აი, უკვე 30 წელია" />

ფოთი: ტურისტული სეზონი გადაიდო

აი, უკვე 30 წელია

ყოველ წელს, ზაფხულის დადგომასთან ერთად ფოთში ერთი და იგივე მეორდება – აცხადებენ, რომ ტურისტული სეზონი გაიხსნა და ადგილობრივი პლაჟების პოტენციალზე იწყებენ საუბარს. ამით ყველაფერი სრულდება – ტურისტები აქ არც ადრე ყოფილან და არც ახლა არიან.

ფოთის პლაჟებზე მხოლოდ ადგილობრივებს თუ შეხვდები, რომლებიც ბანაობენ და მაშინვე შინ მიდიან. პრინციპში, აქ სხვა ვერაფრით დაკავდები – არც კაფეებია, არც დისკოთეკები, არც მაღაზიები, და არც შეზლონგები. სიმინდისა და გამაგრილებელი სასმელების დამტარებლებიც კი არ არიან, მხოლოდ – ზღვის ზომიერად აქაფებული ტალღები და შავი ქვიშაა.

 

 

რა თქმა უნდა, ასეთ განმარტოებასაც თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ტურისტების უმრავლესობას ადამიანებთან ურთიერთობა სურს, ფოთში კი დამსვენებელთა დიდი რაოდენობის ჩამოსვლის იმედი არავის აქვს.

თუმცა, პოტენციალი ნამდვილად არსებობს. აქ ქვიშის სწორი სანაპიროა. სხვათა შორის, ეს პლაჟი ყველაზე გრძელია საქართველოში. რბილი კლიმატი, დაბალი ფასები და ბევრი საინტერესო ღირსშესანიშნაობა.  ამდენად, ტურისტების მოსაზიდად ზღვა ერთადერთი ფაქტორი არ არის.

 

 

მალთაყვა – ასე ჰქვია პლაჟს, რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარეობს. ესაა ყველაზე მოსახერხებელი პლაჟი. ქალაქის ცენტრიდან ამ ადგილამდე 4 კილომეტრია. ჯერჯერობით საქართველოს არცერთ ხელისუფლებას ეს ობიექტი თავისი პრიორიტეტების სიასა და სტრატეგიულ გეგმებში არ ჩაურთავს. ნებით, თუ უნებლიეთ, გახსენდება ის, თუ რა მდგომარეობაში იყო ეს ქალაქი საბჭოთა პერიოდში. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს შედარება დამოუკიდებლობის პერიოდის სასარგებლოდ არ გამოდის. დიახ, ფოთი, პირველ რიგში, საპორტო ქალაქი იყო ყოველთვის, მაგრამ წარსულში კურორტის ფუნქციასაც წარმატებით ასრულებდა.

მაგალითად ეს, ერთ დროს ცნობილი “ოქროს ტბა” ცოტა ხანში დაჭაობების პროცესს დაასრულებს. არადა, წინათ ამ ადგილის ცქერით ტკბებოდნენ უზარმაზარი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული დამსვენებლები.

 

 

ეს კი ტყე-პარკის ტერიტორიაა, რომელიც აქვე მდებარეობს. ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ჩერნობილის ატომური ზონა – მიტოვებული შენობები, საზარელი სიცარიელე და მივიწყებულობის შეგრძნება. ოდესღაც კი აქ დამსვენებლები დადიოდნენ.

 

 

მაგრამ ფოთის მერიაში ოპტიმისტები მუშაობენ. მათ ჯერ კიდევ აქვთ დიდი წარმატების იმედი. “პლაჟის გასწვრივ უკვე დაწყებულია გზის მშენებლობა,” – მითხრეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. პირობას დებენ, რომ აქ იქნება ფეხით მოსიარულეების ზონა, ავტოსადგომი და პატარა ობიექტები – მაღაზიები, კაფეები და ა.შ. სამუშაოები დაახლოებით 2 წელიწადს გასტანს და ამ გეგმის შესასრულებლად 18 500 ლარზე მეტია გამოყოფილი.

ამჟამად ფოთი ერთადერთი ქალაქია საქართველოს ზღვისპირეთში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები სრულიად არ არის დამოკიდებული ტურიზმზე; არა იმიტომ, რომ აქ შემოსავლის სხვა წყაროები აქვთ. უბრალოდ, აქ ტურისტები არ არიან.

აქ ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაწყენია. უფროსკლასელს თუ ჰკითხავთ, რას აპირებს ის მომავალში, გეტყვით, რომ აქედან წასვლა უნდა. და თქვენ მას, რა თქმა უნდა, გაუგებთ.

 

 

ფოთში მართლაც ვერაფრით დაკავდები – ზაფხულშიც კი. თუ 20 წლის ხართ და შეყვარებული გყავთ, კინოში ვერ დაპატიჟებთ, რადგან ფოთში კინო არ არის. როგორც წესი, ახალგაზრდობა ამ მიზნით ბათუმში ჩადის, სადაც კინოთეატრიც არის, კაფეც, პლაჟიც, აუზიც, დისკოთეკებიც და პარკებიც…
სახლში დაბრუნება სევდას მგვრის ხოლმე – ისევ უდაბური ქალაქი, მოწყენილობა და ნაგავი…

ნაგავი ერთგვარი ასოციაციაა, რომელიც შეიძლება, ფოთში ჩამოსულებს გაუჩნდეს. საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყველგან ყრია. თითქოს ალაგებენ კიდეც, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალები არათანაბარია და ნაგავი მაინც იმარჯვებს ხოლმე. ერთხელ ზაფხულში მეგობრები დავპატიჟე ფოთში. ნაგვის გამო, იძულებულები გავხდით, ფოთიდან ურეკში გავქცეულიყავით.

 

 

თუმცა, არც ურეკია ყველაზე სუფთა ადგილი საქართველოს ზღვისპირეთში.

პირველად გამოქვეყნდა: 22.07.2016

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ