მოსწავლე თანასწორად ურთიერთობს მასწავლებელთან, ეკამათება მას და თავის უფლებებზე საუბრობს" />

სომხეთის განათლების სისტემის 5 პლუსი და 5 მინუსი

მოსწავლე თანასწორად ურთიერთობს მასწავლებელთან, ეკამათება მას და თავის უფლებებზე საუბრობს

სომხეთში განათლების რეფორმის დაწყებიდან 10 წელი გავიდა, თუმცა დღესაც რთულია გაერკვე, უფრო დადებითი თუ უარყოფითი შედეგი მოიტანა მან.

დადებითი მხარეები

გაკვეთილები უფრო დინამიკური გახდა

რეფორმის ენაზე გაკვეთილების ახალ ტიპს “ინტერაქციული” ჰქვია, რაც იმას გულისხმობს, რომ სისტემა, რომლის ფარგლებშიც მასწავლებელი ხსნიდა, ბავშვები კი უსმენდნენ და იმახსოვრებდნენ, მოძველებულად მიიჩნევა. გაკვეთილის ახსნისას მასწავლებელმა უნდა მოიზიდოს მოსწავლეები და მათსავე ცოდნაზე დაყრდნობით, შესთავაზოს მოწაფეებს, აღმომჩენები და მკვლევარები გახდნენ. ამას გარდა, რეფორმა გულისხმობს, რომ მოსწავლე, ცოდნის მიღების გარდა, თანაკლასელებთან ერთად ჯგუფური მუშაობითა და დავალებების ახალი ტიპის რვეულებში შესრულებით, მის გამოყენებასაც ისწავლის.

სკოლებში თითოეული მოსწავლის ინდივიდუალობის აღქმა გაჩნდა

მათთვის, ვისაც კარგად ახსოვს საბჭოთა სკოლა, ეს ერთგვარი სენსაციაა. სასწავლო პროცესის სისტემის ცენტრში მასწავლებელი მოსწავლემ ჩაანაცვლა, რომელიც პედაგოგს, როგორც თანასწორს ისე მიმართავს და მასთან კამათობს კიდეც.

ამას გარდა, რეფორმა ითვალისწინებს ძველად დამკვიდრებული ტრადიციის უარყოფას, როცა მასწავლებელს შეეძლო ახალი თემის ახსნაზე ისე გადასულიყო, რომ ჩამორჩენილებს არ დალოდებოდა. ახლა კი მას თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურად მოუწევს მუშაობა, და თუკი საჭირო გახდა, გაკვეთილების შემდეგაც უნდა ამეცადინოს.

ქალაქის სკოლებში, სადაც თითო კლასში 20-25 მოსწავლეა, ეს არც ისე ადვილი საქმეა. სოფლის სკოლებში კი 10-15 ბავშვი სწავლობს თითო კლასში და ამ მხრივ, სოფლის სკოლების მასწავლებლები უფრო მარტივი ამოცანის წინაშე დგანან.

ტექნიკური უზრუნველყოფა

2005 წლიდან სომხეთის ყველა სკოლაში არის ინტერნეტი. გაიზარდა კომპიუტერების რაოდენობაც. ეს არამხოლოდ ამარტივებს სწავლების პროცესს, არამედ მასწავლებლებს საგნის ცოდნის განახლების საშუალებასაც აძლევს. გაჩნდა სპეციალურად მასწავლებლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოებიც.

არჩევანის თავისუფლება

სახელმძღვანელოებს რაც შეეხება, მასწავლებლები თავად არჩევენ, რომელი წიგნებით ასწავლონ. ამასთან, არჩევანი მართლაც დიდია: თითოეული საგნისთვის 4, ან 5 სახელმძღვანელო არსებობს. განათლების სამინისტროს მოხელეები ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აღარ გასცემენ.

10 ქულა

ყველა სკოლა შეფასების 10 ქულიან სისტემაზეა გადასული, რაც საშუალებას იძლევა, უფრო ზუსტად განისაზღვროს მოსწავლეების ცოდნის დონე. მიიჩნევა, რომ ეს სიახლე მასწავლებელს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად ობიექტური იყოს.

უარყოფითი მხარეები

უფროსკლასელები მეტად უყვართ

რეფორმის შედეგად საშუალო სკოლა ორ ნაწილად, ძირითად (მე-8 კლასის ჩათვლით) და “უფროს” კლასებად გაიყო. ბევრი აღნიშნავს, რომ ამ დანაყოფების მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ აქვს.

შენობის რემონტზე, მოსწავლეების მომზადებასა და მასწავლებლების ხელფასებზე უფროსკლასელებზე უფრო მეტი სახსრები იხარჯება ბიუჯეტიდან, ვიდრე ძირითად კლასებზე. აღსანიშნავია, რომ როგორც წესი, თითქმის ყველა “უფროსი” კლასის ადმინისტრაცია ბევრად უფრო ყურადღებით არჩევს მასწავლებლებს, ვიდრე ძირითადი სკოლის ხელმძღვანელობა.

ფსიქოლოგიური სირთულეები

მერვე კლასის დასრულებისთანავე მოსწავლეები ვალდებულნი არიან, გადავიდნენ ახალ, “მაღალ” სკოლაში, რაც ბევრისთვის, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, არც ისე მარტივია.

ტექნიკური სირთულეები

რეფორმა უკვე დაწყებულია, მისი განხორციელებისთვის საჭირო პირობები კი ჯერ ვერ შექმნეს. ყველა მასწავლებელს არ გაუვლია სათანადო მომზადება საიმისოდ, რომ სწავლება ახალი მეთოდებით გაგრძელდეს. ძალიან ცოტა სკოლაა აღჭურვილი სათანადოდ ინტერაქციული გაკვეთილების ჩასატარებლად.

მაგალითად, ქალაქების სკოლების ნაწილს არ აქვს შესაბამისი ეკრანები და ვიდეო-პროექტორები; ზოგიერთი სოფლის სკოლაში კი ხშირად გეოგრაფიული ატლასი და მანიშნებლებიც არ არის (თუმცა, რაც უნდა გასაოცარი იყოს, ყველგანაა ინტერნეტი!).

ძველი სკოლა

ახალი წესი ბევრ მასწავლებელს არ მოსწონს. პედაგოგთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მასწავლებელთა უფროს თაობას, არ მოსწონს, როდესაც მოსწავლეები ეკამათებიან, გამოდიან მოთხოვნებით, უცხადებენ პრეტენზიებს და საკუთარ უფლებებზე საუბრობენ.

ახალი წესების მიუღებლობა ამ სიახლეების მიმართ არსებული არაერთგვაროვანი დამოკიდებულებით შეიძლება აიხსნას. მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ განახლებული სასწავლო პროგრამა ძალიან არეულია და მოსწავლეებისთვის ძნელი აღსაქმელია; რეფორმის ავტორები კი, პირიქით, ფიქრობენ, რომ ახალი პროგრამა, ძველი ვერსიისგან განსხვავებით, მაქსიმალურადაა გამარტივებული.

შიდა მიგრაცია

რეფორმების დაწყების შემდეგ შიდა მიგრაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. ახლა სოფლიდან ქალაქში გადმოსახლების მსურველთა რიცხვი კიდევ უფრო მეტია, რაც იმით აიხსნება, რომ ადრე საშუალო სკოლის დამთავრება სოფელშიც შეიძლებოდა, რის შემდეგაც სრულწლოვანი აბიტურიენტი მარტო გადადიოდა ხოლმე საცხოვრებლად ქალაქში; ახლა კი მშობლები 14-15 წლის მოსწავლეებთან ერთად გადადიან ქალაქში, რომ არასრულწლოვანი შვილები მარტო არ დატოვონ უცხო გარემოში.

შედეგად, ამ რეფორმამ კიდევ უფრო დააჩქარა სომხური სოფლების დაცლის პროცესი.

წყაროები: განათლების ეროვნული ინსტიტუტი, სომხეთის სკოლების მასწავლებლები


ასევე წაიკითხეთ