აქ შევეცადეთ ყველაზე ნაკლებად პოპულარული აპები ჩამოგვეწერა " />

ქართული მობილური აპლიკაციები, რომელთა შესახებ არაფერი იცით

აქ შევეცადეთ ყველაზე ნაკლებად პოპულარული აპები ჩამოგვეწერა

Michael Loccisano/Getty Images

ქართული აპლიკაციების სიუხვით განებივრებულები არ ვართ, თუმცა ხშირად ინფორმაციას არც არსებულების შესახებ ვფლობთ.

აქ რამდენიმე სასარგებლო ქართულენოვანი მობილური აპლიკაცია შევკრიბეთ, რომელთა შესახებ, შესაძლოა, ჯერ კიდევ არაფერი გსმენიათ.

____________

ყველასთვის 

გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი აპლიკაცია

112-ის მობილური აპლიკაცია როგორც Android-ის, ისე iOS-ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.

აპლიკაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თქვენი სურვილის შემთხვევაში, აპლიკაცია განსაზღვრავს, სად იმყოფებით და 112-ს ზუსტ ადგილმდებარეობას გადასცემს.

ამას გარდა, მისი დახმარებით 112-თან დაკავშირება არა მარტო ჩათით ან დარეკვით, არამედ SOS ღილაკითაცაა შესაძლებელი. SOS ღილაკზე დაჭერით 112-ის ოპერატორს ხმას მაშინაც მიაწვდენთ, როდესაც საუბარს, მიწერას ან დარეკვას ვერ მოახერხებთ. თუმცა, გახსოვდეთ: ადგილმდებარეობის გადაგზავნისთვის აუცილებელია ტელეფონის პარამეტრებში ლოკაციის სერვისი გქონდეთ გააქტიურებული.

მობილურ აპლიკაციას ქართული, ინგლისური და რუსული ენების მხარდაჭერა აქვს. აქვე იპოვით სასარგებლო ინფორმაციის გვერდსაც, რომლის დახმარებითაც საჭირო რჩევებს მიიღებთ. მაგალითად, წაიკითხავთ, როგორ უნდა მოიქცეთ საგანგებო სიტუაციებში.

აცრების ეროვნული კალენდარი

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა, რომელზე კამათი ახლაც გრძელდება, ვაქცინაციაა.

ჯერ კიდევ 2016 წელს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მობილური აპლიკაცია შექმნა, რომელიც აცრების შესახებ მშობლებს დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდის.

მათ შორისაა კალენდარი, ანუ რომელ ასაკში რა აცრის გაკეთებაა ბავშვისთვის რეკომენდებული. აღწერილია თითოეულის შემთხვევაში რა უკუჩვენებები არსებობს და როგორია ვაქცინაციით მართვადი დაავადებების გადაცემის გზები, სიმპტომები თუ გართულებები.

თუ აპლიკაციაში ბავშვის დაბადების თარიღს შეიყვანთ და უკვე ჩატარებულ აცრებსაც მონიშნავთ, მომდევნო ვაქცინის თარიღის მოახლოებას აპლიკაცია შეტყობინებით შეგახსენებთ.

შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აპლიკაცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აპლიკაციით შეგიძლიათ სააგენტოს სხვადასხვა სერვისით დისტანციურად ისარგებლოთ: აიღოთ სასურველი ცნობები, მოძებნოთ და დაჯავშნოთ ავტომობილის ნომერი, გაიაროთ მართვის მოწმობის ტესტები, მოემზადოთ გამოცდისთვის, გამოთვალოთ განბაჟების საფასური სპეციალური კალკულატორით და ა.შ.

Inspect2 – პერსონალური მონაცემების დაცვისთვის

აპლიკაცია Inspect2 პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატისთვის შეტყობინების მარტივად გაგზავნის კარგი შესაძლებლობაა.

მაგალითად, თუ სადმე პერსონალური მონაცემების დარღვევას აღმოაჩენთ, ფოტოს ან ვიდეოს ოპერატიულად გადაიღებთ, აპლიკაციაში უცებ ატვირთავთ, შემთხვევას მოკლედ აღწერთ, ადგილს მიუთითებთ და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატში პირდაპირ აპლიკაციით გადააგზავნით. მთავარია, რეაგირება არ დაიზაროთ.

მძღოლებისთვის და მომავალი მძღოლებისთვის

Driver Helper Georgia – ეს აპლიკაცია შექმნილია მათთვის, ვისაც მანქანა ჰყავს. აპლიკაცია დაგეხმარებათ იპოვოთ უახლოესი ავტო სერვისი, ავტონაწილების მაღაზია, გამოიძახოთ ევაკუატორი და ა.შ.

რაც შეეხება Georgian Car Driving Test-ს ამ აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ შეგიძლიათ მართვის მოწმობის ტესტებში წაიმეცადინოთ საცობში ყოფნის დროსაც.

მოგზაურებისთვის

მათთვის, ვინც შენგენის ზონაში მოგზაურობს

დამხმარე აპლიკაცია მოგზაურობის მოყვარულებს შენგენის ზონაში უვიზოდ გატარებულ დროს გვითვლის. გვიჩვენებს, თავისუფალი მიმოსვლის ფარგლებში რამდენი დღე დაგვრჩა, მონახულებული ქვეყნების ჩამონათვალს გვინახავს და მათ რუკაზეც გვინიშნავს. აპლიკაციას გაზიარების ფუნქციაც აქვს: შეგვიძლია, ჩვენი მოგზაურობის ისტორია, რომელიც რუკაზეა ასახული, მაგალითად, ფეისბუქზე ან სხვადასხვა ჩატით გავაზიაროთ. აპლიკაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა.

მატარებლის ბილეთების შესაძენად

საქართველოს რკინიგზის აპლიკაცია ერთ-ერთი აუცილებელი და გამოსადეგი აპლიკაციაა. ბილეთებს მისი დახმარებით არა მარტო მარტივად ყიდულობთ, არამედ ადგილების მიმართულებასაც ირჩევთ.

როგორც იცით, მოძრაობის საწინააღმდეგოდ ჯდომა ბევრ ადამიანს არ შეუძლია, ამიტომ ეს ფუნქცია მათთვის მართლაც ძალიან სასარგებლო იქნება.

აპლიკაცია თქვენ მიერ შეძენილი ბილეთების ისტორიასაც ინახავს.

თბილისის და ქუთაისის აეროპორტების აპლიკაციები

აფრენა-დაფრენის გრაფიკი, გადადებული ფრენები, ინფორმაცია რეისის დაგვიანების შესახებ – ეს ორი აპლიკაცია დაგეხმარებათ უფრო მშვიდად იყოთ, როდესაც თქვენი ახლობელი მოფრინავს ან თქვენ აპირებთ სადმე გამგზავრებას.

ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ იდეალური არც ერთი ქართული აპლიკაცია არ არის. თითქმის ყველას სხვადასხვა ხარვეზი აქვს, ამიტომ მხოლოდ ამ აპლიკაციის იმედზე ნუ იქნებით და თვითმფრინავზე არ დაგაგვიანდეთ.

ტურისტებისთვის

ტურები საქართველოს გარემო 

მობილური აპლიკაციების გარეშე თანამედროვე ტურისტი წარმოუდგენელია.

TravelGIS-ის დახმარებით სხვადასხვა პარამეტრით საქართველოში სასურველ ტურის შერჩევა შეგიძლიათ.

მათ შორისაა – ტურის ფორმატი, რეგიონი, ხანგრძლივობა, ტრანსპორტი, ფასი და ა.შ. მერე ამ მარშრუტს რუკაზეც ხედავთ, თანაც, მასში შემავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, აუცილებლად მოსანახულებელი ადგილებით, კვების ობიექტებითა და ა.შ.

ჯერჯერობით აპლიკაციაში საქართველოს პოპულარული ტურებია თავმოყრილი, თუმცა აქვე რამდენიმე სხვა ქვეყნის, მაგალითად, საფრანგეთისა და იტალიის ტურისტულ მარშრუტებსაც იპოვით.

 საქართველოს სამთო კურორტები 

მობილური აპლიკაცია Mountain Resorts of Georgia მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინიციატივით შეიქმნა. იგი 4 სამთო კურორტის – გუდაურის, ბაკურიანის, გოდერძისა და მესტიის შესახებ ცნობებს აერთიანებს.

აპლიკაციაში ბევრი სასარგებლო ინფორმაციაა თავმოყრილი: რუკები, აქტივობები, ბილეთების ფასები, ობიექტების სამუშაო საათები, ამინდის პროგნოზი, თოვლის სიმაღლე და ა.შ. აპლიკაციაში ინტეგრირებულია ვებკამერებიც, რომელთა დახმარებითაც სასურველ კურორტს რეალურ დროში ნახავთ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია SOS ღილაკი, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში სამაშველო სამსახურს გამოიძახებთ. ეცადეთ, რომ ეს ღილაკი არ დაგჭირდეთ.

აპლიკაცია უცხოელი ვიზიტორებისთვის

წესით ამით უნდა დაგვეწყო, მაგრამ თემატურად ბოლოსკენ გამოვიდა: აპლიკაციას ჰქვია Gamarjoba.იგი ტურისტებისთვის განკუთვნილი აპლიკაციაა და ბევრ მიმართულებას აერთიანებს.

უცხოელი ვიზიტორებს მისი დახმარებით სახელმწიფო სერვისების, სავიზო რეგულაციების,  სასტუმროების, ტრანსპორტის, განათლების, გართობის და სხვა ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ. აპლიკაციაში ინტეგრირებულია 112-თან პირდაპირ დარეკვა და ვიზის სტატუსის შემოწმების ფუნქცია.

კანონმორჩილი მოქალაქეებისთვის

საკანონმდებლო მაცნე და კონსტიტუცია მობილურ ტელეფონსა და პლანშეტში

საკანონმდებლო მაცნე ის პლატფორმაა, სადაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ქვეყნდება. ასე რომ, თუ კანონშემოქმედებით საქმიანობას ადევნებთ თვალს და ახალი კანონების პირადად გაცნობა გაინტერესებთ, ეს აპლიკაცია თქვენთვისაა.

მობილურშივე შეგიძლიათ წაიკითხოთ ქვეყნის მთავარი დოკუმენტი – კონსტიტუცია.

ეს არასრული სიაა ქართულენოვანი აპლიკაციების. აქ შევეცადეთ ყველაზე ნაკლებად პოპულარული აპები ჩამოგვეწერა. 

კარგი იქნება, თუ გაგვიზიარებთ იმ ქართულ აპებს, რომლებსაც პირადად თქვენ იყენებთ. 


ასევე წაიკითხეთ