ძირითადად ევროპაში აგრარული პროდუქცია გადის. თუმცა, ახალი ბაზრის ათვისება ჯერ ძალიან ცოტამ მოახერხა " />

ქართული ექსპორტი ევროპაში – როგორ მუშაობს ასოცირების შეთანხმება ხელმოწერიდან ხუთი წლის შემდეგ

ძირითადად ევროპაში აგრარული პროდუქცია გადის. თუმცა, ახალი ბაზრის ათვისება ჯერ ძალიან ცოტამ მოახერხა

უკვე ხუთ წელზე მეტია, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება იყო.

ამ შეთანხმებამ სრულიად მოხსნა საბაჟო გადასახადები და ქართველ ექსპორტიორებს ავტომატურად 20-25 პროცენტით გაუიაფა ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქციის შეტანა.

შეთანხმება ქართველ მეწარმეებს კარს უხსნიდა ევროპისკენ. რა შეიცვალა ამ ხუთ წელიწადში? რა მოუტანა ამ შეთანხმებამ ქართველ მეწარმეებსა და  ქართულ ეკონომიკას?

ვენახი სოფელ რუისპირში, ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

ვენახი, სადაც მობილურით შესვლა აკრძალულია

გიორგი ალადაშვილი პირდაპირ ეთერში უყურებდა კადრებს, როდესაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები 2014 წლის 27 ივნისს ხელს აწერდნენ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას.

ამბობს, რომ სულზე მოუსწრო ამ გადაწყვეტილებამ. სწორედ მაშინ ის საკუთარი მეურნეობის გაშენებას, ორგანული ღვინის ჩამოსხმასა და ევროპაში გატანას გეგმავდა.

 „ეს მიწა მამა-პაპისგან მერგო, მაგრამ ჩემი საკუთრება არ არის.  წინაპრებისგან დროებით მაქვს, რომ მოვუარო, კიდევ უფრო გავანოყიერო და უფრო ბარაქიანი დავუტოვო მომავალ თაობას – შვილებს, შვილიშვილებს“, – ამ სიტყვებით შემიძღვა გიორგი ალადაშვილი თავის ბიოდინამიკურ მამულში.

ეს ჩამწკრივებული ვაზის რიგები და ქვით-კირით ნაშენი მეურნეობა თელავთან ახლოსაა, სოფელ რუისპირში. თავზე კავკასიონის დათოვლილი ქედი ადგას და აქაურობას კიდევ უფრო ზღაპრულ იერს სძენს.

– რას ნიშნავს ბიოდინამიკური? – ვეკითხები.

_ ბიოდინამიკური ანუ ცოცხალი, ასი პროცენტით ორგანული და ნატურალური. აქ უსულო არაფერია. კედლებიც რიყის ქვითა და კირითაა ნაშენი და არა – რკინა-ბეტონით და ცემენტით. სინამდვილეში, ამ ყველაფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე, მთელს ჩვენს ცხოვრებაზე. ევროპაში ამას დიდ ყურადღებას უთმობენ,“ – ამბობს ის.

90-იან წლებში, როდესაც საქართველოში სიღატაკის, ენერგოკრიზისის, კორუფციისა და პოლიტიკური არასტაბილურობის წლები იყო, გიორგი უკეთესი ცხოვრების საძიებლად ევროპაში გაემგზავრა.

მოგვიანებით შვეიცარიის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში მოხვდა, სადაც  ადგილობრივებს ვენახი მოჰყავდათ.

შვეიცარიელი მეურნეები  ვაზს  მთვარის კალენდრის მიხედვით უვლიდნენ და მხოლოდ ორგანულ ღვინოს აყენებდნენ.

მათგან გიორგიმ ბევრი რამე ისწავლა. სწორედ მაშინ შეიტყო პირველად ბიოდინამიკური მეურნეობის შესახებ, რომელიც შემდეგ საფუძვლიანად შეისწავლა და გადაწყვიტა, ეს წესი საქართველოში დაენერგა.

მეწარმე გიორგი ალადაშვილი თავის მარანში, რუისპირში, ფოტო დავით ფიფია, JAMnews

რუისპირში დაბრუნებულმა სოფელში დაუმუშავებელ, შეუწამლავ ნიადაგს დაუწყო ძებნა. ადგილობრივებს უხსნიდა, რომ იმ რაოდენობის ჰერბიციდები, პესტიციდები და შხამ-ქიმიკატები, რასაც ისინი მოსავლიანობის გაზრდისთვის იყენებდნენ, სახიფათო იყო – იფიტებოდა ნიადაგი, იწამლებოდა ნაყოფი.

„ყველაზე მეტად მაღიზიანებს, როცა ამის პასუხად მეუბნებიან, რომ მოსავალი გასაყიდად უნდათ და სახლში არ ტოვებენ. შე დალოცვილო, ვინც იყიდის, იმას რას ერჩი?!  სანამ ასეთი მიდგომა გვექნება და ხარისხს არაფრად ჩავაგდებთ, ევროპაში ჩვენი ფეხი არ იქნება,“ – ემოციურად საუბრობს გიორგი, თან ბაღჩის მოწნულ ღობეს, უშნოდ რომ გადაწოლილა, ასწორებს და საგულდაგულოდ ამაგრებს.

თავდაპირველად თანასოფლელები ფიქრობდნენ, რომ შვეიცარიიდან რუისპირში დაბრუნებული გიორგი თავისი ახირებებით უბრალოდ ყურადღებას იპყრობდა.

არ იღებდნენ მის შენიშვნებს ვაზის შეწამვლასთან დაკავშირებით; ვერ ხვდებოდნენ, რატომ აგროვებდა სოფლის ველ-მინდვრებში გვირილას, ჭინჭარს და მათგან რატომ ამზადებდა შესაწამლ საშუალებებს, როცა ვაზისთვის საჭირო შხამ-ქიმიკატები ასეთი ხელმისაწვდომი იყო; რატომ იკვლევდა ტრადიციული ქვევრის ღვინის დაყენების პრინციპებს ასეთი მონდომებით, როცა თანამედროვე პლასტმასის კასრები ასე მოსახერხებელი იყო ტონობით მაჭრის დასაღვინებლად.

მარანი რუისპირში. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

რამდენიმე წლის შემდეგ, როცა გიორგის მარანში ჩამოსხმული რუისპირის ქვევრის ღვინო შვეიცარიაში, იტალიაში, საფრანგეთში და სინგაპურშიც კი პირწმინდად გაიყიდა, მერე  მიხვდნენ, რომ ევროპიდან დაბრუნებული თანასოფლელისთვის უნდა მოესმინათ და ახლა რჩევის საკითხავადაც კი დადიან.

დღეს გიორგი ალადაშვილს 11 მუდმივი თანამშრომელი ჰყავს. სეზონურ სამუშაოზე ოცამდე ადგილობრივს ასაქმებს.

„გიომ იმდენი რამ გვასწავლა. სულ განსხვავებული მიდგომები აქვს, – გვიყვება რეზო, მეურნეობის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი, – სულ ხელით ვმუშაობთ. ვაზთან ტრაქტორს არ გააჭაჭანებს, ვენახში მობილური ტელეფონითა და თამბაქოთი შესვლას გვიკრძალავს – ყურძენს ავნებსო“.

გიორგის იმ სახელმწიფო პროგრამებზე ვეკითხებით, რომლებიც სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად ქვეყანაში ხორციელდება.

ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში თითქმის არც ერთი სახელმწიფო პროგრამა სათანადოდ არ მუშაობს.

„მეღვინეობაში გამოუცდელ ხალხს ერთი-ორი ათასი ლარით აფინანსებენ და ურთულეს ვალდებულებებს აკისრებენ. ამით ახალბედა მეურნეებსაც ღუპავენ და შემდგომში მათი პროდუქციის მომხმარებლებსაც. სოფლის მეურნეობას ასე ვერასოდეს განავითარებენ„ – ამბობს ის.

„სახელმწიფო რომ რეალურად ეხმარებოდეს მეწარმეებს, ჩემი ბიზნესის გაფართოებისთვის სესხი 11.5 პროცენტში უნდა მქონდეს აღებული?! ან ჩემს მეურნეობამდე, რომელსაც ყოველდღიურად ამდენი ტურისტი სტუმრობს, ასეთი ოღრო-ჩოღრო გზა უნდა მოდიოდეს?!“ – კითხულობს ის.

ამბობს, რომ მეღვინეობით დაინტერესებულ უამრავ ადამიანს ხვდება. ყველას უნდა მისი გამოცდილება გაიზიაროს, რომ პროდუქცია ევროპაში გაიტანოს.

„ჩემი ცოდნის ასივე პროცენტი საქართველოში ჩამოვიტანე. ჩემი პროდუქციის ასივე პროცენტი უცხოეთში გადის. ჩემი შემოსავლის ასივე პროცენტი საქართველოში ბრუნდება. სამწუხარო ის არის, რომ ყველა მხოლოდ მოგებაზე მეკითხება. პროდუქციის ხარისხზე და კეთილსინდისიერ სამუშაოზე შეკითხვას არავინ სვამს. არადა ევროპაში სწორედ ხარისხიანი პროდუქტი ფასობს,“ – ამბობს ის. 

რას ნიშნავს  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

სწორედ ეს შეთანხმება  უხსნის ქართველ მეწარმეებს ევროკავშირის შიდა ბაზარს – 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

მაგალითად, ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი (გამონაკლისია ნიორი) ისე შევა ევროპულ ბაზარზე, რომ მეწარმე არანაირ საბაჟო გადასახადს არ გადაიხდის.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებამ ევროპის ქვეყნების კარი საქართველოს მოქალაქეებს გაუღო, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ასეთივე თავისუფალი გადაადგილების საშუალებას აძლევს საქართველოში წარმოებულ პროდუქციას, სხვადასხვა სერვისებს და ასევე ქართულ კაპიტალს.

თუმცა, იმისთვის, რომ ქართული პროდუქცია ევროპის ბაზარზე მოხვდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ შეთანხმების არსი მხოლოდ ექსპორტის შესაძლებლობაში არ არის. ის არა მარტო ევროპული ბაზრის, არამედ პირველ რიგში ადგილობრივი ბაზრის ხარისხზე ზრუნავს.

შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ, რამდენიმე წელიწადში ქართველმა მომხმარებელმა ისეთივე ხარისხიანი ხორცი, ძეხვი თუ ბოსტნეული უნდა შეიძინოს მაღაზიაში, როგორსაც მაგალითად, ლიეტუველი, რუმინელი, ფრანგი და გერმანელი მომხმარებელი ყიდულობს.

შეთანხმებაში ყველაფერი ისეა გათვლილი, რომ ქართველ მეწარმეებს მოუწევთ მეტი იზრუნონ პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე, რითიც ქართველი მომხმარებელიც იხეირებს.

ამ შედეგის მისაღწევად, შეთანხმება ავალდებულებს საქართველოს მთავრობას, რომ ეტაპობრივად შეიცვალოს უამრავი მოძველებული, არაეფექტური კანონი და დაიწეროს ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული კანონმდებლობა. ასევე  ამოქმედდეს არაერთი ახალი რეგულაცია.

მარანი რუისპირში, ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

ამ პროცესს საქართველოში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რადგან ახალი წესების შესრულება ქართული ბიზნესისთვის ამ ეტაპზე ძალიან რთულია.

მაგალითად, სულ ახლახან შევიდა ძალაში ახალი რეგულაცია, რომელიც საბავშვო სათამაშოების უსაფრთხოებას ეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მხოლოდ უსაფრთხო მასალისგან უნდა დაამზადონ სათამაშოები და ასეთივე უსაფრთხო უნდა იყოს იმპორტირებული საქონელიც.

ბევრი იმპორტიორი, რომელსაც უხარისხო სათამაშოები იაფად შემოჰქონდა და ამით  ფულს შოულობდა და ქვეყნის ეკონომიკასაც ეხმარებოდა, ამას უკვე ვეღარ შეძლებს. იმპორტიორებს ხარისხიანი და უფრო ძვირი პროდუქციის მოძიება მოუწევთ, რაც ბევრს არ შეუძლია. ეს ყველაფერი იმოქმედებს სათამაშოების ფასზეც, ისინი დიდი ალბათობით, უფრო ძვირი გახდება.

თუმცა, სასწორის მეორე მხარეს ბავშვების უსაფრთხოებაა, – ამბობენ ევრორეგულაციების მომხრეები.

მეტროლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ნინო მიქანაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ რეგულაციებთან დაკავშირებით სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს:

„ერთი ხელის მოსმით ყველა რეგულაციის ქაღალდზე გადმოტანა და ბიზნესის და მომხმარებლების სრულებით ახალ რეალობასთან დაყენება ძალიან მტკივნეული იქნება. ყველა ევრორეგულაციის გასათვალისწინებლად ქართული ბიზნესი ჯერ მზად არ არის, რადგან მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელება მოუწევს. ამისთვის არც მომხმარებელია მზად, რომელსაც პროდუქცია გაუძვირდება. ეს ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს,“ – ამბობს ის.  

რა აბრკოლებს ქართველი ფერმერების გზას ევროპისკენ?

პირველ რიგში ეს ხარისხი/სტანდარტია. იმისთვის, რომ ქართული საკვები პროდუქცია ევროპულ დირექტივებს შეესაბამებოდეს, საჭიროა წარმოებაში კონკრეტული სტანდარტების, მათ შორის უმთავრესის – HACCP სტანდარტის დანერგვა.

HACCP (Hazard Analysis Critical Control Point) ეს არის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავებულ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს.

HACCP სტანდარტი აკონტროლებს საკვები პროდუქტის წარმოებას თავიდან ბოლომდე – ანუ მხოლოდ მზა პროდუქტი კი არ მოწმდება, არამედ მთელი საწარმოო პროცესი – დაწყებული ნედლეულის ხარისხით, დამთავრებული იმ კონკრეტული წერტილების ჰიგიენური ნორმების შემოწმებით, სადაც მზადდება საკვები პროდუქტი.

მაგალითად, უკრაინაში, რომელმაც ასევე მოაწერა ხელი ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას, HACCP სტანდარტის დაცვა აუცილებელი გახდა არა მარტო იმ საწარმოებისთვის, რომლებსაც საკვები პროდუქტები ევროპაში გააქვთ, არამედ ყველა ობიექტისთვის, რომელსაც რაიმე შეხება აქვს საკვებთან – იქნება ეს ნედლეულის მწარმოებელი საწარმოები, გადამამუშავებელი საწარმოები თუ კაფეები და რესტორნები.

HACCP-ის სტანდარტის მოპოვებას მეწარმეები ისეთ ქვეყნებშიც ცდილობენ, სადაც ეს სავალდებულო არ არის, რადგან მსგავსი სერთიფიკატი მნიშვნელოვნად ზრდის საწარმოს იმიჯს და მის მიმართ სანდოობას.

საქართველოში ჯერჯერობით სტანდარტი სავალდებულო მხოლოდ მათთვისაა, ვისაც პროდუქციის ევროპაში გატანა უნდა.

აღნიშნული სტანდარტის მოპოვება ადვილი არ არის, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისთვის. ამისთვის სოლიდური ინვესტიციაა საჭირო – საწარმოს სრული გადაიარაღება, პერსონალის გადამზადება.

მეორე მიზეზი მცირემიწიანობაა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას უშლის ხელს – მიწის ნაკვეთების მცირე ზომაა.

საქმე იმაშია, რომ ევროპელ ინვესტორებს, რომლებიც ევროპის 500 მილიონიან ბაზარზე მუშაობენ, არ უღირთ ქართველი ფერმერებისგან მცირე ოდენობის პროდუქციის შეძენა. მაგალითად, ერთი ფერმერისგან შეძენილი 10 ტონა ვაშლი ინვესტორისთვის საინტერესო არ არის. მას მინიმუმ ათჯერ მეტი ვაშლი სჭირდება იმისთვის, რომ დაინტერესდეს. თანაც, ევროსტანდარტის მიხედვით, პროდუქტი უნდა იყოს ერთგვაროვანი. ანუ ათი სხვადასხვა ფერმერისგან სხვადასხვა ვაშლის შეძენა ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს.

„მიწების დანაწევრების გამო საქართველოში მასობრივი წარმოება და მასშტაბის ეკონომია ვერ ხერხდება. ევროპულ ბაზარზე კი კონკურენტუნარიანი ვერ იქნები, თუ მიწის ფართო მასივებზე არ მოიყვან ერთგვაროვან პროდუქტს,“ – ამბობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე.

იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას, ქართველმა ფერმერებმა მიწების და მეურნეობების გაერთიანება, კონსოლიდაცია და პროდუქციის ერთობლივად მოყვანა უნდა შეძლონ, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში მოხდა, თუმცა საქართველოში ეს სხვადასხვა მიზეზის გამო ფერხდება.

პირველი ის არის, რომ საქართველოში მიწის ფლობის საკითხი დღემდე მოუწესრიგებელია.

საბჭოთა მმართველობის დროს მიწები ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფოს საკუთრება იყო, შემდეგ დაიწყო პრივატიზაციის პროცესი,  თუმცა, დღესაც ძალიან დიდია სახელმწიფოს წილი სასოფლო-სამეურნეო მიწების მთლიან რაოდენობაში –  მთლიანი სასოფლო-სამეურნეო მიწების მხოლოდ 25 პროცენტია პრივატიზებული.

გიორგი ჩიტიძე, რომელიც დღეს ეკონომიკის სამინისტროში აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელია, ხუთი წლის წინ DCFTA-ს შესახებ მოლაპარაკებებში უშუალოდ იყო ჩართული, ის კიდევ ერთ დაბრკოლებაზე – მოსახლეობის მენტალიტეტზე აკეთებს აქცენტს:

„ჩვენს სოფლებში ფერმერებს გაერთიანების პრობლემა აქვთ. ყველა ფიქრობს, რომ გაერთიანება, საერთო საქმის კეთება სარისკოა, შეიძლება მოტყუებულები დარჩნენ და ეს მათ არაფერში წაადგებათ“.

გლეხი სოფელ რუისპირში, ფოტო: დავით ფიფია , JAMnews

პრობლემაა აგრეთვე ის, რომ უფულობის გამო ახალ სტანდარტზე ვერ გადადიან, ვერ იძენენ თანამედროვე დანადგარებს: თუმცა, უშუალოდ ფერმერებთან საუბრისას ირკვევა, რომ დღეს მათ უმეტესობას ექსპორტზე ფიქრის დრო და შესაძლებლობა არ აქვთ.

დღეს ყველა ერთი დიდი გამოწვევის წინაშე დგას – მოსავალს რომ მოიყვანს, როგორმე სასწრაფოდ მოიშოროს, რადგან მას არც პროდუქტის შესანახი თანამედროვე საშუალებები აქვს და არც სხვა დანადგარები, რომლებიც მათ წარმოებას გააუმჯობესებდა.

დაბოლოს, მიუხედავად ბევრი საინფორმაციო პროგრამისა, მაინც არის ინფორმაციის ნაკლებობა: გარდა იმისა, რომ ფერმერმა ევროპული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს, მან ბაზარიც უნდა შეისწავლოს – რა დროსაა კარგი იქ პროდუქტის შეტანა; რა პროდუქტზეა მოთხოვნა; თუ შეიტანს, რომელი სუპერმარკეტების ქსელში აჯობებს შესვლა და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ფერმერების ცოდნას ამაღლებს, სახელმწიფოს ჯერჯერობით კვლავაც უჭირს სოფლის მეურნეობის სწორად დაგეგმვა, საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოვლენა, მეწარმეებისთვის გამოფენების ორგანიზება და მათთვის საგარანტიო ფონდების შეთავაზება.

ღვინის დეგუსტაცია სოფელ რუისპირში. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

რა გადის დღეს ევროპაში და რამდენი?

ექსპორტთან დაკავშირებით, დადებით ტენდენციებს ავლენს ევროსტატის მონაცემები.

DCFTA-ის ამოქმედების შემდგომ, საქართველოში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 37 პროცენტითაა გაიზარდა. თუ 2014 წელს 578 ქართული კომპანია არსებობდა, რომლებსაც პროდუქცია ევროპაში გაჰქონდათ, 2018 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი 789-მდეა გაზრდილი.

2018 წლის მონაცემებით, ევროკავშირში ექსპორტი საერთო ქართული ექსპორტის 28 პროცენტს შეადგენს. ექსპორტირებული საქონლის ყველაზე დიდი რაოდენობა – 36 პროცენტი, დსთ-ს ქვეყნებზე მოდის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან სულ 3 მილიონ 355 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. აქედან ევროკავშირის ქვეყნებში 730 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა.

დღეის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან ევროპის ბაზარზე გადის ის პროდუქტები, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდეც გადიოდა ევროპაში. ეს არის ძირითადად ღვინო, მინერალური წყალი და თხილი.

სულ ახლახან დაიწყო უმნიშვნელო რაოდენობით კივისა და ლურჯი მოცვის, ხმელი ლიმონის და ჩირეულის გატანა. სამრეწველო საქონლის საექსპორტო ჩამონათვალს ასევე მცირე მასშტაბით შეემატა პლასტმასისა და მინის ნაწარმიც.

ქართული რძე/რძის პროდუქტები და ხორცი/ხორცის პროდუქტები ევროპის ბაზარზე ჯერ კიდევ აკრძალულია. ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, ცხოველური პროდუქტები მომეტებული საფრთხის შემცველი სურსათის სახეობას განეკუთვნება.

ამ კუთხით, მთავრობას მომავალი ორი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი რეგულაციების მიღება მოუწევს, რაც კერძო პირებს ცხოველური პროდუქტის სახლის პირობებში წარმოებას სრულად აუკრძალავს.

რაც შეეხება სამრეწველო საქონელს, ამ კუთხით ადგილობრივი ბაზარი ჯერ ბოლომდე ვერ რეგულირდება. დადგენილი რეგლამენტების მიღების საბოლოო ვადა 2027 წელია. მანამდე მწარმოებლებსა და ბიზნეს ოპერატორებს, წარმოების ახალ სტანდარტებზე გადასაწყობად, სტანდარტიზაციის სპეციფიკური პროცედურების გავლა მოუწევთ: სერთიფიცირება, შეფასების შიდა სტანდარტების მექანიზმების შემუშავება და ა.შ.

“საქართველოს მასშტაბით წარმატებას რომ მივაღწიე, მეტი ამბიცია გამიჩნდა”

თუთბერიძეს სასათბურე მეურნეობის შექმნის იდეა გაუჩნდა. საკუთარი დანაზოგი მხოლოდ სათბურის აწყობას ეყოფოდა,  მიწის შესაძენად დაფინანსების მისაღებად კი, დაწერა ბიზნეს-გეგმა, გააკეთა რეალისტური ფინანსური გათვლები, დეტალური ხარჯთაღრიცხვა და  სახელმწიფო გრანტიც მიიღო.

კახა თუთბერიძე პროფესიით ფინანსისტია. 2014 წელს, როცა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად, სოფლის მეურნეობა ქვეყანაში პრიორიტეტულ დარგად გამოცხადდა, კახამ ტელევიზიით სახელმწიფო პროგრამის – აწარმოე საქართველოში – შესახებ შეიტყო.

ამ პროგრამის თანახმად,  სახელმწიფო, ფაქტობრივად, თანხას ჩუქნიდა მას, ვინც სწორად გათვლილ ბიზნეს-გეგმას წარადგენდა და გაცემული თანხის ოთხმაგ ინვესტიციას ჩადებდა.

ამ პროგრამის თანახმად,  სახელმწიფო, ფაქტობრივად, თანხას ჩუქნიდა მას, ვინც სწორად გათვლილ ბიზნეს-გეგმას წარადგენდა და გაცემული თანხის ოთხმაგ ინვესტიციას ჩადებდა.

სახელმწიფო პროგრამის პირობების თანახმად, უკვე მომდევნო წელს პროდუქტის გამოშვება და რეალიზაცია უნდა დაეწყო.

თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა. საქმიანობის დასაწყისშივე პრობლემების მთელი კასკადი წამოვიდა.

 „ელემენტარულად, სათბურის კვალიფიციური კონსტრუქტორიც კი ვერ ვიპოვე. თავად მომიწია, უამრავ ნიუანსში გავრკვეულიყავი და ნაგებობა საკუთარი ხელით ამეწყო. შესაფუთი ფირი, რომელიც ულტრაიისფერ სხივს ანეიტრალებს, ისრაელიდან ჩამოვიტანე. თავად შევისწავლე სათბურის დაგეგმვისა და განთავსების წესები,“ – ჰყვება კახა.

კახა თუთბერიძე, რუსთავში სასათბურე მეურნეობის მფლობელი. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

შემდეგი გამოწვევა უკვე  ხარისხიანი პროდუქტის მოყვანა და მისი სტაბილურად, რენტაბელურ ფასში რეალიზება იყო. ამისთვის კახა საჩითილე მეურნეობაშიც ძირ-ფესვიანად გაერკვა, რადგან ვერც ამ სფეროში იპოვა სანდო სპეციალისტები.

თავიდან  მასობრივი მოხმარების მწვანილეულის მოყვანა დაიწო. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ამ პროდუქტის სტაბილური რეალიზება შეუძლებელი იყო. მოსავლის რამდენიმე პარტია მთლიანად გაუფუჭდა.

„ჩვენი ბაზარი ძალიან ქაოსურია. მოთხოვნებთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ არსებობს. ფერმერები ბრმად, ერთმანეთის მიმბაძველობით იწყებენ ბოსტნეულის ერთგვაროვანი სახეობების მოყვანას. შემდეგ ბაზარზე მუდმივად რაღაც პროდუქტი ჭარბადაა, რაღაც პროდუქტზე კი დეფიციტი ჩნდება. ამიტომ დღეს ქვეყანა 90 პროცენტიან იმპორტზეა დამოკიდებული. მსხვილ სუპერმარკეტებს, რესტორნებს, სასტუმროებს ხომ მუდმივი მომმარაგებლები სჭირდებათ?“

რაც უფრო მეტს აკეთებდა, მით უფრო შორეული ჩანდა ევროპულ ბაზარზე გასვლის პერსპექტივა.

აშკარა იყო, წარმოების გასაგრძელებლად, სხვა გზა უნდა მოეძებნა.

ეს გზაც მალე გამოჩნდა – მასობრივ წარმოებაზე უარი თქვა და ისეთი ბოსტნეულის და სასალათე მცენარეების მოყვანა დაიწყო, რომელიც საქართველოში იშვიათია – კეილი (ხუჭუჭა კომბოსტო), იაპონური სალათა – მიზუნა, ფენელი (კამის ბოლქვი), პაკჩოი, რუკოლა, არტიშოკი და ა.შ.

სათესლე მასალას თავდაპირველად ინტერნეტით იწერდა და ტესტავდა. აღმოჩნდა, რომ ქართული კლიმატის პირობებში, უმაღლესი ხარისხის პროდუქტის მიღება შეიძლება.  მისი გემოვნური თვისებები, არომატი, შემადგენლობა იმპორტირებულს ბევრად წინ უსწრებს.

„მალევე „აჭარა-ჯგუფი“ დაინტერესდა ჩვენი მოსავლით. უარი თქვა იმპორტირებული პროდუქტის შეძენაზე და დღემდე მისი სასტუმროების ქსელი სტაბილურად მარაგდება ჩემს სათბურებში მოყვანილი ბოსტნეულით“.

ადგილობრივ ბაზარზე წარმატების შემდეგ, კახა თუთბერიძე ახლა უკვე ისევ დაფიქრდა ევროპულ ბაზარზე.

სულ ცოტა ხნის წინ, მისი სასათბურე მეურნეობით ავსტრიელი ბიზნესმენი დაინტერესდა. მისი თხოვნით, კოჭა და კურკუმა სათბურში სატესტოდ მოიყვანა. შემოწმებისა და ანალიზის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ აღნიშნული კულტურების გაცილებით ხარისხიანი მოსავალი შეიძლება მიიღო საქართველოს ნიადაგზე, ვიდრე ისრაელში ან ესპანეთში, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ამ პროდუქტების ძირითადი იმპორტიორები არიან.

„ამ ფაქტმა ისევ გამიჩინა ამბიცია, ევროპაშიც დავიწყოთ პროდუქციის გატანა. ახლა, როცა ადგილობრივი  წარმოება წარმატებით აეწყო, აზარტიც მომემატა,“ – ამბობს კახა თუთბერიძე.

სახელმწიფო და სხვა სახის მხარდამჭერი პროგრამები

უკვე წლებია, ქვეყანაში მოქმედებს სახელმწიფო პროგრამები ოპტიმისტური სახელწოდებებით: „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „ახალგაზრდა მეწარმე“ და სხვა ფერმერთა თანადაფინანსების და დახმარების პროგრამები.

თუმცა, ბევრი მეწარმისთვის ეს პროგრამები ხელმისაწვდომი არ არის, რადგან  მათში ჩასართავად საწყისი კაპიტალია საჭირო – ორმაგი, სამმაგი და ხშირად, ოთხმაგი ინვესტიცია. პროგრამები ასევე ითხოვენ მნიშვნელოვან საბანკო გარანტიებს.

პროცესში ასევე აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო დონორები – ევროკავშირი, გაერო, USAID-ი. ისინი საქართველოს მთავრობას ტექნიკურ დახმარებას უწევენ, რათა ქართული კანონმდებლობა ნაბიჯ-ნაბიჯ დაუახლოვდეს ევროპულს.

მსხვილ პროექტებს ახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD), რომლის ბიუჯეტი 179.5 მილიონი ევროა.

მისი ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სახელმწიფო პროგრამებს ახორციელებს. ENPARD-ის ფარგლებში, ფერმერებისთვის სოფლად საკონსულტაციო ცენტრები დაფუძნდა; შეიქმნა კოოპერატივები; აღნიშნულ დარგში კვლევების წასახალისებლად, სოლიდური გრანტები გაიცა და ა.შ.

ჩეხეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაციამ People in Need ახლახან დაასრულა ფერმერთა განსწავლის პროგრამა – სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას DCFTA-ს ზოგად ასპექტებს აცნობდნენ  – უყვებოდნენ სურსათის უვნებლობის ევროპულ სტანდარტებზე; უხსნიდნენ ენერგოეფექტურობის სიკეთეებს; კლიმატგონივრული მეურნეობის დაგეგმვის პრინციპებს.

თუმცა, ის შესაძლებლობები, რასაც ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაძლევს, სიდუხჭირეში მცხოვრები გლეხის კარ-მიდამოდან ჯერ კიდევ შორეულ და ბუნდოვან პერსპექტივად აღიქმება.

“სახელმწიფო არ გვეხმარება”

არამაის მელტონიანი მეფუტკრეა. იგი სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდაში ცხოვრობს. მისი ოჯახი ოთხი თაობა მეფუტკრეები არიან. არამაისს ფუტკრის 120 ოჯახი ჰყავს.

ის ამბობს, რომ როდესაც საქართველომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, მისი მოლოდინები ძალიან ოპტიმისტური იყო. თუმცა, დღეს ის იმედგაცრუებულია.

მისი თქმით, მან არაერთხელ სთხოვა ხელისუფლებას დახმარება ევროკავშირში თაფლის გატანასთან დაკავშირებით, მაგრამ უშედეგოდ.

მეფუტკრე არამაის მელტონიანი. ფოტო: აღუნიკ აივაზიანი, JAMnews

როგორც არამაისი ამბობს, მთავარი დაბრკოლება ის არის, რომ საქართველოს ამ დრომდე არ აქვს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც თაფლის ხარისხს შეამოწმებდა. ის ამბობს, რომ დახმარება სჭირდება დაფასოების სისტემის აწყობასა და პროდუქციის სათანადო შეფუთვაში, რადგან ამას საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდება. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ხელისუფლება მას ამაში არ ეხმარება.

მელტონიანი ამბობს, რომ თაფლის წარმოება პოტენციურად სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი დარგია. სხვა პროდუქტებთან შედარებით, თაფლს შეუძლია ორჯერ და სამჯერ მეტი შემოსავალი მოიტანოს.

არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო წელს მხოლოდ 400-450 კილოგრამი თაფლი აიღო, მაშინ როცა ჩვეულებრივ, ორ-სამ ტონას იღებს.  პროდუქტს იგი ჯავახეთის რეგიონში ჰყიდის და ასევე სომხეთში გააქვს.

“კარგი იქნებოდა ევროპაში მიგვქონდეს ეს თაფლი. იქ ძაან ძვირი ღირს, მაგრამ ჩემით ამას ვერ გავაკეთებ, სახელმწიფო კი, არ მეხმარება. მითხრეს, რომ კოოპერატივი უნდა გამეხსნა. ასეც მოვიქეცი, მაგრამ მას მერე ყურადღებას არავინ მაქცევს,” – ამბობს მელტონიანი.

მთავარი, რაც ამ რეგიონის ფერმერებს უშლის ხელს, არაინფორმირებულობაა, მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია ახალქალაქის ბიზნესცენტრის ხელმძღვანელი მახარე მაცუკატოვი. ჯავახეთის რეგიონში უმეტესწილად სომხური მოსახლეობა ცხოვრობს, უმრავლესობამ სახელმწიფო ენა არ იცის, რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს ამ რეგიონში.

“ფერმერებმა არ იციან როგორ შეფუთონ საქონელი, როგორ გააგზავნონ ის ექსპორტზე. ეს მარტო მარკეტინგის თემა არ არის, ელემენტარულად, დოკუმენტების ინგლისურად ან ქართულად შევსების პრობლემაცაა,” – ამბობს ის. 

მაცუკატოვის თქმით, ზოგჯერ სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორი ატარებენ ტრენინგებს, გამოსცემენ საინფორმაციო ბუკლეტებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანები გამოვიდნენ საინფორმაციო ვაკუუმიდან.

გარდა ამისა, მისი თქმით, ახალი კანონები, რომლებმაც ხარისხი უნდა გააუმჯობესონ, ხშირ შემთხვევაში არ სრულდება. მაგალითად, მეწარმეები, რომლებმაც დაარეგისტრირეს რძის ნაწარმის მწარმოებელი საწარმოები და დადგენილი სტანდარტების დაცვა დაიწყეს, წამგებიან პოზიციაში აღმოჩდნენ, რადგან სხვები ამ სტანდარტების უგულებელყოფით მუშაობას აგრძელებენ.

“ფერმერს რომ ეცოდინება, რომ ევროპაში საქონლის გატანა მართლაც რეალურია, ის ყველა ნორმას დაიცავს,” – ამბობს მაცუკატოვი.

ბიოპროდუქტები – ქართული ექსპორტის მომავალი?

ფერმერთა ასოციაციაში უკვირთ, საერთოდ რატომ ვსაუბრობთ ფართომასშტაბიან ექსპორტზე მაშინ, როდესაც ქვეყანა დაახლოებით, 70 პროცენტიან იმპორტზეა დამოკიდებული; როცა ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტებზე მოთხოვნა ჭარბია და მიწოდება – არასაკმარისი.

„ჩვენ რეალურად გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ვაწარმოოთ ბიო პროდუქტი. – ქვეყანაში მთელი სოფლები და რეგიონებიც კია, სადაც წლების მანძილზე მიწას არავინ შეხებია. სიდუხჭირის გამო, ადგილობრივებს მიწების მოხვნის შესაძლებლობაც კი არ ჰქონდათ, შეწამვლაზე რომ არაფერი ვთქვათ. ამ ტერიტორიაზე თავისუფლად შეიძლება ბიო პროდუქციის მასობრივი წარმოება, რაც სულაც არ ჯდება ძვირი, და უპირველესად, ადგილობრივი, ქართველი მომხმარებლებისთვის შეთავაზება,” – ამბობს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე.  

მისი თქმით, საამისოდ საჭიროა სახელმწიფომ ადგილობრივი ფერმერები წაახალისოს, მათ ბაზარზე მოთხოვნის სრული სურათი უჩვენოს და პრიორიტეტების მიხედვით, საჭირო რჩევები მისცეს.

“ამის სანაცვლოდ კი რა ხდება? – ჩვენი ბაზარი უმეტესად იმპორტირებული პროდუქციითა გაჯერებული. ადგილობრივ გლეხებს ძირითადად, ერთგვაროვანი პროდუქტი მოჰყავთ და ისიც სეზონურად. ეს კი არც ფერმერისთვისაა მომგებიანი და არც მომხმარებლისთვის – ხელსაყრელი,”- ამბობს ის.

ასოციაციაში ამბობენ, რომ ევროპული სტანდარტით მეურნეობის გამართვის შემთხვევაში, ფერმერი ნებისმიერ შემთხვევაში მოგებული დარჩება იმისდა მიუხედავად, უახლოეს მომავალში მისი პროდუქცია გავა თუ არა ევროპაში.

„ცოტა ხნის წინ ჩვენმა ასოციაციამ კონფერენციას უმასპინძლა, სადაც 330 სასტუმროს მეპატრონე იყო ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული. მათ რამდენიმე ქართველი ფერმერის პროდუქცია შევთავაზეთ. ყველა აღფრთოვანდა მეგრული აჯიკით. არ გამოვრიცხავ, რომ მეგრული აჯიკა ძალიან სწრაფად გავიდეს ევროპულ ბაზარზე. ვფიქრობ, ის ადამიანი, ვინც საკუთარ თავს ევროპასთან აიგივებს, კარგად იცის, რა სჭირდება ევროპულ ბაზარს. – ევროპულ ბაზარს სჭირდება ერთადერთი – ხარისხიანი პროდუქტი“, – ამბობს ნინო ზამბახიძე.

 


ასევე წაიკითხეთ