერ გიშველით.  

თქვენ ეს სუნი  წამიერად შეისუნთქეთ და მაშინვე არეულობა დაიწყო –  უხუცესთა საბჭოს ჩვენს წევრს თავს დაესხით. შეგეშინდათ, რომ ეს სიმყრალე დაგახრჩობდათ? გეტყვით, რომ სიმყრალისგან არ იხრჩობიან, მაგრამ საჭიროა, რომ მოიწამლოთ. თქვენი ადგილი ნარუბაშენის კანალიზაციაშია“, – თქვა ოპოზიციური ფრაქციის ლიდერმა ზარუი პოსტანჯიანმა.

ინციდენტის დეტალების გასარკვევად მომხდარი შეხლა-შემოხლის შემდეგ ადგილზე მივიდა პოლიცია, რომელიც ორივე მხარეს ესაუბრა.

მერის მრჩეველმა გორ ვარდანიანმა, რომელსაც ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ქალი სხდომათა დარბაზიდან გაჰყავს, განაცხადა, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, უხუცესთა საბჭოს წევრებს უსიამოვნო სუნისგან გულის რევის შეგრძნება დაეწყოთ და მან „სთხოვა მარინე ხაჩატრიანს და სხდომათა დარბაზიდან გასვლაში დაეხმარა“.

ინციდენტის დროს დაირღვა იმ ჟურნალისტების უფლებებიც, რომლებიც სხდომას აშუქებდნენ. მათ შეხლა-შემოხლის დაწყებისას შენობის დატოვება მოსთხოვეს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლები, ასევე მერის თანაშემწეები ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ.


ასევე წაიკითხეთ