პრეზიდენტმა პოროშენკომ ამ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა" />

უკრაინის რადამ ევროკავშირსა და ნატოში შესვლის სურვილი კონსტიტუციაში ასახა

პრეზიდენტმა პოროშენკომ ამ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა

უკრაინის პრეზიდენტი პიოტრ პოროშენკო უმაღლესი რადას სხდომაზე ნატოსა და ევროკავშირისკენ უკრაინის მისწრაფების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს წარადგენს . 2019 წლის 7 თებერვალი /REUTERS 

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, რომლითაც ევროკავშირში ინტეგრაციის და ნატოში შესვლის კურსი მყარდება. როგორც უკრაინული ტელეკომპანია „ჰრომადსკოე“  იუწყება, ამ გადაწყვეტილებას მხარი 334-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო – 35 დეპუტატი, 16-მა კი თავი შეიკავა. 

• აღმოსავლეთ უკრაინა: ფრონტის ხაზზე პენსიის რიგებში იხოცებიან

• ფრანსუა ფიიონი: საქართველო და უკრაინა ევროკავშირსა და ნატოშო შესასვლელად მზად არ არიან

გადაწყვეტილების მიღებამდე უკრაინის პრეზიდენტი პიოტრ პოროშენკო რადაში სიტყვით გამოვიდა, მან ამ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.

პიოტრ პოროშენკომ უკრაინის ნატოსა და ევროკავშირისკენ მისწრაფების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი უმაღლეს რადაში გასული წლის სექტემბერში დაარეგისტრირა. ნოემბერში კი უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ შეთავაზებული ცვლილებები კონსტიტუციის შესაბამისად აღიარა.

2008 წელს ბუქარესტში გამართულ ნატოს სამიტზე მიღებული დეკლარაციის თანახმად, უკრაინა, საქართველოსთან ერთად, შეიძლება ალიანსის წევრი გახდეს. თუმცა, არც კიევისა და არც თბილისისთვის ნატოს ჯერჯერობით არ გადაუცია წევრობისთვის აუცილებელი სამოქმედო გეგმა (МАР), რომელიც ალიანსის სრულუფლებიანი წევრობისთვის არის საჭირო.   

მოცემულ მომენტში უკრაინას, ასევე საქართველოს, ბოსნიასა და ჰერცოგოვინას ნატოს ასპირანტის არაფორმალური სტატუსი აქვთ მინიჭებული.

როგორც მანამდე პიოტრ პოროშენკო აცხადებდა, უკრაინა ნატოში შესვლას უახლოეს ათ წელიწადში გეგმავს.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას კი უკრაინამ ხელი 2014 წელს მოაწერა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ