საერთაშორისო გამოძიებას ეჭვი არ ეპარება, რომ სამგზავრო თვითმფრინავი რუსული იარაღით ჩამოაგდეს" />

ფაქტები და ფეიკები: ხუთი წელიწადი უკრაინაში რეისი МН17-ის კატასტროფიდან

საერთაშორისო გამოძიებას ეჭვი არ ეპარება, რომ სამგზავრო თვითმფრინავი რუსული იარაღით ჩამოაგდეს

REUTERS/Maxim Zmeyev

 „ნოვაი გაზეტას“ მასალის მიხედვით

ხუთი წლის წინათ, 2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინის ცაში რაკეტით „დედამიწა-ჰაერი“ ჩამოაგდეს მალაიზიური ბოინგი, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში – ბორტზე 298 მგზავრით – რეისს ახორციელებდა. ყველა მათგანი, 80 ბავშვის ჩათვლით, ჰაერშივე დაიღუპა. მათი უმრავლესობა – ნიდერლანდების მოქალაქე იყო. პილოტების გვამებში აღმოჩნდა დამადამბლავებელი ელემენტები, რომლითაც საბჭოური წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსის „ბუკ“-ის საბრძოლო ნაწილი იტენება. ივნისში საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა (JIT) პირველად დაასახელა თვითმფრინავის დაღუპვაში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანის სახელები. სამი მათგანი რუსეთის მოქალაქეა. 

       ფაქტები                                                                 

რაკეტა სამოქალაქო თვითმფრინავის მისამართით დაბა პერვომაისკოედან იყო გაშვებული (ქალაქ სნეჟნოეს მიმდებარე ტერიტორია). უკრაინა ამ ტერიტორიებს 2014 წლის ომის დაწყების შემდეგ ვეღარ აკონტროლებს. როგორც მოგვიანებით საერთაშორისო გამომძიებლებმა (JIT)  დაადგინეს, საზენიტო კომპლექსი „ბუკი“ კონფლიქტის ზონაში რუსეთიდან ჩაიტანეს და თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლებს გადასცეს.  

• MH-17-ზე განხორციელებულ თავდასხმას რუსი გენერალი, სამხრეთ ოსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხელმძღვანელობდა

• დასახელებულია მათი გვარები, ვინც აღმოსავლეთ უკრაინის თავზე „ბოინგ“ МН17-ის განადგურებასა და 298 ადამიანის დაღუპვასთან არის დაკავშირებული

• რუსეთი MH17-ის დაღუპვასა და კიბერომებთან არის კავშირში

თუ როგორ მოხვდა რუსული არმიის იარაღი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე, და ვინ გასცა სანქცია მის გადაცემაზე, ეს ჯერ კიდევ უნდა დადგინდეს. მაგრამ, ასეა თუ ისე, დონბასის სეპარატისტული ძალები ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მწვავე საჭიროებას სწორედ იმ პერიოდში განიცდიდნენ. უკრაინის ავიაცია სეპარატისტების ზურგში ჯარს აქტიურად გზავნიდა, და მათ რუსეთის საზღვრიდან მოკვეთით, და შესაბამისად,  ყველა სახის იმ დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა, რაც „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ ან „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ იგზავნებოდა.

საჰაერო მუქარის თავიდან აცილება გადარჩენის საკითხად იქცა სეპარატისტებისთვის, რომლებიც ჩვეულებრივი გადასატანი საზენიტო კომპლექსებით დიდ სიმაღლეზე მფრინავ ხომალდებს ვერ სწვდებოდნენ. 

ივლისის შუა რიცხვებისთვის სეპარატისტებმა რუსეთისგან ალბათ ახალი დახმარება მიიღეს: 2014 წლის 14 ივლისს მათ  უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო Ан-26-ის ჩამოდგება შეძლეს; ბორტი მიფრინავს 6000-ზე მეტ სიმაღლეზე, რაც მხოლოდ შორსმავალი „ბუკის“ მსგავსი საჰაერო თავდაცვისთვის არის შესაძლებელი. 

2014 წლის 17 ივლისს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლები მორიგი სატრანსპორტო ხომალდის Ан-26-ის გაფრენის შესახებ იღებენ ინფორმაციას. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ საჰაერო თავდაცვა სნეჟნოეს მიმდებარე ტერიტორიიდან მფრინავ ობიექტს უტევს, რის შესახებაც თითქმის მაშინვე იუწყება ოფიციალური რუსული მედია. „აჯანყებულებს“ შორის არსებულ, მოსმენილ სატელეფონო საუბრებში საუბარი ჩამოგდებულ Ан-26-ს ეხება.

სეპარატისტები მხოლოდ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე მისვლის შემდეგ ხვდებიან, რომ ჩამოგდებულია სამოქალაქო ლაინერი.

                 ფეიკები                                                                       

ტრაგედიის პირველივე დღიდან რუსეთის ხელისუფლება სამგზავრო ბოინგზე „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ძალების მხრიდან თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს, რომ აღარაფერი ვთქვათ საკუთრივ თავის როლზე. პროპაგანდა ერთდროულად ავრცელებდა რამდენიმე ფეიკს, რომელთაგან ყველაზე ცნობილი გახდა ლეგენდა უკრაინული სამხედრო თვითმფრინავის შესახებ, რომელმაც „ბოინგს“ შეუტია.

ამ ვერსიის მხარდასაჭერად პროსახელისუფლებო მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ყოველთვის ისეთ მონაცემებს იყენებდნენ, რომლებიც მთლიანად ფალსიფიცირებული ან არასრული იყო. სხვა „რუსული ვერსია“ ის იყო, რომ მალაიზიური „ბოინგი-777“ მართლაც „ბუკის“ შეტევით ჩამოვარდა, ოღონდ არა – რუსულის, არამედ უკრაინულის – სოფელ ზაროშენსკოედან, რომელსაც თითქოს უკრაინა აკონტროლებდა. ეს ვერსია  Bellingcat-ის ექსპერტებმა  უარყვეს.

2015 წლის ოქტომბერში ნიდერლანდების უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ სნჟენოეს მიმდებარე ტერიტორიიდან გაშვებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის რაკეტა „ბუკი“  МН17-ის ჩამოვარდნის ერთადერთი მიზეზი იყო. ასევე ცნობილი გახდა, რომ საბჭო დასახმარებლად რუსულ მხარეს მიმართავდა, კერძოდ კი „ბუკ“-ის მწარმოებელს – სახელმწიფო კორპორაცია „ალმაზ-ანტეის“.

ნიდერლანდების კოორდინაციით დაიწყო საერთაშორისო კრიმინალური გამოძიება, რომელსაც პასუხი უნდა გაეცა იმ კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ბუკი სეპარატისტების ხელში, ვინ იყო ეკიპაჟში, და ბოლოს, ვინ გასცემდა ბრძანებებს დანადგარის გადაადგილებისა და ცეცხლის გახსნის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მაისში ჰოლანდიელებმა მოახდინეს არაკეტო ძრავის ჭურვის დემონსტრირება  სერიული ნომრით 9032, და განაცხადეს, რომ ის, შესაძლოა, მნიშვნელოვან სამხილს წარმოადგენდეს.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემის „ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, ძრავი JIT-ის ხელთ აღმოჩნდა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ უცნობი წარმომადგენლების შუამავლობით, რომლებმაც, ნაპოვნის სანაცვლოდ, ჰონორარი მოითხოვეს. „ნოვაიას“ წყარო რამდენიმე ათობით ათას დოლარს ასახელებს.

ასეა თუ ისე, МН17-ის საქმეში ეს ნივთიერი სამხილი და „შუამავლების“ ჭეშმარიტი მოტივები დღესდღეობით ერთადერთ გაურკვევლ საკითხად რჩება. JIT-ის ხელმძღვანელის ფრედ ვესტერბეკის თქმით, საერთაშორისო ექსპერტების რაკეტის შესახებ მონაცემებს აქამდე სწავლობენ.


ასევე წაიკითხეთ