სამ საათზე პარლამენტთან მასშტაბური აქცია იგეგმება" />

ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია. ფოტორეპორტაჟი

სამ საათზე პარლამენტთან მასშტაბური აქცია იგეგმება

ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 60-მდე ადამიანი, რომელთა ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია, აცხადებენ არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის „თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრები.

12 მაისს, ღამის პირველის ნახევარზე თბილისის სამ ღამის კლუბში ერთდროულად ნიღბიანი, შეიარაღებული სპეცრაზმელები შევიდნენ.

შსს-ს განცხადებით, სპეცოპერაციის მიზანი ნარკორეალიზატორების დაკავება იყო.

“რუსთავი 2” -ის მიერ გადმოცემულ კადრებში ჩანდა, როგორ გამოჰყავდათ ადამიანები კლუბიდან, ზოგს ტანზე ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული; პირდაპირ ეთერში ჩანდა, როგორ დააკავეს რამდენიმე ათეული ადამიანი.

ძალიან მალე ღამის კლუბ “ბასიანთან” რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა: 

მოგვიანებით ისინი ფეხით დაიძრნენ რუსთაველის გამზირისკენ, პარლამენტის შენობასთან. დილის ოთხი საათისთვის პარლამენტთან სპონტანური აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რასაც პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეთა დაკავება მოჰყვა.

პოლიციის სპეცოპერაციის და მკაცრი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ახალგაზრდები თბილისში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

მასშტაბური საპროტესტო აქცია პარლამენტთან დღეს, 15:00 საათზეა დაგეგმილი.

„ვერთვებით ღიად გამოცხადებულ ომში,“ – აცხადებენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრები.

აქციის ორგანიზატორები აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდებენ ყველას, ვინც ფიქრობს, რომ გუშინ სპეცრაზმი კლუბებში უსამართლოდ შეიჭრა.

გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა. სამინისტრო იუწყება, რომ ის “3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი”.

მოძრაობა სიცრუეს უწოდებს სამართალდამცავთა მიერ გავრცელებულ ვერსიას, თითქოს პოლიციის მიზანი „ნარკორეალიზატორების“ დაკავება იყო.

„სპეცოპერაციას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი ბინძური კამპანია საკლუბო სცენისა და დამოუკიდებელი მოძრაობების წინააღმდეგ. კამპანიას სათავეში ედგნენ ფაშისტური დაჯგუფებები, ანგაჟირებული პრორუსული რეგრესული ძალები, რომლებიც უკვე წლებია მიზანმიმართულად ებრძვიან დამოუკიდებელი საქართველოს ახალგაზრდული კულტურის ყველაზე ძვირფას მონაპოვარს – თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის იდეებს“, – ვკითხულობთ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებაში.

მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ ბრძოლა გამოუცხადა დამოუკიდებელი საქართველოს კულტურის ერთადერთ სფეროს, რომელმაც „არამხოლოდ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, არამედ პირველ რიგში, სწორედ მისი სოციალური ღირებულებებიდან გამომდინარე უჭირავს წამყვანი ადგილი მსოფლიო სცენაზე“.

„უკომპრომისოდ ვერთვებით ღიად გამოცხადებულ ომში ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების – თავისუფლებისა და საკუთარი მომავლის დასაცავად“, – ნათქვამია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებაში.


ასევე წაიკითხეთ