ქართველი ფეისბუკმომხმარებლები ითხოვენ, რომ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ჯონ მაკკეინის სახელი დაერქვას " />

“ყველაფრისთვის დიდი მადლობა, სენატორო!”. საქართველოში ჯონ მაკკეინს განსაკუთრებულად ემშვიდობებიან

ქართველი ფეისბუკმომხმარებლები ითხოვენ, რომ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ჯონ მაკკეინის სახელი დაერქვას

 

REUTERS

ფეისბუკის ქართველმა მომხმარებლებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება, სადაც ითხოვენ, რომ თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის სახელი ეწოდოს.

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში 25 აგვისტოს გარდაიცვალა. მისი ოფისის განცხადებით, ბოლო წუთები მან ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარა.

 

2017 წლის ივლისში, ჯონ მაკკეინის აგრესიული ფორმის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ექიმებმა მას თავის არეში არსებული სიმსივნური წარმონაქმნები ამოაჭრეს.

საქართველოში განსაკუთრებით გამოეხმაურნენ სენატორ მაკკეინის გარდაცვალებას.

“თბილისში აუცილებლად უნდა იყოს ამ დიდი ადამიანის, საქართველოს დიდი მეგობრის ქუჩა!”

“ძვირფასო სენატორო, მიიღეთ საქართველოსგან მადლობა იმ მხარდაჭერისთვის რომელიც თქვენგან გვქონდა, იმ სიყვარულისთვის რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ იჩენდით!”

“საქართველოს უერთგულესი მეგობარი და მოკავშირე. კომუნიზმისა და კომუნისტების მტერი, ამერიკის გმირი. დიდი მადლობა ყველაფრისთვის სენატორ მაკკეინს. მშვიდობით სენატორო.”

“ამერიკის დიდი პატრიოტი და საქართველოს ქომაგი. გმირი და საამაყო მამა. მშვიდობით სენატორო”.

“მადლობა სენატორო ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის და თავდადებული ბრძოლოსთვის. RIP” – წერენ ქართველი ფეისბუკმომხმარებლები. 

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი წლების განმავლობაში ვაშინგტონსა და მსოფლიოში საქართველოს მხარდამჭერი და ლობისტი იყო.

 

განსაკუთრებული იყო სენატორ მაკკეინის მხარდაჭერა აგვისტოს ომის დროს, როცა ის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე მაღალი ტრიბუნებიდან ხმამაღლა საუბრობდა, მათ შორის მის მიერ იყო ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი არაერთი რეზოლუცია აშშ-ს კონგრესში.

 

სწორედ საქართველოს მხარდაჭერის გამო ჯონ მაკკეინი 2010 წელს, ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა.

 

საქართველოს შესახებ სენატორ მაკკეინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო 2008 წლის 12 აგვისტოს, ამერიკელ ამომრჩევლებთან ნათქვამი შემდეგი ფრაზა: „დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“.

 

„პატარა ქვეყანა საქართველო რუსეთის მხრიდან თავდასხმის წინაშე დგას, რაც საფრთხეს უქმნის მის არსებობას. ზოგიერთმა ამერიკელმა შეიძლება იკითხოს, თუ სად მდებარეობს საქართველო, თუ რატომ უნდა ვწუხდეთ იმაზე, რაც ხდება იმ შორეულ ადგილას, თუმცა ისტორია ხშირად კეთდება შორეულ ადგილებში. დღეს დილით ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. მან იცის, რომ ამერიკელი ხალხი ლოცულობს და მხარს უჭერს მამაც ქართველ ერს, რომელიც დღეს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. მთხოვა, მადლობა გადამეხადა თქვენთვის, მადლობა გადამეხადა იმისთვის, რომ ამერიკელი ხალხი მხარს უჭერს ამ პატარა დემოკრატიას, რომელიც შორსაა ამერიკისგან. მას ვუთხარი, რომ ვიცი, თითოეული ამერიკელის სახელით ვსაუბრობ, როდესაც ვამბობ, რომ დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“, – განაცხადა ჯონ მაკკეინმა 2008 წლის 12 აგვისტოს.

“ქართველმა ხალხმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას,” – ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი, გავლენიანი ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას.

გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ მაკკეინის ღვაწლი საქართველოს  წინაშე განუზომელია. პრეზიდენტი აგვისტოს ომის პერიოდში სენატორის თანადგომას იხსენებს და მას “საქართველოს ეროვნულ გმირს” უწოდებს. გიორგი მარგველაშვილი სოციალურ ქსელში მაკკეინთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

“ჩვენ საქართველოს უდიდესი მეგობარი და მხარდამჭერი დავკარგეთ. ის იმ პატარა ქვეყნების მხარდამჭერი იყო, რომლებიც თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის, უსაფრთხოებასა და დემოკრატიისთვის იბრძვიან. მშვიდად განისვენე, სენატორო მაკკეინო!  საქართველო ყოველთვის გცემს პატივს და არასოდეს დაგივიწყებს“, – დაწერა საქართველოს საგარეო მისნისტრმა დავით ზალკალიანმა „ტვიტერის“ გვერდზე. 

მაკკეინის გარდაცვალებას ეხმაურება “ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე:

 “საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის აგრესიის დროს ის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და თავის საარჩევნო კამპანიაში დიდი დრო დაუთმო ჩვენს მხარდაჭერას. მაკკეინის ფრაზა – “დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ” – ტონის მიმცემი გახდა არამარტო ამერიკელი, ასევე ევროპელი პოლიტიკოსების მოქმედებებისთვის. ჯონ მაკკეინი განეკუთვნება იმ მასშტაბის პოლიტიკოსებს, რომლებსაც დავიწყება არ ეხებათ და ღრმად რჩებიან ისტორიაში,” – ამბობს  ბაქრაძე. 

ექს-პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე ჯონ მაკკეინთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, წარწერით “მშვიდობით მეგობარო. გამარჯვება საბოლოოდ ჩვენი იქნება”.

Posted by Mikheil Saakashvili on კვირა, 26 აგვისტო, 2018


ასევე წაიკითხეთ