აზერბაიჯანში ერთადერთი ბავშვთა თავშესაფარია" />

ყველასთვის ადგილი არ არის

აზერბაიჯანში ერთადერთი ბავშვთა თავშესაფარია

ისტორიები

ათი წლის მიშა მკვირცხლი, ლოყებფუნჩულა ბიჭია, რომელიც უსახლკარო ბავშვთა და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ბინადარს სულ არ ჰგავს. თუმცა, უკვე მათხოვრობის გამოცდილებაც აქვს და ქურდობისაც. ერთხელ მამინაცვალმა ბიჭი დასაჯა _  გაყინულ სარდაფში გამოკეტა, და ბიჭს ფეხები მოეყინა. „მშობლებმა“ საავადმყოფოს დაგვიანებით მიმართეს, რის გამოც, ექიმებს მიშასთვის ფეხის თითების მოჭრა მოუხდათ. ვიღაც გულისხმიერმა ადამიანმა ინტერნატში დარეკა და საავადმყოფოდან მიშა პირდაპირ ბავშვთა სახლში წაიყვანეს.

ხუთი წლის შახანას დედა ჰყავს, მაგრამ ამ ქალის ნამდვილი სახელი არავინ (მათ შორის, არც გოგონამ) იცის. მშობიარობის დრო რომ მოვიდა, ქალი საავადმყოფოში მივიდა და სამედიცინო პერსონალს გამოგონილი სახელით გაეცნო. ბავშვის დაბადების შემდეგ კი საავადმყოფოდან გაიპარა. მოგვიანებით გაირკვა, რომ შახანას დედას პიროვნების გაორება და შიზოფრენია სჭირდა.

პატარა ჯავიდი ტელევიზით აჩვენეს,რომ მისი მშობლები ეპოვნათ. ეს ბავშვი დედამ თავის საყვარელს მიუგდო კართან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ოჯახს ბავშვთან არაფერი აკავშირებდა, ბიჭი მაინც შეიფარეს და გარკვეული დროის განმავლობაში უვლიდნენ; შემდეგ კი  ტელევიზიაში მიიყვანეს,საიდანაც თავშესაფარში მოხვდა.დედამისი არც გამოჩენილა.

ხუთი წლის ვიქტორია მთელი დღეების განმავლობაში შეუსვენებლივ მათხოვრობდა, დედის და მისი თანამეინახეებისთვის არყის საყიდელი ფული რომ მოეგროვებინა. თუ საკმარის ფულს ვერ შეაგროვებდა, ვიქტორიას სცემდნენ და აუპატიურებდნენ. ერთხელ დედის ერთ-ერთმა ძმობილმა ფეხზე სიგარეტი მიაწვა. ვიქტორია თავშესაფარში პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს.

ბავშვთა სახლში მისვლის შემდეგ, გოგონას პირველი ათი დღის განმავლობაში თითქმის განუწყვეტლივ ეძინა. სამი თვე თვალებზე ჩამოფხატული ქუდით დაიოდა, რომელსაც არ იხდიდა; ხოლო, თავშესაფარში სამი მამაკაცის თანხლებით მისული დედამისი რომ დაინახა, ვიქტორიას ისტერიკა დაეწყო. ყვიროდა და ითხოვდა,მოსულებისთვის მისი წაყვანის უფლება არ მიეცათ. დედამ თავშესაფარში ტკბილეულით სავსე პაკეტი მიიტანა, რომელიც ერთი კვირა კართან ისე იდო,არავინ მიჰკარებია _  სხვა ბავშვებიც კი.

როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აზერბაიჯან უშაღლარის“ (აზერბაიჯანის ბავშვები) ხელძღვანელის მოადგილე, აიდა ალიევა ამბობს: „ასეთი მშობლებისადმი სახელმწიფოს პოლიტიკა საკმაოდ რბილია, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენთან მშობლის უფლებებს არავის ართმევენ“.

 

 

თავშესაფარი

 არასამთავრობო ორგანიზაცია ‘აზერბაიჯან უშაღლარი’–სათან არსებული ბავშვთა სახლი 2006 წლიდან მუშაობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, კამილ აღაზადე, უკვე რამდენიე წელია, უსახლკარო ბავშვებზე ზრუნავს. აქ ნებისმიერ ბავშვს  უზრუნველყოფენ  ღამის გასათევით, საჭმლით და სამედიცინო დახმარებით. თუმცა, ყველაზე ხშირად ბავშვები აქ პოლიციისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგელებს მოჰყავთ.

თავშესაფრის მთავარი პრობლემა სტაბილური დაფინანსების არქონაა. 2014 წლამდე ორგანიზაცია გრანტებს იღებდა, მაგრამ ორიოდე წლის წინათ ქვეყანაში შემომავალი გრანტების ნაკადი შეწყდა და ახლა საკუთარი ძალისხმევით, მოხალისეების შემოწირულობებით უწევთ არსებობა. ვერც სახელმწიფოსგან იღებენ მხარდაჭერას, რადგან აზერბაიჯანის კანონმდებლობა თავშესაფრების მუშაობას არ არეგულირებს. ქვეყნის ერთადერთ თავშესაფარს საკუთარი საბანკო ანგარიშიც კი არ აქვს. აქ მომუშავე ყველა ადამიანი მოხალისეა, რადგან პერსონალისთვის ხელფასის ფული არ რჩება. თავშესაფრის ადმინისტრაცია ქირის ფულსაც კი საკუთარი ჯიბიდან იხდის.

‘აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად მოდიან ჩვენთან, _ ამბობს აიდა ხანუმი, _ მაგრამ ვერაფრით გვეხმარებიან. დაფინანსების მისაღებად უამრავ ორგანიზაციას მივმართეთ; რომელიმე სასპონსორო პროგრამაში ჩართვას ვითხოვდით, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენი სახლი დიდი არ არის და აქ ბევრ ადამიანს ვერ ვათავსებთ, ამიტომ აღასრულებელ ხელისუფლებას ვთხოვეთ, შენობა მაინც გამოგვიყოს’.

 

 

 კრიზისი

თავშესფრისთვის ბაქოს ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე კერძო სახლს ქირაობენ, სადაც ბავშვების გარდა, ხშირად მათი დედებიც ბინადრობენ. ესენი არიან ოჯახური ძალადობის მიზეზით ქუჩაში დარჩენილი ან განქორწინების პროცესის მომლოდინე ქალები,  რომლებსაც საცხოვრებელი არ აქვთ. ორ საძინებელში სულ 20-25 ადამიანი ეტევა, თუმცა ამჟამად თავშესაფარში ოცდაათზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ამ ორგანიზაციის ‘კმაყოფაზე’ სხვებიც არიან _ ღარიბი ოჯახები, რომლებსაც საჭმლის ფული არ აქვთ, ბავშვები, რომლებსაც ოპერაციები და მკურნალობა ესაჭიროებათ, მაგრამ მათ ოჯახებს საკმარისი ფული არ გააჩნიათ. „ჩვენი მოხალისე თანამშრომელი ღარიბ ადამიანებს ექიმებთან დაჰყვება და ცდილობს, ამ ადამიანების უფასოდ ან მინიმალური საზღაურის ფასად მკურნალობაზე დაიყოლიოს მედიკოსები. ჩვენთან მედიცინა ხომ ოფიციალურად უფასოა“, _ ამბობს აიდა ალიევა.

სხვა პრობლემებს ეკონომიკური კრიზისიც დაერთო, რამაც შემოწირულობები მნიშვნელოვნად შემცირდა. „განსაკუთრებით დიდ შემოსავალს დღესასწაულების დროს ვიღებდით. ყურბან ბაირამის დროს შესაწირ ხორცს გვაძლევდნენ, სხვა დღესასწაულებზე კი  სურსათს ვიღებდით. ზოგჯერ რამდენიმე ადამიანი შეიკრიბებოდა, 100-100 მანათს დადებდა და მთელი ამ ფულით პროდუქტებს ყიდულობდნენ. ახლა ასე აღარ ხდება, შემოწირულობებმა ძალიან იკლო“, _ ამბობს აიდა ხანუმი.

 

 

 

როგორ უნდა ხდებოდეს

სახელმწიფომ ბავშვი ცხოვრების „სადავო“ ეპიზოდების დროს სათანადო თავშესაფრით უნდა უზრუნველყოს. მეხრიბან ზეინალოვა, რომელიც ქალთა დახმარების საზოგადოებრივ გაერთიანება „სუფთა სამყაროს“ ხელმძღვანელობს, აღიშნავს, რომ თუკი ოჯახი განქორწინების პროცესშია (ანუ თუ განქორწინების პროცედურა ჯერ არ დასრულებულა), არამხოლოდ ქალის (რომელსაც ზოგჯერ საერთოდ არ აქვს საცხოვრებელი ფართი, მეუღლესთან ერთად უწევს ბინაში ცხოვრება და ხშირად ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლიც ხდება ), არამედ ბავშვის მდგომარეობაც რთულდება _ განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც „ოჯახის საქმე“ სამოქალაქო კოდექსის ჩარჩოებს ცდება და სისხლის სამართლის კოდექსს „უახლოვდება“. სამწუხაროდ, აზერბაიჯანში არ მუშაობს სოციალური სამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ტანდემი,რომელიც პრობლემური ოჯახების შესახებ ინფორმაციას მოგროვებდა და გაავრცელებდა.ათი წლის მიშას შემთხვევაში გულისხმიერი ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებმაც ბიჭის თავშესაფარში მოყვანა ითავეს, მაგრამ თუკი ასეთი ადამიანი არ გამოჩნდა?..

ასევე, პრობლემას წარმოადგენს ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ბავშვისთვის პროფესიონალი ფსიქოლოგის დახმარების აუცილებლობა _ იქნება ეს მშობლების განქორწინება,მაწანწალობა, თუ მათხოვრობა.
ქალების, ოჯახისა და ბავშვების პრობლემების კომიტეტის სამართლებრივი განყოფილების ხელმძღვანელის, თალია იბრაჰიმოვას თქმით, დედაქალაქსა და რეგიონებში მოქმედებს ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერის ცენტრები.ამ ორგანიზაციების თანამშრომლებს, წესით, ოჯახებთან შეხვედრა, მათთან საუბარი და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აღმოჩენა ევალებათ,თუმცა უცნობია,სინამდვილეში ასრულებენ თუ არა ამ მოვალეობას.

 

 

გამოქვეყნდა 2016 წლის 17 მარტს


ასევე წაიკითხეთ