"მოსაბეზრებელია იმის ყურება, როგორ წიხლავენ აფხაზები ქართველებს, რომლებსაც გულწრფელად მიაჩნიათ, რომ თუკი თავად აპატიეს აფხაზებს, აფხაზებსაც პატიების დრო დაუდგათ"" />

რატომ და ვის ვესალმებით?

"მოსაბეზრებელია იმის ყურება, როგორ წიხლავენ აფხაზები ქართველებს, რომლებსაც გულწრფელად მიაჩნიათ, რომ თუკი თავად აპატიეს აფხაზებს, აფხაზებსაც პატიების დრო დაუდგათ"

მგონი, პირველად ხდება ასე: დესკტოპზე დაწყებული და მიტოვებული რამდენიმე სტატია მაქვს მიყრილ-მოყრილი. ნაწილი გალს ეხება. ესენი მაშინ დავიწყე, როცა გიგა ოთხოზორია მოკლეს. დასრულებულია, დასაბეჭდად გაგზავნა გადავდე, მერე კი ამ თემაზე საჯაროდ საუბრის სურვილი საერთოდ გამიქრა.

ბოლო რამდენიმე დღეა, სასაცილო რამ ხდება ჩემს გარშემო. აქცია, რომელიც, პრინციპში, არც არაფრის მომტანი იყო, და არც არავისთვის დაუშავებია რამე, სოციალურ ქსელებში დღის და კვირის თემად იქცა.

“მშიბზიას” იდეის ავტორმა ( მისი გვარი რატომღაც მეხსიერებაში არ მიჩერდება. არ მიყვარს კარგი და მიამიტი ადამიანების წყენინება, ალბათ ამიტომაც), ჩემი აზრით, დიდი რამე მოახერხა – ქართული და აფხაზური საზოგადოება ერთ ჭკუაზე მოიყვანა. ბოლოსდაბოლოს გამოჩნდა რაღაც, რასაც ორივე მხარე თითქმის ერთნაირი კატეგორიულობით არქმევს არაადეკვატურობას და წყლის ნაყვას.

მენანება ამ ახალგაზრდა კაცის (ამდენი მახსოვს) ნერვები. დარწმუნებული ვარ, ვერ გრძნობს თავს ამ დღეებში მაინცდამაინც კარგად. ალბათ, არ ელოდა ასეთ რეაქციას უწყინარ მისალმებაზე. მეორე მხრივ, იმაზეც ვფიქრობ, რომ ხმაურიანი (რვა ათასი ადამიანის ხმას ალბათ ნამდვილად ხმაური ჰქვია) აქციის წამომწყებ ადამიანს კარგად ჰქონდეს გამოკვლეული, რის გაგონებას ელიან და რის მოსმენა არ აინტერესებთ, აღარ შეუძლიათ აფხაზებს ქართველებისგან.

ამას წინათ აფხაზეთზე მორიგ სტატიას რომ ვწერდი, მეხსიერებამ 11 სექტემბრის კადრები ამომიტივტივა – ალბათ ყველაზე გულისმომკვლელი, მწარე სცენა, რაც კი ოდესმე მინახავს: ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ცეცხლმა ჯერ სამუშაო ოთახიდან გამოდევნა, გარეთ რაღაც ლითონის შვერილს ეჭიდება. მერე ეს შვერილი ისე ხურდება, რომ მასზე ჩაჭიდება შეუძლებელი ხდება. გოგონა სწორდება, რაღაც ხანს მთელი შინაგანი ძალების კონცეტრაცია ეტყობა, მერე პირჯვარს იწერს და შვერილიდან ძირს ეშვება. ასეთ კადრებს კარგი რეჟისორები ალბათ აღარ იღებენ. ვისაც კინო ოდნავ მაინც უყვარს, მიხვდება – რატომ.

ჩემს ქვეცნობიერს უფრო ცუდი გემოვნება აქვს – მაინცდამაინც ამგვარი სიმძაფრის მომენტებს იტოვებს და ვეღარ იშორებს. მერე გავიდა რაღაც ხანი და ნიუიორკელების დიდმა ნაწილმა “ტყუპების” ადგილას ერთიანი სალოცავის აშენებას დაუჭირა მხარი. ეს დიდი ტრავმის თვეები იყო, მაგრამ ამერიკაში მუსლიმების მიმართ ბევრი ხაზგასმით კორექტულად იქცეოდა, რომ უდანაშაულო ადამიანებს ცხოვრება არ მოსწამვლოდათ. მაშინ აფხაზეთზე ჯერ ვერ ვფიქრობდი და არც არაფერს ვწერდი, თუმცა დიდსულოვნების ეს მაგალითები ხშირად მაბრუნებდა ფიქრებით ჩვენს რეგიონთან და ჩვენს კონფლიქტებთან. მინდოდა მცოდნოდა, ჩვენ როგორები ვართ ამ მხრივ. საით გვაქვს მიდრეკილება: კეთილშობილები უფრო ვართ თუ შურისმაძიებლები? შეგვიძლია ერთმანეთის შესწავლა, დასკვნების გაკეთება, პატიება და ახალი გზებით სიარული?

აფხაზეთზე წერა მოგვიანებით დავიწყე. ეს თემა მაინტერესებდა და ამ ხნის განმავლობაში, როდესაც სტატიაზე თუ ბლოგზე ვმუშაობდი, ზუსტად ვიცოდი, რის თქმა მინდოდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემს დესკტოპზე არასდროს ეგდო ამდენი დაუმთავრებელი სტატია აფხაზეთზე.

ახლა კი, ბოლოსდაბოლოს, ბევრი იმ ადამიანის მსგავსად, ვისაც აფხაზეთის კონფლიქტთან შეხება ჰქონია, მეც დაღლა და გაბეზრება მეწყება.

მოსაბეზრებელი ხდება ქართველების მიამიტობა ან ვითომ მიამიტობა, რომლის უკან ხშირად გონებრივი მთვლემარება იმალება და რომელიც ახალ-ახალ უცნაურობებს გვაკეთებინებს. 

მოსაბეზრებელია იმის ყურებაც, თუ როგორი ენთუზიაზმით წიხლავენ აფხაზები “ინიციატივიან” ქართველებს, რომლებსაც გულწრფელად მიაჩნიათ, რომ თუკი თავად აპატიეს აფხაზებს ის, რაც ჩვენი კონფლიქტის ყველაზე ბნელი და სისხლიანი მხარის შესახებ იციან, აფხაზებსაც პატიების დრო დაუდგათ. მე მეორე მხარის არგუმენტებზე დროს არ დავხარჯავ, დარწმუნებული ვარ, თავადაც მოახერხებენ პასუხის გაცემას.

ბოლოს, მგონი, იმის გახსენებაც მომბეზრდა, რამდენჯერ შემიკავებია თავი, რომ ასეთ შემთხვევებში, როდესაც რომელიმე ქართველი ახლანდელის მსგავს მიამიტობას გამოიჩენდა, აფხაზებზე ერთი-ორი ტკბილი სიტყვა არ დამეწერა; რადგან ფანტაზია მაქვს და ვხვდები, თავად ქართველები როგორ უპასუხებდნენ ასეთი სიყვარულის გამოვლინებას, მაგალითად, რუსების მხრიდან.

ამ ფანტაზიასაც ვერაფერს უშვება ჩემი ქვეცნობიერი, იმის მიუხედავად, რომ აფხაზების გულწრფელად მოყვარული და გულშემატკივარი ადამიანიც ბევრი ვიცი.

დანარჩენი კი – როდის, რის წყალობით და რა სახით მოვა ჩვენი (ორივე მხარის) ხსნა თუ შველა – უკვე ძნელად წარმომიდგენია, და განა იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია. არა, ეს გამოუსავლობა ჩვენი “პოლიტიკური ტრადიციაა”, როგორც ანტონ კრივენიუკმა დაწერა ამას წინათ: ერთნაირად ზედაპირული მესიჯებისა და მათზე ერთნაირად აგრესიული რეაქციის მიღება.

არ ვიცი, როგორ უნდა მოხდეს ეს, მაგრამ იქნებ ცოტათი მაინც დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ ეს ტრადიცია გადავასხვაფეროთ, თორემ მალე ჩვენს საერთო გამოსავალზე ფიქრის ნერვები მხოლოდ ინფუზორიებს შერჩებათ. ინფუზორიებს, მოგეხსენებათ, ნერვები საერთოდ არ აქვთ.

  • რამდენიმე დღეა, ქართული სოციალური ქსელები წალეკა ფოტოებმა უცნაური წარწერითა და ჰეშთეგით #мшыбзиа. ეს ახალი პროექტია, რომელიც 15 ივნისს ინტერნეტსივრცეში დაიწყო და ჰქვია “მშიბზია” – 8 ათასი სალამი აფხაზებს”. ეს პროექტის ვებ-გვერდია: www.mshibzia.com. გახსნით თუ არა მას, მაშინვე ეს ტექსტი ჩნდება: “საიტი არ არის დამზადებული არც ერთი პოლიტიკური თუ სხვა ორგანიზაციის მიერ. “მშიბზია” აფხაზურად მისალმებას ნიშნავს. ჩვენ, 8000-ზე მეტი დღეა, არ მივსალმებივართ ერთმანეთს.” დაახლოებით ამდენი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველებმა აფხაზეთი დატოვეს, – ამბობენ პროექტის ავტორები, რომლებიც ამ იდეაზე ორ წელიწადს მუშაობდნენ. ვებგვერდს საკმაოდ მარტივი ინტერფეისი აქვს. აქ ყველა მსურველს შეუძლია ატვირთოს საკუთარი ფოტო, რომელსაც შემდეგ პროგრამა წარწერას “მშიბზია” დაურთავს. ამ დროისთვის კამპანიაში მონაწილეობა 1500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. 

 

 

ქეთი ქანთარია, თბილისი

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.

23.06. 2016


ასევე წაიკითხეთ