იფთისამს, ჰიამს და ნადიას ვთხოვეთ აერჩიათ სამი ნივთი, რომელიც მათ წარმოდგენაში ასოცირდება სამ კონკრეტულ სიტყვასთან - სამშობლო, საქართველო, ოცნება

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ერაყიდან და სირიიდან ლტოლვილი 862 ადამიანი ცხოვრობს. მათ ნაწილს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი აქვს, ნაწილი კი ამ სტატუსის მოლოდინშია. მათ მიმართ საქართველოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. საზოგადოების ნაწილი ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანას, რომელსაც თავად ჰყავს 271 ათასი დევნილი, სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილების მიღების ფუფუნება არ აქვს. ნაწილს კი, უბრალოდ, უცხო კულტურასთან შეხების ეშინია.
ჩვენ სამი ერაყელი ქალის ისტორია მოვისმინეთ, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. რას გამოექცნენ, რაზე ფიქრობენ და რაზე ოცნებობენ.
იფთისამს, ჰაიამს და ნადიას ვთხოვეთ აერჩიათ სამი ნივთი, რომელიც მათ წარმოდგენაში ასოცირდება სამ კონკრეტულ სიტყვასთან – სამშობლო, საქართველო, ოცნება.
იფთისამ ალსურაი
“2012 წლის 26 სექტემბრი. ძალიან ცხელოდა. დილიდან ვემზადებოდით. სადილი გავამზადეთ, სტუმრებს ველოდებოდით, თან ბარგიც უნდა ჩაგველაგებინა. არასოდეს იცი, რა ჩადო ჩანთაში, როდესაც შენს სახლს სამუდამოდ ტოვებ. იმ საღამოს ნათესავები და მეგობრები მოვიდნენ. ყველაფერი გავიხსენეთ, რაც გვაკავშირებდა და რაც გამოვიარეთ. ხან ვიცინიდოთ და ხან ვტიროდით. იქნებ ბოლოჯერ ვხედავდით ერთმანეთს.
“ის მომენტი მახსენდება, როდესაც ტაქსიში ჩავსხედით და ბოლოჯერ შევავლეთ თვალი ჩვენს სახლს. უსაფრთხოების მიზნით, აეროპორტამდე რამდენჯერმე გამოვიცვალეთ ტრანსპორტი. ერაყში არ უყვართ, როცა ადამიანები ქვეყანას ტოვებენ.”
ჰიამ ალსურაი
“ქალები საქართველოში თამამები არიან. გარეთ გასვლა დღის ნებისმიერ დროს უსაფრთხოა, ერაყში ეს ასე არ იყო. მაგალითად, თუ ჰიჯაბი არ გაიკეთე, შეიძლება ვინმე თავს დაგესხას. ქალები ცდილობენ საერთოდ ბევრი არ იარონ. მანქანებიდან ზედმეტად არ გამოდიან და ქუჩაში ფეხით არ დადიან. დანიშნულების ადგილამდე მიდიან და სწრაფად შედიან შენობებში. თბილისის ქუჩებში სიამოვნებით და თამამად დავდივართ “.
ნადია
“ჩვენი ოჯახის ერთი წევრი ჩემი შვილების თვალწინ მოკლეს. მე აღარ მინდოდა, რომ ჩემს შვილებს ეს კიდევ ერთხელ ენახათ. ჩვენს ოჯახში სუნიტები არიან, მაგრამ ბაღდადში შიიტების დასახლებაში ვცხოვრობდით. ამის გამო სულ გვემუქრებოდნენ. წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, ჩემს ქმარს რამდენჯერმე შემოუთვალეს, რომ მისი ოჯახი საფრთხეში იყო”.
“მე დღესაც ხშირად ვბრუნდები ერაყში ფიქრებით. ერაყი, სადაც მე ვბრუნდები, ძველი ერაყია, ომამდელი. თუმცა, მე ცხოვრებამ მასწავლა, რომ ადამიანს აუცილებლად უნდა მისცე არჩევანი. მე არასოდეს ვაიძულებ ჩემს შვილებს იცხოვრონ იქ, სადაც მე მინდა. ჩემი შვილები ზრდასრულები არიან და არჩევანს თავად გააკეთებენ, დაბრუნდნენ თუ არა სამშობლოში”.
ლტოლვილის სტატუსის მიღების პროცედურები
საქართველოში დღეს თავშესაფრის მაძიებელი 89 ერაყელი და 20 სირიელია. ლტოლვილის სტატუსი უკვე მინიჭებული აქვს 103 ერაყელსა და 5 სირიელს, ჰუმანიტარული სტატუსით კი 566 ერაყელი და 79 სირიელი სარგებლობს.
საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც თავშესაფარს ითხოვს, ასეთ პროცედურას გადის: ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში წერს განცხადებას და გადის რეგისტაციას. შემდეგი ეტაპი სპეციალური კითხვარის შევსება და გასაუბრებაა. საბუთების განხილვა, შესაძლოა, 6-დან 21 თვემდე გაგრძელდეს.
თუ დადგინდება, რომ ადამიანი საკუთარ ქვეყანაში რასის, რელიგიის, ეროვნების, სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებოდა, საქართველოს არ აქვს უფლება უარი უთხრას მას ლტოლვილის სტატუსზე.
ჰუმანიტარული სტატუსის მიღება შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებიც, შესაძლოა, უშუალოდ არ იდევნებოდნენ, მაგრამ მათ ქვეყანაში ომი ან განურჩეველი ძალადობაა, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მატარებელი ადამიანები სახელმწიფოსგან საიდენტიფიკაციო მოწმობას იღებენ.
საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები სამწლიან საიდენტიფიკაციო მოწმობას იღებენ, რომელიც ავტომატურად გრძელდება. ჰუმანიტარული სტატუსის შემთხვევაში კი, მისი გადახედვა ყოველწლიურად თავიდან ხდება.
რა დახმარებას იღებენ საქართველოსგან?
ქვეყანაში მყოფი ყველა ლტოლვილი თუ ჰუმანიტარული სტატუსის მატარებელი, სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 45 ლარს იღებს. ისინი ასევე სარგებლობენ ჯანდაცვის მინიმალური პაკეტით.
განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს სახელმწიფო გარკვეული თანხის ფარგლებში (თანხას სპეციალური კომისია განსაზღვრავს) ბინის ქირასაც უხდის. ისინი ასევე იღებენ სოციალურ შემწეობას, დამატებით ჯანდაცვის პაკეტს და ზამთარში 50-ლარიან დანამატს გათბობისთვის.
სტატუსის მიღებამდე, თავშესაფრის მაძიებლებს სახელმწიფო დროებით საცხოვრებელს სთავაზობს. ასეთია თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრი მარტყოფში. ამ სასტუმროს ტიპის შენობაში მათ პირველადი მოხმარების ნივთები ურიგდებათ. გარდა ამისა, სტატუსის მიღებამდე ოჯახის უფროსი სახელმწიფოსგან თვეში 80 ლარს, დანარჩენი წევრები კი 60-60 ლარს იღებენ.
ლტოლვილებს ხელისუფლება ქართული ენის შემსწავლელ კურსებს სთავაზობს. უკვე სტატუსის მატარებლები კი, ზოგადი განათლების პროგრამებში ისეთივე სერვისებით სარგებლობენ, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები.
ერაყელი, სირიელი და უკრაინელი ლტოლვილებისთვის სპეციალურ პროგრამას ახორციელებს საქართველოში ლტოლვილთა ინტეგრაციის ცენტრი „ღია სახლიც.“ აქ ქართულ ენასთან ერთად და სიმღერასაც ასწავლიან
რატომ საქართველო?
როგორც წესი, ლტოლვილები საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, ისე ირჩევენ და მათი საბოლოო მიზანი ევროპულ ქვეყნებში გადასვლაა. სწორედ ამის გამო, ლტოლვილების თავდაპირველი ნაკადი საქართველოში უფრო დიდი იყო. დღეს მათი რიცხვი შემცირდა, რადგან საქართველოდან ევროპაში გადასვლა არც ისე ადვილი პროცედურაა, როგორც ლტოლვილებს ეგონათ. ამიტომ, ის ლტოლვილები, რომლებიც ბოლო ორი-სამი წელია საქართველოში შემოდიან, აქ დამკვიდრებას ცდილობენ. ეს დინამიკა დაგვიდასტურეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროშიც.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ლტოლვილები საქართველოს ირჩევენ, არის ის, რომ საქართველოში სტატუსის მისაღებად მათ უფრო მარტივი პროცედურები სჭირდებათ, ვიდრე – ევროპაში.