ბელარუსმა ექიმებმა უკვე საქართველოს არაერთ მოქალაქეს აჩუქეს სიცოცხლე" />

ქეთი ბელარუსული გულით. როგორ გადაარჩინეს ბელარუსმა ექიმებმა ქართველი გოგონა

ბელარუსმა ექიმებმა უკვე საქართველოს არაერთ მოქალაქეს აჩუქეს სიცოცხლე

ევრორადიოს მასალა 

2 აგვისტოს, საღამოს, 13 წლის ქეთი, რომელსაც ივნისის დასაწყისში მინსკის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრ „კარდიოლოგიაში“ გული გადაუნერგეს, შინ, თბილისში გაფრინდა. მას მშობლები ახლდნენ – გიორგი და თამარი, ასევე ექიმი ოლეგ ჩერნოოკი – მან გოგონას მკურნალობის შესახებ  ქართველ კოლეგებს რეკომენდაციები უნდა გადასცა.    

გაფრენის წინა დღეს “ევრორადიო” გიორგის შეხვდა და ქეთი მოინახულა.

“აქ ყველაფერი მომწონს, მედიცინის დონე და წარმოუდგენლად კარგი ექიმები, ადამიანების დამოკიდებულება. მაგრამ ჩვენ ბელარუსის მოქალაქეები არ ვართ, და ერთი კვირით ქეთის კლინიკაში ყოფნა  7-8 ათასი დოლარი გვიჯდება – ეს ჩვენთვის ძალიან ძვირია, – ამბობს გიორგი, – ოპერაციაში 100 ათას დოლარზე მეტი გადავიხადეთ. მაგრამ ჩემი გოგონას ძველმა, დაავადებულმა გულმა სხვა ორგანოებზეც იმოქმედა. ოპერაციის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად წარიმართა. ძალიან რთული სიტუაცია იყო. ამიტომ, ახლა ფილტვებს, თირკმელებს და სხვა დანარჩენს მკურნალობენ. ისე გამოვიდა, რომ უკვე კლინიკის ვალი გვაქვს“.  

დღეისთვის ბელარუსში ქეთის მკურნალობის ვალი დაახლოებით  55 ათას დოლარს შეადგენს. ვიდრე გიორგის ვესაუბრებით,  ჩვენთან პერიოდულად მოდიან ქართველები, რომლებიც ოჯახის მხარდასაჭერად არიან ჩამოსულები, მათ შორის – ფინანსურადაც. გიორგი ამბობს, რომ დახმარება არც ბელარუსებს დაუკლიათ,  ისინი მათ ასევე ეხმარებიან – ხან პროდუქტებით, ხანაც – ფინანსურად.

„გაირკვა, რომ ორივე ქალიშვილს ერთნაირად ავადმყოფი გული ჰქონდა“

იმის შესახებ, რომ ქეთის უიშვიათესი დაავადება – რესტრიქტიული კარდიომიოპათია ჰქონდა, მშობლებმა შემთხვევით შეიტყვეს. 2012 წელს გოგონას უფროსი და – მარიამი ცეკვაზე დადიოდა. იქ ცუდად გახდა. ექიმებს მიმართეს, და ეს დაავადებაც მაშინ აღმოაჩინეს.  

“ბავშვები სრულიად ჯანმრთელები იყვნენ. ნორმალურად ვცხოვრობდით. და უცებ ასეთი დაავადება, მსოფლიოში  ასეთი დიაგნოზი ცოტა ადამიანს აქვს! ერთ-ერთმა ექიმმა ქეთის გასინჯვაც გვირჩია და აღმოჩნდა, რომ ჩვენს ორივე ქალიშვილს ერთნაირად დაავადებული გულები ჰქონდა. შოკში ვიყავით. გაურკვეველია, რა გახდა ამის მიზეზი  – შესაძლოა, რაიმე ვირუსი ან აცრა. არავინ იცის. ქეთის ანალიზები ავსტრალიისა და გერმანიის კლინიკებში გავგზავნეთ. იქაურ ექიმებს ამგვარ დაავადებასთან შეხება არ ჰქონიათ“, – ჰყვება ქეთის მამა.

დიაგნოზის აღმოჩენის შემდეგ ორივე გოგონასთვის გულის გადანერგვაზე დაიწყო მსჯელობა. ვინაიდან საქართველოში ტრანსპლანტაციას არ აკეთებენ,  ისრაელის, გერმანიისა და ბელარუსის კლინიკების ვარიანტები განიხილებოდა. მაგრამ, როგორც გიორგი ირწმუნება, „გერმანიაში სამ ასეთ ოპერაციას აკეთებენ, აქ კი, მინსკში – 50-ს! და ფულის მხრივაც აქ უფრო იაფი გამოდის, ვიდრე ევროპაში“. ამავე დროს ოჯახმა კიდევ ერთი გიორგი გაიცნო – სარქისოვი, რომელიც საქართველოს პირველი მოქალაქეა ბელარუსში გადანერგილი გულით, და ახლა თავს მშვენივრად გრძნობს, სწორედ მან ურჩია ოჯახს, რომ ბელარუსული კლინიკა აერჩიათ.

მაგრამ მარიამი ახალ გულს ვერ მოესწრო – 2017 წლის 27 აპრილს ის გარდაიცვალა. 12 მაისს კი მშობლები ქეთისთან ერთად მინსკში ჩაფრინდნენ. ბელარუსში გულის ტრანსპლანტაციის ოპერაციას 14 წელს მიღწეულ პირებს უკეთებენ. ქეთის თოთხმეტი წელი ოქტომბერში შეუსრულდა. ინსულტით გარდაცვლილი,  29 წლის მინსკელი ახალგზრდის გული პარამეტრების მიხედვით სრულიად შესაფერისი აღმოჩნდა, და ამიტომ, ექიმებმა გოგონასთვის ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტეს.

“უამრავი ფული უნდა შეგვეგროვებინა. და ამაში ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, ცოტათი სახელმწიფოც დაგვეხმარნენ. თანაც, ჩემი ცოლი – თამარი ბანკში მუშაობს, და 80 ათასი დოლარი მისმა ბანკმა მოგვცა. ახლა კონსტანტინე წერეთელი მეხმარება, ბელარუსის ეროვნული ბანკის გენერალური დირექტორი. ძალიან ბევრი ადამიანი გვეხმარება. ერთხელ ერთი ბებია მოვიდა – ბანანების შეკვრა და 20 რუბლი (10 დოლარი – ევრორადიოს შენიშვნა) მოგვიტანა. ასეთ დროს შეუძლებელია, ცრემლი არ მოგერიოს“, – ჰყვება ქეთის მადლიერი მამა.

ოპერაციის შემდეგ ქეთი სულ 26 კილოგრამს იწონის

რამდენიმე ხანში გიორგი და თამარი ქუჩაში გავიდნენ. ძალიან გამხდარი გოგონა ეტლში ზის  – ოპერაციის შემდეგ ის სულ 26 კილოგრამს იწონის, მაგრამ ლაპარაკობს,  ტელეფონით თამაშობს  და თბილისში დაბრუნებას ელის – მინსკში მას თავისი მეგობრები და პატარა ძმა ენატრება, რომელიც ხუთი წლისაა. ის ჯანმრთელადაა და ახლა დეიდასთან ცხოვრობს.  

ჯერეჯერობით ქეთი რეაბილიტაციას თბილისის საავადმყოფოში გააგრძელებს. უახლოესი სამი წლის განმავლობაში გოგონა წელიწადში ორჯერ გამოკვლევებზე მინსკში უნდა ჩავიდეს. შემდეგ – წელიწადში ერთხელ. ის სკოლაში დაბრუნებაზე ოცნებობს, ექიმების პროგნოზით, ეს აუცილებლად მოხდება. მამა ამბობს, რომ გოგონა ძალიან ძლიერია.

ქეთი – საქართველოს მეექვსე მოქალაქეა, რომელსაც ბელარუსში გული გადაუნერგეს. პირველი გიორგი სარქისოვი იყო. კარდიომიოპათიის დიაგნოზით ის ორ წელიწადს „აპარატით და წამლებით“ ცოცხლობდა, შემდეგ 2014 წელს, ქართველი ექიმების რჩევით, ტრანპლანტაციისთვის ბელარუსში ჩავიდა. დონორის ლოდინმა მას დიდხანს არ მოუწია,  გიორგის ოპერაცია მინსკში ჩასვლის პირველივე დღეებში გაუკეთეს.

“ეს 21 მაისს იყო. დამირეკეს და მითხრეს, რომ ორ საათში ოპერაცია იყო დანიშნული, და რომ დონორი ჰეპატიტით გარდაიცვალა. სრულიად მშვიდად ვიყავი. მე ძლიერი ვარ. არასდროს ვიფიქრებდი, რომ პრობლემა მექნებოდა, ანუ რომ გული უნდა გამომეცვალა. ოპერაციას ძალიან ველოდებოდი, არ ვნერვიულობდი, მწამდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა“.

გიორგი სარქისოვი და ქეთი

გიორგი ყოველდღიურად გადის ველოსიპედით 14 კილომეტრს და ფეხით კიდევ – 12-ს

როგორც ქეთის, გიორგისაც პროფესორმა იური ოსტროვსკიმ გაუკეთა ტრანსპლანტაცია. გიორგიმ კლინიკაში 27 დღე გაატარა, რუსულ ენაში „გაივარჯიშა“ და შინ გაემგზავრა.  

„ოსტროვსკიმ თქვა, რომ ძალიან ძლიერი ორგანიზმი მაქვს. და ასეც არის. ახლახან მინსკში ვიყავი, გამოკვლევები ჩამიტარეს და მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად არის. ყოველდღიურად ველოსიპედით 14 კილომეტრს გავდივარ და ფეხით – 12-ს. თავს მშვენივრად ვგრძნობ“, – ჰყვება გიორგი.

გიორგი ჯერეჯრობით არ მუშაობს – ოპერაციის შემდეგ სამუშაოს მხრივ შეზღუდვა არსებობს. მეორე ჯგუფის ინვალიდობის პენსიას იღებს – 40 დოლარის ექვივალენტს, არადა წამლებისთვის თვეში 150 დოლარი სჭირდება. მაგრამ მამაკაცმა საქმე გამონახა – იმ თანამემამულეებს უწევს კონსულტაციას, ვისაც გულის გადანერგვა ესაჭიროება: ადამიანებს საბუთებისა და ბელარუსში საოპერაციო თანხის შეგროვებაში ეხმარება. თანაც ამას საკუთარი ენთუზიაზმით აკეთებს. ანუ, ვიცი ეს რაც არის, ვიცი, რომ მე დამეხმარნენ, და ახლა მეც მინდა სხვებს დავეხმაროო. ამჟამად, გიორგის თქმით, გულის გადანერგვა საქართველოს 27 მოქალაქეს ესაჭიროება.

“ჯერ ერთი, ბელარუსში ბევრი მართლმადიდებელია, აქ ისეთ ოპერაციებს აკეთებენ, რომლის შემდეგაც ადამიანები თავს კარგად გრძნობენ, და თან ოპერაციები უფრო იაფია, ვიდრე ევროპაში – იქ, სულ ცოტა 350 ათასი ევრო ჯდება, – თვლის ბელარუსის პლუსებს გიორგი; – პირადად მე მეგობრები დამეხმარნენ. თბილისის მერიამ 60 ათასიდოლარი გადმომირიცხა. 10 ათასი ჯანდაცვის სამინისტრომ. კიდევ ასეთ დროს კარგია აქციები – როდესაც ადამიანები შენი პრობლემის შესახებ პრესიდან იგებენ, და ფულით გეხმარებიან“.

“უპირატესობა ბელარუსის მოქალაქეს ენიჭება. იმ შემთხვევაში კი, თუ ორგანოს პარამეტრები ბელარუსებისთვის შეუსაბამოა, ოპერაციას უცხოელს უკეთებენ“.

რესპუბლიკის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის „კარდიოლოგიას“ არასაბიუჯეტო საქმიანობის განყოფილების ხელმძღვანელის ვიტალი ბუნელის თქმით, უცხოელებისთვის გულის ტრანსპლანტაცია დაახლოებით 100 ათასი დოლარი ჯდება. შედარებისთვის, ასეთივე ოპერაცია ისრაელში  270-350 ათას დოლარამდე დაჯდება, გერმანიაში  – 400 ათასი ევრო.

ბელარუსული ცენტრის პაციენტებს შორის  – ყოფილი სსრკ-ს  ქვეყნების, ბალტიის ქვეყნების მოქალაქეები არიან. ახლახან ოპერაცია ჩაუტარდა ირლანდიის მოქალაქეს, რომელიც ოდესღაც იქ უკრაინიდან გადასახლდა.

“რასაკვირველია, უპირატესობა ბელარუსის მოქალაქეს ენიჭება. იმ შემთხვევაში თუ ორგანო ბელარუსებისთვის შეუსაბამოა, შეირჩევა უცხოელი პაციენტი, რომელიც მომლოდინეთა სიაში პირველია. და თუკი სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით ყველა მონაცემი ემთხვევა, მაშინ მოცემულ პაციენტს ოპერატიულად უწყებენ გულის ტრანსპლანტაციით მკურნალობას“, – განმარტავს ვიტალი ბუნელი.

ის, თუ რამდენ ხანს დაჰყოფს პაციენტი – ბელარუსის მოქალაქეც და უცხოელიც – მომლოდინეთა სიაში, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული – სისხლის ჯგუფზე, სიმაღლეზე, წონაზე – ეს შეიძლება ერთ დღესაც გაგრძელდეს და ერთ თვესაც. თუ ავადმყოფის მდგომარეობა სტაბილურია, ის თავის გულს მინსკში, კლინიკის მახლობლად ელოდება, მაგალითად სასტუმროში ან ბინაში. და თუ თავს ცუდად გრძნობს – კლინიკაში.  

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ