ეკოლოგიური კატასტროფა - გულგრილობით თუ პირადი გამორჩენისთვის?" />

ქვიშის კარიერი და არავითარი მიწათმოქმედება

ეკოლოგიური კატასტროფა - გულგრილობით თუ პირადი გამორჩენისთვის?

სოფელ არგავანდის მოსახლეობა  თანდათან თავს ანებებს მიწათმოქმედებას; არა იმიტომ, რომ საკუთარი ნაკვეთების დამუშავება არ სურთ, უბრალოდ, არმავირის ოლქის ამ სოფელში სახნავ–სათესი მიწა მდიდარია სამშენებლო ქვიშით.

აკოფი  არგავანდის  მკვიდრთაგან ერთ–ერთია, ვინც მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო _ მიწის ნაკვეთი,საკუთარი ნებით, თუმცა არახელსაყრელ ფასად გაყიდა;უფრო სწორად, იძულებული გახდა, რადგან მისი ნაკვეთის სიახლოვეს ქვიშის კარიერის ექსპლუატაცია დაიწყო, რამაც აკოფის ნაკვეთის ნიადაგის გაუწყლოება გამოიწვია და მასზე რაიმეს დათესვამ აზრი დაკარგა.

იგივე ბედი გაიზიარეს აკოფის სხვა თანასოფლელებმაც, რომლებიც სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და მის ნათქვამს ადასტურებდნენ _ რომ ერთი ჰექტარის ფართობზე კარიერის ექსპლუატაციის დროსაც კი საბადოს სიახლოვეს ათობით ჰექტარი უწყლოვდება და უვარგისი ხდება. ადგილობრივების თქმით, არგავანდის მიწების (რომლებსაც ადრე ამუშავებდნენ და ამ ნაკვეთების წყალობით ფულს შოულობდნენ) 30 ჰექტარზე მეტი ფართობი ქვიშის საბადოებმა დაიკავა.

მდინარე არაქსის ნაპირები სამშენებლო ქვიშითაა მდიდარი. ქვიშის შრე უშუალოდ მცენარეული საფარის ქვეშაა და  ზოგჯერ 15-20 მეტრის სიღრმემდეც კი აღწევს. მისი მოპოვებისას გრუნტის წყლები მიმდებარე ტერიტორიებიდან პირდაპირ ქვაბულებში ჩაედინება, რაც მეზობელი სასოფლო-სამეურნეო მიწების გაუწყლოებას იწვევს.

არმავირის ოლქში ქვიშის მოპოვებით ბევრი მეწარმეა დაკავებული. ათობით თემის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთები კი უდაბნოდ და ჭაობად იქცევა. საქმე ისაა,რომ ქვიშის მარაგების ამოწურვის შემდეგ საბადოს მფლობელები ამ ადგილებიდან მიდიან და მიწათმოქმედებისათვის სამუდამოდ უვარგის მიწებს ტოვებენ.

ვინ მოიპოვებს ქვიშას?

იმის დასადგენად, თუ ვინ არის ქვიშის მოპოვებით დაკავებული და, და სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ რატომ არ უზრუნველჰყოფენ ისინი ამ ტერიტორიებზე მცენარეული საფარის აღდგენა–რეკულტივაციას (რაც მათ კანონით ევალებათ), არვაგანდის მამასახლისს, არშაკ აგაჯანიანს მივმართეთ.

ასე დასმულმა შეკითხვამ მამასახლისი გააღიზიანა და მისი პასუხებიც მოკლე და აგრესიული იყო: „ მე რატომ მეკითხებით? რა შუაშია  სოფლის მამასახლისი? აქ რატომ მოხვედით? სად ნახეთ ქვიშის საბადოები? რა ქვიშის საბადოები? სოფელში რეგისტრირებული საბადოები არ არსებობს. ამ საკითხთან დაკავშირებით სოფლის ადმინისტრაციას არც ხელშეკრულებები აქვს დადებული, და არც ისაა ცნობილი, თუ საიდან და რა რაოდენობის ქვიშა მოიპოვა ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტის დეპუტატმა ნააპეტ გევორგიანმა“.

სოფლის მამასახლისმა მხოლოდ ის იცოდა, რომ დეპუტატი, უკვე ერთი წელია, რაც მათ სოფელში აღარ მოიპოვებს ქვიშას და ამჯერად იმავე საქმიანობას მეზობელ სოფელ ტანძუტში აგრძელებს. სოფლის განაპირას მოქმედი კარიერის მფლობელის ვინაობა კი არ იცის. ერთხელ ამ მიწის ნაკვეთზე გადასახადი რომ მოითხოვა, უხეშად უპასუხეს, რის შემდეგაც მამასახლისმა ბოდიში მოიხადა და იქაურობას გაეცალა. მან ორი შემოწმების შემდეგაც კი ვერ დაადგინა, ეს მაღარო ვის ეკუთვნოდა.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ ადამიანებს არ ასახელებს, არგავანდის მკვიდრმა აკოფმა, თანასოფლელების მსგავსად, კარგად იცის, ვინ ხეირობს მისი მიწებით.

სოფლის თემი მიწას ვერ განკარგავს 

მიწების აუცილებელი რეკულტივაცია, ძირითადად, სახელმწიფოს ეველება, თუმცა ამ სამუშაოებს კარიერის მფლობელი აფინანსებს. გამოდის, რომ მესაკუთრე ან არ იხდის, ან იხდის და სახელმწიფო ნაკისრ ვალდებულებას მაინც არ ასრულებს. შედეგად, საბადოები გრუნტის წყლებით ივსება, ჭაობდება და ეპიდემიების წყაროდ იქცევა.

ეკოლოგ სანასარ ბაღდასარიანის გამოთვლებით, დღეს არმავირის ოლქში  1000 ჰექტარზე მეტი ფართობის რეკულტივაცია უნდა მოხდეს. ამ  ტერიტორიიდან 250 ჰექტარი ჯანფიდის თემს ეკუთვნის.

სოფელ ჯანფიდის მამასახლისის, რაფიკ ეღიაზარიანის თქმით, ეს საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ქვიშის კარიერების ნარჩენებია. ჯანფიდის მამასახლისი წუხს, რომ სოფლის შესასვლელშივე ასობით ჰექტარი ჭაობად და ნოტიო ქვიშნარად აქციეს.

იგი ირწმუნება, რომ ამჟამად სოფელში ახალი მაღაროები არ არის და, თუკი მაინც არსებობს, სოფლის მუნიციპალიტეტს ამ მაღაროსთან კავშირი არ აქვს. მიწებს მესაკუთრეები განკარგავენ, კარიერის ექსპლუატაციის უფლებას კი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გასცემს.

იგივე პრობლემაა ჯრარატის თემშიც, სადაც მეწარმეებმა გლეხებისგან მიწები შეიძინეს და, კანონის სრული დაცვით, უკვე თავიანთ საკუთრებაში არსებული ნაკვეთები მაღაროებად აქციეს. ჯრარატის ბევრი მკვიდრი თავადაც ეძებს გულუხვ მყიდველს,ვინც  მათგან მიწებს იყიდის და ქვიშის კარიერებად აქცევს.

სოფელ ჯრარატის მამასახლისი სამველ გალსტიანი  ქვიშის მაღაროების  წინააღმდეგია, მაგრამ კანონი მას უფლება არ აძლევს,სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ქვიშის კარიერად გარდაქმნას შეუშალოს ხელი. ბრძოლის ერთადერთ საშუალებად მას ისღა რჩება,რომ ქვიშის კარიერის მოწყობის მსურველებს სარეზერვო ფონდის მიწის ნაკვეთების იჯარით გადაცემაზე უარი უთხრას.

კარგად დაცული ბიზნესი

ძალიანაც რომ გინდოდეთ, ქვიშის კარიერის ტერიტორიაზე ვერ მოხვდებით. ადამიანების ნაცვლად, აქ ავი ძაღლები დაგხვდებიან; საბადოების მფლობელების ვინაობა კი მკაცრად გასაიდუმლოებულია.

არსებული ვითარების მხოლოდ საბჭოთა მემკვიდრეობად გასაღება უსამართლობა იქნებოდა, იმიტომ რომ ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგული იქცევა საბადოდ და, მიუხედავად იმისა, რომ კარიერის ექსპლუატაციის უფლების მიღებამდე ყველა მფლობელი კანონით გათვალისწინებულ თანხას იხდის (ყოველ შემთხვევაში, წესით, უნდა იხდიდეს), ამ ტერიტორიების რეკულტივაცია მაინც არ ხდება.

სომხეთის კანონი წიაღისეულის შესახებ (უფრო ზუსტად კი ამ დოკუმენტის 70-ე მუხლის მესამე პუნქტი) მსგავს სიტუაციებში უფლებამოსილ პირს (ამ შემთხვევაში, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს) ავალდებულებს, დაკეტილი კარიერების რეკულტივაციაზე იზრუნოს. იმ შემთხვევაში კი, თუკი მფლობელი პირობას დაარღვევს, უფლებამოსილი პირი ვალდებულია, საკუთარი ინიციატივით, ბუნებისა და გარემოს დაცვისათვის შეგროვილი კაპიტალის საშუალებით ყველა საჭირო სამუშაო ჩაატაროს.

აკოფი ხედავს, რომ სოფელ არგავანდის სამეურნეო მიწები ჭაობდება, მაგრამ რეკულტივაციის პერსპექტივა მაინცდამაინც არ ახარებს, იმიტომ, რომ თავისი ძველი ნაკვეთის გამოსყიდვას ვეღარასდროს შეძლებს. აკოფი ამბობს, რომ მისი ნაკვეთი უვარგისად აქციეს და ჩალის ფასად იყიდეს,რეკულტივაციის შემდეგ კი ამ მიწის ფასი საგრძნობლად გაიზრდება და ამიტომ, მის დაბრუნებას ვეღარ მოახერხებს.


ასევე წაიკითხეთ