„კანონიერი ქურდისა“ და „კრიმინალური ავტორიტეტის“ სტატუსები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის საკმარისი საფუძველი იქნება " />

„ქურდი ციხეში უნდა იჯდეს!“ – სომხეთში სისხლის სამართლის კოდექსში შესწორებების პროექტი მოიწონეს

„კანონიერი ქურდისა“ და „კრიმინალური ავტორიტეტის“ სტატუსები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის საკმარისი საფუძველი იქნება

სომხეთში „კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლა გადაწყვიტეს. მთავრობამ მოიწონა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი შესწორებების პროექტი, რომელიც „კრიმინალურ სამყაროსთან“ კავშირისთვის პასუხისმგებლობას ამკაცრებს.

რუსეთი – სამოთხე ქურდებისთვის?

დეტალები შესწორებების შესახებ

მთავრობაში პროექტი იუსტიციის მინისტრმა რუსტამ ბადასიანმა შეიტანა. შესწორებების თანახმად, „კანონიერი ქურდის“ სტატუსის ქონა საკმარისი საფუძველი იქნება იმისთვის, რომ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.

“გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება დამნაშავე სამყაროს იერარქიაში უმაღლესი სტატუსის მინიჭების, მიღების ან შენარჩუნებისთვის, კრიმინალური სუბკულტურის შექმნის, ხელმძღვანელობის, მონაწილეობის, ჩართვის ან შენარჩუნებისთვის“, – თქვა ბადასიანმა.

იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რომ შესწორებები შეეხებათ არამხოლოდ უშუალოდ „კანონიერ ქურდებს“, არამედ „კრიმინალურ ავტორიტეტებსაც“.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია იმ ადამიანების მიმართაც, ვინც სხვადასხვა პრობლემის გადასაწყვეტად „კანონიერ ქურდებს“ მიმართავს.

გენერალურმა პროკურორმა არტურ დავიტიანმა თქვა:

 „ამ სუბკულტურის ბენეფიციარები არსებითად ხელს უშლიან დანაშაულის გახსნას… მიმაჩნია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ მომენტიდან კანონის განხორციელებისთვის მზადება უნდა დაიწყონ, რადგან, როდესაც ის ძალაში შევა, მათ  დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულება მოუწევთ.“

სომხეთის ხელისუფლებამ პროექტი ერთხმად მიიღო. მანამდე სისხლის სამართლის კოდექსში ანალოგიური შესწორებები საქართველოსა და რუსეთში მიიღეს.

პრემიერის კომენტარები

მთავრობის სხდომაზე ფაშინიანმა განაცხადა:

 „წარმოდგენილი პროექტი – „კანონიერი ქურდების“, ეგრეთ წოდებული „სხოდკების“ (მაპატიეთ მთავრობის სხდომაზე ასეთი სიტყვებისთვის), „ობშიაკების“ და სხვა მოვლენების შესახებაა. ის იმისთვისაა, რომ ყველას, ვინც ამაში ჩართულია, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს. ამ სუბკულტურის ადამიანებს ციხე თავიანთ სახლად მიაჩნიათ. შესაბამისად, ყველა „სახლში“ უნდა გავუშვათ“.

პრემიერი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თემას სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზეც შეეხო:

 „დღეს სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსში მიიღეს ცვლილებების პროექტი, რომლის შინაარსი მოკლედ ასე შეიძლება აღიწეროს: „ქურდი ციხეში უნდა იჯდეს“ [გამონათქვამი ბრჭყალებში რუსულად წერია – JAMnews].

რას წერენ სოციალური ქსელებში

სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელთა უმეტესობა მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით დადებითად რეაგირებს.

გთავაზობთ ზოგიერთ კომენტარს, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანის პოსტის ქვემოთ დატოვეს:

„ყველა აღფრთოვანებული ვართ! ბრავო“;

„დიდ ხნის ნანატრი ცვლილებები კანონში!!! ვეღირსეთ“;

 „თუ ასე წავიდა საქმე, ნუ დაგავიწყდებათ ეგრეთ წოდებული „չաստ նայող (ისინი, ვინც სამხედრო ნაწილს მეთვალყურეობენ), თორემ ჯარში ისევ არეულობა გრძელდება. თქვენს ვაჟს ჯარში თითს არავინ დააკარებს… მათ კი, ვისაც უმაღლესი მფარველები არ ჰყავთ – დიდი პრობლემები აქვთ. თქვენ, შესაძლოა, მთელ სიმართლეს არც კი მოგახსენებენ… ეს კი ხალხისთვის მოედანზე თქვენივე გაცემული დაპირებებია, რომლებიც იქნებ უკვე დაგავიწყდათ“;

 „ქურდი ციხეში უნდა იჯდეს! და გადამყიდველებიც! ჩვენთან კი, სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით სრული განუკითხაობაა. უმრავლესობა ნარკომანი ან ნარკო საქმოსანია. პოლიცია უმოქმედოდაა“.

 „თუკი ქურდი ციხეში უნდა იჯდეს, მაშინ სერჟიკი [სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი- JAMnews] თავისი  ბანდით თავისუფლად რატომ დასეირნობს? ის ხომ ხალხს ძარცვავდა. თუ ის რჩეულია?“


ასევე წაიკითხეთ