ტრამპის გადაწყვეტილებამ, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის შესახებ, დისონანსი შეიტანა საქართველოს მმართველ პარტიაში" />

“ქართული ოცნების” იერუსალიმური დილემა

ტრამპის გადაწყვეტილებამ, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის შესახებ, დისონანსი შეიტანა საქართველოს მმართველ პარტიაში

“საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურის და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში“. 

ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ჯერჯერობით ერთადერთი განცხადებაა, რომელიც მან ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის შემდეგ გააკეთა.

ტრამპის გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საქართველოს მმართველი გუნდის რიგებში. ერთ საინტერესო ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი:

“ქართული ოცნების” დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა თავის ფეისბუკ-გვერდზე პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართა და იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისკენ მოუწოდა. პრემიერმა ისრაელი წარმოშობის დეპუტატის ღია წერილი გააკრიტიკა მას მიუღებელი უწოდა. ცოტა ხანში შალელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. სუს-ის შენობაში მან რამდენიმე საათი გაატარა და იქიდან გამოსულმა თქვა, რომ სუს-ში პირად საქმეზე იყო და პრემიერის ღია წერილთან ამ ვიზიტს კავშირი არ აქვს.

პრემიერის უარყოფითი რეაქციის შემდეგ, უმრავლესობის რიგებში დაბნეულობა მოხდა. იმ დეპუტატებმა, რომლებსაც შალელაშვილის სტატუსი ჰქონდათ მოწონებული, სასწრაფოდ უკან წაიღეს თავიანთი “ლაიქები”.

დაბნეულობა იგრძნობოდა დეპუტატების სატელევიზიო კომენტარებშიც. ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება საგონებელში ჩააგდო ტრამპის გადაწყვეტილებამ:

“ეს ის საკითხი არ არის, რომელიც სიჩქარეში უნდა გადავწვიტოთ”, – აღნიშნა “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

გვიან საღამოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ:

“საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას და გავაგრძელებთ კონსულტაციებს პარტნიორებთან”.

ამ თემაზე მსჯელობენ ექსპერტებიც – რა პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს? ბევრი მათგანი საქართველოს ხელისუფლებას სიჩქარეს არ ურჩევს. საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა აღნიშნა, რომ “მართალია აშშ-ი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვა პარტნიორებს ევროკავშირსა და თურქეთში განსხვავებული პოზიცია აქვთ”.

“მე ნახევრად ებრაელი ვარ” – ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, – ემოციურად მეც სოლიდარული ვარ იმ მოსაზრებასთან, რომ იერუსალიმის სტატუსი უნდა განისაზღვროს, მაგრამ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მე არ ვიჩქარებდი აშშ-ის გადაწყვეტილების მხარდაჭერას”.

“ტრამპის ეს გადაწყვეტილება ზრდის რისკებს ახლო აღმოსავლეთში. საქართველო არ უნდა იყოს რიგით მეორე ქვეყანა, რომელიც ტრამპის გადაწყვეტილებას დაუჭერდა მხარს. ჩვენ ისედაც სამიზნე ვართ ამ რთულ რეგიიონში”, – უთხრა ხუხაშვილმა “ეხო კავკაზას”.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ