მოლოდინის მიუხედავად, თბილისის ახალი მერის ვინაობა პირველივე ტურში გახდა ცნობილი. ის მმართველი გუნდის კანდიდატი კახი კალაძეა " />

“ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს

მოლოდინის მიუხედავად, თბილისის ახალი მერის ვინაობა პირველივე ტურში გახდა ცნობილი. ის მმართველი გუნდის კანდიდატი კახი კალაძეა


ფოტო: კახი კალაძის ოფიციალური ფეისბუკგვერდიდან

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმათველობის არჩევნები ჩატარდა. თითქმის ყველა თვითმმართველ ერთეულში მმართველმა ძალამ “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა.

პროპორციული სიებით ხმები ასე გადანაწილდა: მმართველი პარტია “ქართული ოცნება” –  52 პროცენტი; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 17 პროცენტი, “ევროპული საქართველო” – 9; “პატრიოტთა ალიანსი” – 5.

მთავარი ინტრიგა თბილისის მერის არჩევნები იყო. თბილისში ბევრი დამკვირვებელი მეორე ტურს ვადაუდობდა, თუმცა დედაქალაქმა მერი პირველივე ტურში აირჩია. “ქართული ოცნების” კანდიდატმა კახი კალაძემ ხმების 51, 6 პროცენტი დააგროვა, მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი 17, 4 პროცენტით, მესამეზე – ყოფილი მმართველი გუნდის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი  16,5 პროცენტით. მეოთხე ადგილზე “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი გავიდა – ელენე ხოშტარიამ ხმების 7 პროცენტი დააგროვა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მხოლოდ ხუთი უბანი დარჩა დასათვლელი. შესაბამისად, ეს მონაცემები დრამატულად აღარ შეიცვლება.

ამომრჩეველთა აქტივობამ საქართველოს მასშტაბით 45,6 პროცენტი შეადგინა. ანუ არჩევნებზე ამომრჩეველთა ნახევარიც არ მივიდა.

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე,  ყოფილი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ “მილანის” ყოფილი მცველი, უკვე მეხუთე წელია პოლიტიკაშია. 39 წლის კალაძე არასოდეს მალავდა თავის პოლიტიკურ ამბიციებს, მაშინაც კი, როდესაც ფეხბურთელი იყო.

თბილისის მერს დედაქალაქის მოსახლეობა სამ წელიწადში ერთხელ, თვითმმართველობის არჩევნების დროს, პირდაპირი წესით ირჩევს. მერების არჩევნების პირველსავე ტურში მოსაგებად ხმათა 50%-ზე მეტის მიღებაა საჭირო. თუ ვერცერთი კანდიდატი 50%-ზე მეტს ვერ მიიღებს, მაშინ გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდება. მეორე ტური პირველიდან ორი კვირის შემდეგ ჩატარდება.

საქართველოში სულ 3 მილიონ 500 ათასამდე რეგისტრირებული ამომრჩეველია, აქედან დედაქალაქის ამომრჩევლების რაოდენობა მილიონს აღწევს.


ასევე წაიკითხეთ